თამთა ჭანტურიას ფოტო |
მისამართი: ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. № 7.
ტელეფონი: 95-95-00.
აშენების თარიღი: ტაძარი აგებულია 1850-იან წლებში დეკანოზ პეტრე იმნაძის მიერ. კომუნისტური დიქტატურის პირველ წლებში ეკლესია დაიხურა. სამოციანი წლების დასაწყისში ტაძრის შენობა გამოყენებული იყო ფირფიტების საწყობად. შემდეგ ეკლესია დაიკავა „ფოლკლორის თეატრმა“. საკონცერტო სცენა მოწყობილი იყო უშუალოდ საკურთხეველში. ამ საშინელი მკრეხელობის გამო ანსამბლის ზოგიერთი წევრი დაისაჯა სხეულის დაზიანებით. ღვთის უსაზღვრო მოწყალებით, მათ სასიკვდილო განსაცდელი არ შეხვდათ. რამდენიმე ადამიანმა ცოდვა მოინანია და წმიდა ზიარება მიიღო. 1991 წელს ტაძარში ღვთისმსახურება განახლდა. ეკლესიის რესტავრირება მოხდა დეკანოზ გრიგოლ გოცირიძის ძალისხმევითა და პირადი დანაზოგით.
არქიტექტურა: ტაძარი წარმოადგენს გუმბათოვან ბაზილიკას გვიანდელი მინაშენებით.
ხატები: ტაძარში დაცულია მხატვარ გიგო ზაზიშვილის ფრესკები. ზოგიერთი მათგანი შესრულებულია საეკლესიო კანონიკის გვერდის ავლით. ფრესკათა ნაწილი დაზიანებული და წაშლილია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თბილისის სხვადასხვა ტაძრებიდან შეგროვდა ხატები წმიდა ნიკოლოზის ეკლესიისათვის. მათგან აღსანიშნავია მე-19 საუკუნის (ან იქნებ უადრესი) რუსული ხატები: მაცხოვრისა, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა, ვედრების ხატი - იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის თანხლებით, ღვთისმშობელი - „წყარო ცხოვრებისა“, წმიდა ალექსანდრე ნეველისა, წმიდა მიქაელისა და დედოფალ ალექსანდრასი, წმიდათა მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი, წმიდა გიორგისა. საყურადღებოა წმიდა თამარ მეფის, წმიდა ნინოსა და წმიდა აბო თბილელის ფრესკები.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 19, 1999 წ.