მისამართი: ჩიტაძის ქ. № 9.
ტელეფონი: 98-93-03.
ისტორია: ტაძრის აშენება დაკავშირებულია კავკასიის მთავარმართებლის მეუღლის ელისაბედ ვორონცოვის სახელთან. ეკლესია ეკუთვნოდა კეთილშობილს ქალთა სასწავლებელს და უნდა აგებულიყო მე-19 საუკუნის 40-50-იან წლებში. ტაძარი ორსართულიანია და არქიტექტურულ-კომპოზიციური დაგეგმარებითი თვალსაზრისით საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ხუროთმოძღვრის ვინაობა უცნობია. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში ჯერ სკოლის შრომის კაბინეტი ფუნქციონირებდა, შემდეგ - სპორტული დარბაზი. 1988 წელს ეკლესიის ქვეშ აღმოაჩინეს მიწით ამოვსებული ქართული აგურით ნაგები შენობა დასავლეთის კედელზე გამოხატული თახჩებით. არსებობს ვარაუდი, რომ შენობა წარმოადგენდა ძველ აფთიაქს და შემდეგ ეკლესიის საძრიკვლად იქნა გამოყენებული. 1990 წელს ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმა თეიმურაზ ჩაჩიბაიამ მრევლთან ერთად აღადგინა შენობის ქვედა ნაწილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ტაძრის ქვედა ნაწილს წმიდათა მირიანისა და ნანას სახელი ეწოდა. 1991 წლის 30 მარტს (ლაზარეს შაბათს) აქ პირველი წირვა შესრულდა.
ღვთისმსახურნი: ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია. ტაძარში მსახურობენ აგრეთვე მღვდელი დავით ქვლივიძე, მღვდელი გელასი ნატროშვილი და მღვდელი მიქაელ ბუკია.
ტიპიკონი: წირვა ტარდება კვირას და დიდ დღესასწაულებზე. კვირის რომელიმე დღეს აღევლინება შეკვეთილი წირვა. მწუხრი იწყება საღამოს 4 საათზე, დილის 9 საათზე აღევლინება ცისკარი, რომელსაც მოებმის ლიტურგია.
ხატები: წმიდათა მირიანისა და ნანას ეკლესიის საკურთხევლის ჭერი მამა თეიმურაზის მიერაა მოხატული. აღსარების ოთახის კედელზე გამოსახული მფარველი ანგელოზის ფრესკაც მამა თეიმურაზს ეკუთვნის. მის მიერაა შესრულებული წმიდა ნინოს, ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმიდა ნანასა და მირიანის ხატები. უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარში დაცულია მხოლოდ ახლადდაწერილი ხატები და ასლები.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 31, 1999 წ.