მისამართი: ნ. ჩხეიძის ქ. №32 (ჩუღურეთი)
ტელეფონი: 96-93-95
აშენების თარიღი: ამ მხრივ ტაძრის შესახებ ძალზედ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. როგორც ვარაუდობენ, ტაძარი აშენებული უნდა იყოს XVII საუკუნის ბოლოს ან XVIII საუკუნეში. ტაძარი აგურით ნაშენები სამ ნავიანი ბაზილიკაა. როგორც ჩანს, მას დასავლეთის მხრიდან სამრეკლო ჰქონდა მინაშენი, რომელიც დღეს აღარ არსებობს.
კომუნისტური დიქტატურის დროს ტაძარი დაიხურა. იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზნით იქნა გამოყენებული უღმერთო მთავრობის მიერ. ბოლოს კი იგი საცხოვრებელ სახლად იქნა გადაკეთებული. აქ მაცხოვრებელთაგან მრავალი ადამიანი ჩავარდა სატანჯველში. 1978-79 წლებში მთავრობამ ტაძრის შენობიდან გამოასახლა მობინადრეები და იგი ჯერ სამხატვრო გალერეას დაუთმო, შემდეგ საკონცერტო დარბაზად აქცია, სადაც ძირითადად სასკოლო თვითმოქმედებას წარმოადგენდნენ.
ტაძრის განახლება 1989 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც იგი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. 1991 წლის 26 იანვარს ტაძარი აკურთხეს, ხოლო 27 იანვარს ჩატარდა საზეიმო წირვა. ლიტურგიის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი აღავლინა. ტაძრის აღდგენის საქმეს სათავეში ედგა დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი, რომლის დიდი ძალისხმევის შედეგადაც ტაძარი დღეს ფუნქციონირებს.
ეკლესია პირველად 1996 წელს მოიხატა (მხატვარი ირაკლი ცინცაძე), მაგრამ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ტაძრის კედლები და შესაბამისად ფრესკებიც ძლიერ დაზიანდა, რის გამოც იგი ხელმეორედ მოხატეს (მხატვრები: ირაკლი ცინცაძე და გიორგი ტეტენაშვილი). ფრესკებზე ასახულია უდიდესი საუფლო დღესასწაულები, წმიდა ნინოს ცხოვრების ეპიზოდები, ასურელ და მთაწმინდელ მამათა, ქართველ მეფეთა, მოციქულთა და მოწამეთა ხატები. ეკლესიაში დაცულია ახლად დაწერილი ხატები და ასლები.
ღვთის მსახურნი: ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი და მღვდელი გიორგი ფხაკაძე.
ტიპიკონი: წირვა აღევლინება ყოველ შაბათსა და კვირას, დიდ დღესასწაულებზე და ასევე თვეში ერთხელ პარასკეობით - მიცვალებულთათვის, ყოველ ხუთშაბათს 1 საათზე იკითხება წმინდა ნინოს პარაკლისი.
ტაძრის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ამავე ტაძრის მრევლმა
შეივსო გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანიდან“ (№20, 1999 წ.).