მისამართი: ჯავახიშვილის ქ. № 69
ისტორია: ტაძარი აშენდა 1864 წელს, მშენებლობა მორწმუნეთა პირადი შენაწირებით, აგრეთვე - რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა. ტაძარი აგურით აშენდა. ეზო რკინის ცხაურით შემოირაგა. 1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთის და აღმოსავლეთის მხრით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივით შესრულდა - საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით.
ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში - რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მირონცხების პატივსაცემად. ამ ეკვდერის მშენებლობა მთლიანად მრევლის შემოწირულობებით განხორციელდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აშენდა გლამაზდინების ოჯახის მიერ.
მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რომელიც 1913 წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.
1988 წელს ტაძარი ხელახლა შემოიღობა, დაიდგა ახალი კარიბჭე, სანთლების გასაყიდი ჯიხური, გარემონტდა კანცელარია, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე დაეგო ქვის ფილები.
ხატები: ტაძარში დაბრძანებულ ხატთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სმოლენსკის ღვთისმშობლის, წმ.ალექსანდრე ნეველის, თეოდორესეული ღვთისმშობლის, წმ.დიდმოწამე პანტელეიმონის, ღვთისმშობლის საფარველის, წმ.სერაფიმე საროველის, ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა ნუგეში“, წმ.ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის და სხვათა ხატები.
ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელის და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 34, 1999 წ.