მისამართი: მეტეხის აღმართი 1.
ისტორიული ცნობები: ნ. ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა „მეტეხი“ ბერძნული „მეტოქისაგან“ წარმოსდგება, რაც ნიშნავს „ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში“. „მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ამ პერიოდში ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმინდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. რუსუდანის მეფობისას მონღოლებმა დაანგრიეს მეტეხის ტაძარი. ეკლესიის შენობა, რომელიც ღვთიური მფარველობის ნიშნად დაჰყურებს თბილისს, წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულმა აღადგენინა და აქ მონასტერიც დააარსა. XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია.
XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ.
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედოდ იყო. 1979 წლიდან აქ სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია.
1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. მორწმუნეებმა შეაკეთეს გაძარცვული ტაძრის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.
არქიტექტურა: ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება და აგებულია თლილი მომწვანო-რუხი ქვით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს მართკუთხედს, რომლის შუაშიც გუმბათის საყრდენი ოთხი ბურჯია აღმართული. საკურთხევლის მხარეს განლაგებულია სამი ნახევრად ცილინდრული ფორმის აფსიდი. აღმოსავლეთის ფასადს დიდი ჯვარი და სარკმლის ქვემოთ ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს. ესაა სამთავისის ტაძრის ცნობილი სქემა.
საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა და მასში მკაფიოდ აღინიშნება სხვადსხვა ეპოქის კვალი: XIII საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილია აღმოსავლეთისა და ჩრდიოლოეთის კედლები კამარებამდე, დასავლეთის კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.
XVI-XVII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები და სხვა. ერეკლე მეფის დროსაა აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. არის XIX საუკუნის ფენებიც.
ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად შემოწირული ხატებია. შედარებით ძველი ხატებია: კანკელის მაცხოვარი და ღვთისმშობელი, ასევე წმ. ნიკოლოზი, წმ. გიორგი, ყაზანის ღვთისმშობელი. კანკელში მოთავსებულია ლაშა კინწურაშვილის მიერ დაწერილი ხატები ღვთისმშობლის შობისა (ესაა ტაძრის მთავარი ხატი და, საეკლესიო ტრადიციის თანახმად, კანკელის მარჯვენა მხარეს მდებარეობს) და აბო თბილელის, წმ. ნინოსი და წმ. შუშანიკისა. ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოდგენს წმ. შუშანიკის საფლავი. თავდაპირველად წამებული დედოფლის ცხედარი დაბა ცურტავში განისვენებდა. სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით, წმინდანის ნეშტი მეტეხის ტაძარში გადაასვენეს. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას. ხატებიდან აღსანიშნავია წმიდა იობის, სვიმეონ მოციქულის, მთავარანგელოზთა, წმიდათა ზაბულონისა და სოსანას ხატი წმიდა ნინოსთან ერთად.
ტიპიკონი: წირვა-ლოცვა აღევლინება ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე. ყოველ ოთხშაბათს იკითხება კვეთებულისა და ლახვრის ლოცვები. კვეთებულის ლოცვა განკუთვნილია სულიერი სალმობით შეპყრობილთათვის, ხოლო ლახვრის ლოცვა - ფიზიკურად სნეულთათვის. ამ ლოცვებს უკითხავენ ეკლესიურ მორწმუნეს, რომელიც ესწრება წირვა-ლოცვას, ამბობს აღსარებას, ეზიარება და მარხულობს. სულიერი და ფიზიკური განკურნება დამოკიდებულია ამ პირობის დაცვასა და, რა თქმა უნდა, თითოეული ქრისტიანის სარწმუნოებაზე. ცხადად სრულდება მაცხოვრის სიტყვები: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა“. ყველას სარწმუნოებისაებრ მოეგება. სასიხარულოა, რომ გვხვდება სასწაულებრივი განკურნების ფაქტები.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 8, 1999 წ.