მისამართი: ერეკლეს მოედანი, საპატრიარქოს შენობის უკან.
აშენების თარიღი: წინათ ტაძრის მშენებლობის თარიღად XVIII საუკუნეს მიიჩნევდნენ, მაგრამ 1976 წელს ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა საკმაოდ საგულისხმო წვრილმანები წარმოაჩინა. რესტავრატორებმა და არქეოლოგებმა მიაკვლიეს ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ სამ აკლდამას, რომლებიც მათში ნაპოვნ ნივთებთან ერთად გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია აშენებულია არაუგვიანეს XIII-XIV საუკუნისა. ეზოს დასავლეთ ნაწილის გათხრებმა გვიჩვენა, რომ 4-6 მეტრის სიღრმეზე, ნანგრევების ფენებსა და მათზე წაყრილი მიწის ქვეშ არსებობს ძველი სასახლის ნაშთები. სასახლე აგებული ყოფილა დიდი, კარგად ნათალი ოთხკუთხა ქვებისაგან. აღსანიშნავია, რომ ერეკლეს მოედნის ჩრდილოეთით დგას საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII უბრალო სასახლე - ორსართულიანი აივნიანი შენობა. ეს იყო მეფის დროებითი სადგომი აღა-მაჰმად-ხანის ურდოების მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ.
1992 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით კარის წმიდა გიორგის სახელობის ახლად რესტავრირებულ ტაძარში განახლდა წირვა-ლოცვა. გადმოცემით, ძველი ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობის იყო.
ტაძრის რესტავრაციასა და წირვა-ლოცვის აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პირველ წინამძღვარს არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი).
ხატები: ეკლესიაში ძირითადად ახლადდაწერილი ხატებია: წმ. გიორგი, წმ. ნინო და სხვები.
XIX საუკუნის დასასრულისაა რამდენიმე რუსული ხატი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი (ტრიხერუსა), წმიდანი: მარიამ მაგდალინელი, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, ალექსანდრე ნეველი, წმიდა სერაფიმე საროველის ხატი, რომელიც იური და იზა გელაშვილებმა შესწირეს გარდაცვლილი სულის საოხად. ტაძარი მოხატა ხატმწერმა დავით მორგოშიამ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 10, 1999 წ.