ბიბლიაში სიტყვა „აბორტი“ ან მისი სინონიმი არ გვხვდება, მაგრამ ამ დამღუპველ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად ნათელი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია.
ძველ აღთქმაში ნახსენები მუცლის ხელოვნური მოშლა რაღაც შემთხვევის გამო, განიხილება, როგორც დანაშაული: „თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ“ (გამოსვლ. 21, 22).
აბორტი ძველ სამყაროში ცნობილი იყო. მას ახსენებს არისტოტელე, ჰიპოკრატე, ოვიდიუსი. შეუძლებელია ძველ ისრაელელებს არ სცოდნოდათ მის შესახებ და როგორც ჩანს, მუცლის ხელოვნური მოშლა გავრცელებული იყო არა მარტო ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ამისდა მიუხედავად, მუცლის ხელოვნური მოშლა არსადაა ნახსენები არც მოსეს სჯულში, არც წინასწარმეტყველებში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძველ იუდეველს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა მოესპო საკუთარი შთამომავლობა, მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები ხშირად ივიწყებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და მსახურებდნენ კერპებს.
ბიბლიაში სრულიად ცხადად და არაორაზროვნად განცხადებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების წამიდან, არამედ მისი ჩასახვიდან: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5).
„...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5).
მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15).
„განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15).
ისააკს სახელი ეწოდა ჩასახვამდე: „უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს...“ (დაბ. 17, 19).
იოანე ნათლისმცემელს სახელი დაბადებამდე ეწოდა: „...ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე“ (ლკ. 1, 13).
უფლის ანგელოზი ხარების დროს ღვთაებრივ ყრმას სულიწმიდის მიერ მარადქალწულის საშოში მის ჩასახვამდე უწოდებს სახელს. „...და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე და უწოდი სახელი მისი იესო“ (ლკ. 1, 31).
და თუკი ბიბლიაში ცხადად არის გამოთქმული აზრი, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვის წამიდან იწყება, მაშასადამე, აბორტი, ორსულობის ნებისმიერ სტადიაში მკვლელობაა. მცნება „არა კაც-კლა...“ (II სჯული 5, 17), უეჭველად, მუცელში მოწყვეტილ ჩვილებსაც ეხება.
„...რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 3, 15).
„თუ ვინმე კაც რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი, მკვლელის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ (რიცხვთა 35, 16).
„ნუ დაღვრით უბრალო სისხლს...“ (იერემ. 7, 6).
„წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი...“ (II სჯ. 27, 24).
ხოლო რაც შეეხება იმ ექიმებს, ვინც აბორტებს აკეთებს, მათ შესახებაც ცხადად წერია ბიბლიაში: „წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად!“ (II სჯული 27, 25). ხოლო სჯულიერ ადამიანებს მოუწოდებს წმიდა წერილი: „იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი“ (იგავნი 24, 11).
მუცლის ხელოვნურად მოშლა ყველა მსოფლიო რელიგიის მიერ ბავშვის მკვლელობად არის მიჩნეული.
ეკლესია ყოველთვის გმობდა მუცლის ხელოვნურად მოშლას. ანკირიის კრების 21-ე კანონის თანახმად: „მეძავი დედები, რომლებიც საწამლავს ამზადებენ და თავის ნაყოფს სპობენ, ადრინდელი კანონის მიხედვით სიკვდილამდე არ დაიშვებოდნენ (წმიდა საიდუმლოთა) ზიარებაზე. ხოლო ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი კაცთმოყვარება გამოვიჩინოთ და განვსაზღვრავთ, რომ მათ 10 წელი უნდა შეასრულონ (ეპიტიმიის) დაწესებულ ხარისხთა მიხედვით“.
VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი: „ქალებს, რომლებიც ჩვილებს სასიკვდილო წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ“.
წმიდა ბასილი დიდის II კანონი: „წინასწარი განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი ედება. ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ ჩასახულია და ბოლომდე არის თუ არა ჩამოყალიბებული მოწყვეტილი ჩვილი. აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებლის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი, რადგან ამ მიზეზით მრავალი ქალი კვდება. ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცის კვლისა. ვინც ამას წინასწარი განზრახვით გაკეთებას ჩადენას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ მისი შეწყნარება შეიძლება 10 წლის შემდეგ. მათი სრულად განკურნება ბრალისაგან შეუძლია არა დროს, არამედ სინანულის სახეს“.
წმიდა ბასილი დიდის VIII კანონი: „...ისინი, ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემენ, კაცის მკვლელნი არიან და მათთან ერთად იგივე ბრალი ედება მიმღებსა და მომხმარებელს მათგან მომზადებული საწამლავისა...“
მკვლელია არა მარტო ქალი, რომელიც ხელოვნურად მოიშლის მუცელს, არამედ ექიმიც, რომელიც მას ამგვარ ოპერაციას გაუკეთებს, ან ამ მიზნით, მისცემს მას რაიმე წამალს. მკვლელია ქმარიც, როდესაც იგი თანხმდება (ან ხელს არ უშლის) ცოლს მუცლის მოშლაზე. მკვლელებია ისინიც, ვინც ურჩევს ქალს მოიშალოს მუცელი, ვინც ავრცელებს აბორტის რეკლამას; ვინც იბრძვის აბორტის ლეგალიზაციისათვის, აწარმოებს და ყიდის მუცლის მოსაშლელ პრეპარატებს.
თანამედროვე ეკლესია მუცელში ჩვილის მოწყვეტის გამო ხანგრძლივ ეპიტიმიებს არ ადებს. ამ ცოდვის სიმძიმე არ განისაზღვრება ორსულობის რომელ სტადიაში იქნა მოკლული ნაყოფი. ეს ცოდვა არის დანაშაული უფლის წინაშე და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას წარმოადგენს.
მუცლის ბუნებრივად მოშლის შემთხვევაში ქალს მღვდელი უკითხავს საგანგებო ლოცვას, რომელიც თავისი შინაარსით სინანულის ლოცვაა. ხოლო აბორტის შემდეგ ამ ლოცვის წაკითხვას არანაირი საეკლესიო-კანონიკური საფუძველი არ აქვს.
ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა
მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 51 (204), 2002 წ.