მისამართი: ჩიტაძის ქ. № 9.
ტელეფონი: 98-93-03.
ისტორია: 1850 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში ათონის ივერთა მონასტრის ბერებისადმი კავკასიის მეფისნაცვლის მეუღლე ელისაბედ ვორონცოვა აღნიშნავს, რომ ათონიდან საჩუქრად ჩამოტანილი ივერიის ღვთისმშობლის ხატი შესწირა თბილისის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის წმიდა ნინოს ეკლესიას. თავადის მეუღლემ 1846 წელს დააარსა წმიდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი თავადაზნაურთა და ოფიცერთა ქალიშვილებისათვის. როგორც ჩანს, ამავე პერიოდში უნდა აშენებულიყო ეკლესიაც.
არქიტექტურა: ტაძარი წარმოადგენს აგურით ნაშენ სამნავიან ბაზილიკას. კარიბჭის ზემოთ მიშენებულია სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც ეყრდნობა რვა სვეტს. ეკლესია ორსართულიანია. ხუროთმოძღვრის ვინაობა ჩვენთვის უცნობია. ტაძრის ქვედა სართულზე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს წმიდათა მირიან და ნანას სახელობის ეკლესია. წმიდა ნინოს სახელობის ზედა ეკლესიაში არქიტექტორ რევაზ ცხადაძის პროექტით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელიც თბილისის მერთან ხელშეკრულებით ჩატარდა. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდან სამხრეთისაკენ გადაანაცვლეს. ამიტომ სამხრეთით ეკლესიას მრევლმა ახალი ფლიგელი მიაშენა, რომელიც ძველი შენობის სტილს იმეორებს. მრევლის მიერ განახლდა ეკლესიის გადახურვაც. ტაძარში ორი ტრაპეზია: წმიდა ნინოს სახელობის და წმიდათა ზაბულონისა და სოსანას (წმიდა ნინოს მშობლების) სახელობისა. 1999 წლის 26 მაისს ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ეკლესიაში კვლავ შესრულდა წირვა-ლოცვა.
ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად დაწერილი ხატები და ასლებია.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 30, 1999 წ.