წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი

წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი აშენებულია XIX საუკუნის II ნახევარში საავადმყოფოს ტერიტორიაზე და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა საავადმყოფოში მიცვალებულთა წესის აგება.

იგი აშენდა კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის (ნიკოლოზ I-ის შვილის და ნიკოლოზ II ბიძის) დროს. მის საპატივცემულოდ ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირს დაერქვა მიხეილის გამზირი, რომელსაც რევოლუციის შემდეგ პლეხანოვის გამზირი დაარქვეს. ამ გამზირზე აშენებულ საავადმყოფოს კი დღემდე შემორჩა სახელი „მიხაილოვი“.

ბოლო დროს აღმოჩენილი საარქივო მასალებით, 1888-1903 წლებში მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიაში მსახურობდა დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, შემდგომში ეპისკოპოსი სტეფანე, ქართული გალობის დიდი მოამაგე. დეკანოზ ვასილ კარბელაშვილის მოხსენებითი ბარათით სინოდის ობერპროკურორ სომბლეროსადმი ირკვევა, რომ ეკლესიასთან არსებულა დაწყებითი სკოლის შენობა, რომელიც ეგზარქოს პალადის 1889 წლის 21 მარტის განკარგულების საფუძველზე 1889 წლის 12 სექტემბერს გახსნილა. სკოლის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანიათ საავადმყოფოს მთავარ ექიმს მარკ გოლბეკს და მის ქალიშვილ ანნას. ეს სკოლა შემდგომში დამწვარა. აღნიშნული მიმართვით დეკანოზი ვასილი თხოულობდა დახმარებას სკოლის აღდგენაში.

თედო სახოკიას მოგონებები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ალექსანდრე ყაზბეგს წესი მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში აუგეს: „დიმიტრი ყიფიანის შემდეგ საქართველოში ასეთი ამბით მარტო ალექსანდრე ყაზბეგს ეღირსა დასაფლავება! ზღვა ხალხი, ქალი, კაცი შეგროვდა, მწერლობის მსახურნი, საზოგადო მოღვაწენი. კუკიის ხიდთან რომ იყო სამგლოვიარო პროცესიის თავი, ბოლო ისევ მიხეილის საავადმყოფოს სამლოცველოსთან ჩანდა დიდი მთავრის (ამჟამად კამოს) ქუჩაზე“ (თედო სახოკია, „ჩვენი საუკუნის ადამიანები“, გვ.70).

საბჭოთა რევოლუციის შემდეგ ტაძარმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

XX საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერმა, საქართველოში პათოლოგიური ანატომიის დამაარსებელმა, პროფესორმა ვლადიმერ ჟღენტმა, გერმანიიდან ჩამოტანილი სპეციალური პროექტით ტაძარს სპეციალური ლაბორატორია მიაშენა, ტაძარი კი აუდიტორიად გადაკეთდა. ლაბორატორიის შენობაში ფუნქციონირებდა პროზექტურა და სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრა. აუდიტორიად გადაკეთებულ ტაძარში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ლექციებს ისმენდნენ. 90-იან წლების დასაწყისში ეკლესია საპატრიარქოს დაუბრუნდა.

ტაძრის ინტერიერი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. სამუშაოებს ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი ხვთისო შალიკაშვილი და თბილისის ყოველთაწმიდათას ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ შაიშმელაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მათ მხარში ედგათ მშენებელ-რესტავრატორთა ჯგუფი. ტაძრის რესტავრაციის დასრულებამდე მოძღვრები სისტემატურად იხდიდნენ პარაკლისებს.

სარესტავრაციო სამუშაოებმა, თუ არ ჩავთვლით დიდი ფანჯრების ამოშენებას, ტაძარს ძველებური იერსახე შეუნარჩუნა.

ალექსანდრე ცინავა ტაძრის კურთხევას ასე აგვიწერს: „1996 წლის 18 სექტემბერს, დღესასწაულის წინა დღეს, მეუფე ნიკოლოზმა მწუხრის ლოცვა აღავლინა, ზეთი სცხო მრევლს და კურთხევის აღსრულებას შეუდგა. აკურთხა ტაძრის ტრაპეზი, მირონი სცხო მას და სანაწილის წინ ამოკვეთილ ჯვარში წმიდა ნაწილი ჩაასვენა. შემდეგ მირონი სცხო ტაძრის შიდა კედლებს და ტაძარს საზეიმო პროცესიით გარს შემოუარა. ხოლო დღესასწაულის დღეს ტრაპეზს ოდიკი გადააფარა, მირონი სცხო ტაძრის გარე კედლებს... მწუხრის ლოცვისას და ლიტურგიისას განუწყვეტლივ გაისმოდა ზარების რეკვა“. („ტაძრის სიცოცხლე“, გაზ. მადლი. 1996 წ. 25 ოქტ. № 7-8).

მიხეილ თუმანიშვილის ოჯახმა რეჟისორის კოლექციიდან მისი ანდერძისამებრ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარს შესწირა მცირე ზარი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.

ტაძრის კარიბჭე

ეკლესიას ბაზილიკური ფორმა აქვს. ტაძრის შესასვლელზე დაშენებულია ჯვრით დაგვირგვინებული სამრეკლო. სამრეკლოზე ასვლა შესაძლებელია ტაძრის შესასვლელის მარჯვენა გარეთა მხრიდან გაკეთებული რკინის კიბეებით. სამრეკლოდან კარები ტაძრის დასავლეთის მხარეს მგალობელთათვის მოწყობილ ქოროს უკავშირდება. აფსიდზე მაცხოვრის ფრესკა მოხატულია მოსაშვილის მიერ, ხოლო დანარჩენი ნაწილი დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ მოხატა.

ტაძრის ეზოს კარიბჭის თავზე ეზოს შიდა და გარე მხრიდან ჩასმულია მთავარანგელოზ მიქაელის ფრესკა, ჭიშკარი ხისგანაა დამზადებული, რომელზეც წმინდანთა ხატებია ამოკვეთილი. კარები დამშვენებულია ამოკვეთილი ჯვრებით და სხვადასხვა ქართული ორნამენტით. კარიბჭე დაგვირგვინებულია ჯვრით.

ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მასთან ერთად მსახურობენ დეკანოზი ზაქარია გოჩიტაშვილი და მღვდელი კახაბერ კურტანიძე. ტაძრის გამგებელია ექიმი დავით გოგუაძე.

ტაძრის კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. დაგეგმილია ტაძრის მოხატვის დასრულება, ახალი იატაკის დაგება და ტაძრის ეზოში არსებული შთაფლვით ნათლობის სანათლავი ავზის დასრულება, რომელიც შადრევნის ფუნქციასაც შეასრულებს.

ტაძარში ყოველ ორშაბათს 16 საათზე აღესრულება მთავარანგელოზ მიქაელის პარაკლისი.

წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის მეოხებით ღმერთმა დაიფაროს საქართველო შინაური და გარეშე მტრებისაგან, ამინ.

გიორგი მაჭარაშვილი
გაზეთი მადლი. 2003 წ. №10-11.

ტაძრის ფრესკები


შობა


მირქმა

ნათლისღება


აღდგომა


იუდას ამბორი

ლაზარეს აღდგინება

ხარება

ბზობა


აღდგომა