არქიმანდიტი ლაზარე (აბაშიძე)

ბილწსიტყვაობა

ბილწსიტყვაობა ჩვენს დროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვაა, რომელიც საკმაოდ მძიმე და ამაზრზენია, მავნებელია სულისთვის და შეურაცხმყოფელია ღვთისათვის. თუმცა ის ზედაპირული შეხედვით უმნიშვნელო, ადვილად საპატიებელი და უვნებელი ჩანს გარშემომყოფთათვის. მართლაც, როცა ადამიანი ბილწ სიტყვას წარმოთქვამს, არანაირ ფიზიკურ ცვლილებას არ განიცდის. თითქოს არც მისი ჯანმრთელობა უარესდება და არც ენა უსივდება. თუ უხამს სიტყვას ხმამაღლა წამოვიყვირებთ, არც კედლები დაგვექცევა თავზე... მაგრამ ამგვარი წინდაუხედავი წამოძახილი ხშირად ჩხუბის მიზეზი ხდება, ამას კი შედეგად ფიზიკური დაზიანება ახლავს თან - კაცი ხან დალურჯებულია, ხან კბილებჩამტვრეული, ხან კი უარესი ემართება. მაგრამ სულიერ სფეროში გაცილებით მძიმე, საშინელი და მომაკვდინებელი შედეგები მოსდევს ბილწსიტყვაობას და ამას ჯერ-ჯერობით ბევრი ვერ ხედავს.

შემთხვევითი როდია, რომ სატანა ესოდენ იღწვის ამ საძაგელი ზნის ხალხში ფართოდ გავრცელებისთვის. ხილული სამყაროს დანარჩენ არსებათაგან განსხვავებით ადამიანს ხშირად სიტყვიერ ქმნილებას ვუწოდებთ, მაშინ როდესაც ცხოველებს პირუტყვს ვარქმევთ. მეტყველების უნარი ადამიანმა ყოფიერებასთან ერთად მიიღო. ადამიანში ხატება ღვთისა სწორედ სიტყვაში - როგორც გონების ორგანოში აირეკლება. წმ. მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი ამბობს: შევეკითხოთ საკუთარ თავს - „სად არის სიტყვის სათავე?“ - ზეცაზე, ზეცაზე მაღლა, მარადისობაში, ღმერთში. რა არის სიტყვის ღირსება? - ღვთაებრიობა: „ღმერთი იყო სიტყუაჲ“. „სიტყვამ ადამიანი ქმნილებათა კიბეზე ყველა მიწიერზე მაღლა დააყენა, მზესა და მთვარეზე მაღლა; შექმნა ქალაქები და სამეფოები; სიტყვაში ცოცხლობს, მოქმედებს ცოდნა, სიბრძნე, კანონი; სიტყვა წარმოშობს, ახალისებს და ავრცელებს სათნოებებს, სიტყვა ლოცვაში ღმერთამდე ადის, საუბარს მართავს მასთან და შეისმინება მისგან“.

აბა, დედამიწაზე კიდევ რომელ ქმნილებას ძალუძს, თუ არა ადამიანს, სიტყვიერად იაზროვნოს, სიტყვით გამოხატოს თავისი გრძნობები, აზრები, იდეები, ასახოს შინაგანი სამყარო, განცდები, სულიერი მისწრაფებანი და მოყვასს გაუზიაროს ისინი. ღვთის სიტყვა და საქმე განუყოფელია „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფს. 32,9). მაგრამ მცდარი იქნება ვიფიქროთ, რომ თითქოს, ადამიანის სიტყვა ქმედითი არ არის, უშედეგო და „უქმია“; რომ იგი უფრო ხშირად ცარიელი ხმაა, მხოლოდ ჰაერის რხევაა და უკვალოდ გამქრალი აჩრდილია. ამას ხალხური ანდაზაც მოწმობს: „სიტყვა ჩიტი ნუ გგონია, თუ გაფრინდა - ვერ დაიჭერ!“- ე.ი. ის ცოცხალ ფრინველზე უფრო რეალურია, ბაგეებზე იშვა და თუ არ შეაკავე, უმყოფობაში ვეღარ დააბრუნებ, მაგრამ ამ ნიჭის მბოძებელი უფალი რაოდენ უფრო მკაცრად ამბობს წმიდა სახარებაში: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მთ. 12,36-37). ყოველ ჩვენს უგუნურ და მით უმეტეს ავ სიტყვას მთელი რიგი ცუდი შედეგები მოჰყვება, ეს სიტყვა შემდგომ საქმედ იქცევა. დავუფიქრდეთ: აი, ჩვენ სასარგებლოდ და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სასულიერო პირთაგან კურთხევის აღება, ვაკურთხებინებთ ხოლმე მღვდელს რაიმე საგანს, ლოცვის წარმოთქმით ჩვენ თვითონ ვაკურთხებთ საზრდოს, გვწამს, რომ სასულიერო პირისაგან დაუსწრებელი დალოცვაც კი სულიერ ძალას და ნუგეშს გვაძლევს. გვჯერა, რომ ვინმე ღვთისათვის სათნო მლოცველის კელიაში ნამყოფი ნივთი ნაკურთხი ხდება, ვამბობთ, რომ „ნალოცია“. ვიტყვით ხოლმე: „ნალოცი ტაძარი“, „ნალოცი ხატი“, „ლოცვით ნაკურთხი ადგილი“ და ა.შ. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ სხვადასხვა ჯადოქრები, მკითხავები, ექსტრასენსები თავიანთი ბუტბუტით, თილისმობით, ჯადოქრობითა და „შელოცვებით“ საგნებზე, სახლებზე და ადამიანებზე უწმინდური ძალებით, წყევითა და ბოროტი ენერგიით ზემოქმედებენ. ასე რომ, ნივთზე წარმოთქმული სიტყვა უხეშ მატერიასაც კი ერთგვარ სულიერ მუხტს გადასცემს და საგანი მისი მფლობელისათვის ან დალოცვილი და ნაკურთხია, კეთილდღეობის, სიკეთის, მშვიდობისა და ბედნიერების მომტანია და მას ავი სულის განდევნის ძალაც კი შესწევს; ან შეიძლება დაწყევლილი, წაბილწული, მოჯადოებული, ბოროტებისა და ცდუნების მატარებელი იყოს, გახდეს ცუდი ენერგიების მისაზიდი მაგნიტი, შეიძლება დემონური ძალების შესაღწევ საძვრომელად იქცეს, იყოს მწუხარების, მტრობის, ჩხუბისა და უბედურების დამთესი და მისთ. ამის მსგავსია ბილწსიტყვაობაც, მით უმეტეს ეშმაკის წარამარად ხსენება, სხვადასხვაგვარი ფიცი და ავსიტყვაობა - ბილწადმოუბრის ირგვლივ თვით ჰაერსაც კი წამლავს, რომელიც ვნებათა მხუთრითა და ჯოჯოხეთის სიმყრალითაა გაჟღენთილი. ჭეშმარიტად სულიერი ადამიანი მიახლოებისთანავე შეიგრძნობდა ამ სიმყრალეს და განჭვრეტდა ამ სიბნელეს.

აქ მხოლოდ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ადამიანი საკუთარ ბაგეებს, სულს იბილწავს და სულიწმიდას განაძევებს თავისგან: (ვგონებ აღარ უნდა იყოს საჭირო საუბარი იმაზე, რომ ქრისტიანი, რომელიც დილა-საღამოს ღვთისადმი ლოცვას აღავლენს, ცოდვათა მიტევებასა და სულიწმიდის გარდამოსვლას ევედრება, ეზიარება იმის იმედით, რომ გარდაიქმნება, ახალ ადამიანად იშვება და ახლად დაიბადება ქრისტეში, სწორედ იმავე ბაგეებით ბილწ და მკრეხელურ სიტყვებს არ უნდა წარმოსთქვამდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მთელ თავის შრომას წყალში ყრის, განდევნის თავისგან ყოველგვარ სულიერ სიკეთეს და წმიდა ზიარების შემდგომ უფრო მსჯავრდებული და დამნაშავე ხდება თავისი უფლის წინაშე) - არა, საქმის ვითარება გაცილებით უარესია! - ბილწ სიტყვათა მთქმელი რაღაცა წილად ჯადოქრების, გრძნეულების, შემლოცველებისა და მოგვების საქმის მიმდევარი ხდება ე.ი. სატანური ენერგიის ჩვენს სამყაროში გამტარ არხად გადაიქცევა. სატანამ წააქეზა ადამიანები, რათა მათ ყველანაირ ბილწ სიტყვათა კონსტრუქციების, გამონათქვამებისა და სიტყვათშეთანხმების მთელი ლექსიკონი გამოეგონებინათ, რომელიც უკვე მთელ სისტემას ქმნის და „შავ სიტყვათა“ სრულ და „მდიდარ“ კრებულს წარმოადგენს. ეს სიტყვები ნამდვილი დაგმობა და შელახვაა ყველაფერი იმისა, რაც კი რაიმე სახეობაა და გამოვლინება არსებობს სიკეთისა, პატიოსნებისა და სიწმინდისა ამ ქვეყანაზე.

ყოველი ასეთი ლანძღვა ღვარძლიან, სარკაზმულ დაცინვას შეიცავს რომელიმე დიდი ან მცირე სიწმინდის მიმართ, ეს იქნება რწმენის, ზნეობისა და მორალის სფეროში. ეს „უბრალოდ გონებამახვილ სიტყვათა თამაში“ როდია. ერთი შეხედვით, ეს ყველაზე აბსრუდული და უაზრო ბინძურ სიტყვათა შეთანხმებაა, მაგრამ სინამდვილეში აქ ბნელი, შორს ფესვგაადგმული „აზრიც“ დევს. ეს ანტიმორალის, ანტისიკეთისა და ანტიადამიანობის ერთგვარი „სკოლაა“. ამ „სკოლას“ თავისი „ჟანრები“, „კლასიკა“, პოეზია და პროზა აქვს, თავისი „გმირებიც“ ჰყავს. ჰყავთ იქ თავისი „მუზაც“ - ამ ხელოვნების სულის ჩამდგმელი - ყოველივე ღვთაებრივისადმი სიძულვილით განმსჭვალული, ყველა სახის სიკეთის, ყოველგვარი პატიოსნებისა და სილამაზის „ფეხქვეშგამთელი“, ყველაფრის წართმევისა და გაუფასურების მსურველი თუ კი რამ ფასეულია ჩვენს თვალში.

დღესდღეობით ყველაზე მეტად გავრცელებული და ფესვგადგმულია ე.წ. „დედის გინება“, რომელიც უკვე ბილწსიტყვაობის მთელ შტოს წარმოადგენს და სპეციალიზირებულია ისეთ სათნოებათა შებღალვასა და ბოროტ დაცინვებზე, როგორიცაა ქალწულობა, ქორწინება და შვილოსნობა. ამ გინებათა სახელწოდებანი (ადამიანთა სამარცხვინოდ) წარმოიშვება სიტყვა ღმერთის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე წმინდა სიტყვისაგან - დედა. ქრისტიანისათვის ეს ცნება ორმაგად წმინდაა: ჩვენს ეკლესიას - დედაეკლესია ჰქვია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს - დედა ღვთისა, დედათი მივმართავთ წმიდა ღირს დედებს. მაგრამ აი, ამ სიწმინდის შესაბღალავად ასობით სიტყვათ-შეთანხმებაა შედგენილი, რომელიც ყველაზე ამაზრზენ ფორმით არის გამოხატული. ნაცვლად იმისა, რომ მორიდება და მოკრძალება ჰქონდეთ იმ უდიდესი საიდუმლოს მიმართ, რაც ადამიანის ჩასახვა და ამქვეყნად მოსვლაა და რომელსაც სიცოცხლეს უნდა ვუმადლოდეთ, ეს გუშინდელი ღლაპები დგანან და იფურთხებიან, უფრო მეტიც, უკანასკნელ დამცირებებს ამოანთხევენ საკუთარი დედების მისამართით. ხოლო ახალი სიცოცხლის ჩასახვის თვით საიდუმლოებას გამუდმებული ლანძღვისა და დაცინვის საბაბად აქცევენ. რასაკვირველია, ეს არ ხდება სატანის შთაგონების გარეშე. საკუთარი დედის ყველაზე უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება და საკუთარი ძმისთვის ან ვაჟისთვის „დედის შეგინება“ უკვე მოდურიც კი გახდა. მრუშობის ყველანაირი გარყვნილება, დამახინჯებული, მანიაკალური ავხორცული გამოვლინებანი - ის, რაზეც უწინ მხოლოდ ჩურჩულით თუ იტყოდნენ ექიმი ფსიქიატრები, მსჯელობდნენ რა თავიანთი შეურაცხადი პაციენტის ქცევაზე, ახლა ასეთი ქცევები ლაკონურ სიტყვიერ გამონათქვამებშია შეფარული, რომელსაც რატომღაც უაზროდ წამოისვრიან სადაც მოუხვდებათ - ბაზარში იქნება თუ ქუჩაში, სახლში თუ კრებაზე, ქალებთან თუ ბავშვებთან. ისინი, თითქოს, ამ უხამსობით თავიანთი მეტყველების „შუქ-ჩრდილებით“ „შელამაზებას“ ცდილობენ. რა არის ეს? სიკეთისა და ბოროტების განსხვავების ფეხქვეშ გათელვა? ნიცშეს ზარათუსტრა დააბიჯებს მიწაზე? ეს რა არის? თვითგანადგურება? თვით სიცოცხლისადმი სიძულვილია? ეს, რა თქმა უნდა, ხილულ სამყაროში ადამიანთაგან გადმონთხეული იმ უხილავი სულის უზომო სიძულვილია, რომელსაც თავად ღმერთმოძულეს, - ღვთისაგან შექმნილი მთელი სამყაროც სძაგს და პირველ რიგში, ხატება ღვთისა - ადამიანი! სძულს მას ყველა და ყველაფერი, უმცირეს მოლეკულამდე, ეზიზღება მას ყოველგვარი კავშირი, კანონი, წესრიგი, პატივი, ყოველივე, რაც ფასეული და მნიშვნელოვანია ამ ღვთისაგან ქმნილი სამყაროსათვის.

აი, ბილწსიტყვაობამ კიდევ განავითარა „ჟანრების“ მთელი რიგი. მათ შორის „ძველბიჭური პოეზია“, „შავი ანეკდოტები“, ბილწი ანდაზები და სხვა, სადაც უფრო „დახვეწილ“ და „პოეტურ“ ფორმებში იგივე თემაა გაშლილი. ასეთ „ქუჩურ კულტურას“ უკვე ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელიც პირდაპირ ტკბება ამ პოეტიზირებული უხამსობით. საკმაოდ პოპულარული გახდა „სადისტური ანეკდოტების“ მთელი სერიალი, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლიანი ტრაგედიის რაიმე სცენარი რაც შეიძლება სასაცილო ფორმით იყოს წარმოდგენილი. ამ ანეკდოტების „განუმეორებელი გემო“ საპირისპირო გრძნობათა უცნაურ შეთავსებაში იმალება, ის, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში თავზარს უნდა გვცემდეს, რატომღაც ჩვენში სიცილის ბნედას იწვევს. რასაკვირველია, ეს იგივე „სამზარეულოა“! სატანა კაცობრიობის ზედ ხერხემალზე როკავს. ჩვენი უტვინო ხარხარის ქვეშ ყველაზე ძვირფასს, მთავარს, საჭიროს, ადამიანურს თელავს. ჩვენ კი ამ ყოველივეს იუმორს, მახვილსიტყვაობას, სალაღობო „პილპილმოყრილ“ სიტყვას ვუწოდებთ.

... კიდევ უამრავის თქმა შეიძლებოდა ამ ვნების მახეთა შესახებ, მის ღრმა ფესვებზე, რომლებსაც ჯოჯოხეთის გულიდან ამოაქვს წვენი. მაშინ უნდა გადავწვდომოდით თანამედროვე „კულტურას“, თანამედროვე ხელოვნების სფეროს (რომელნიც რაღაც მომენტიდან თავის იდეალებს, „რომანტიკას“, „მუზას“, აღმაფრენას, ენას და სტილს - ქურდულ სამყაროსა და ქუჩის ვიგინდარებში პოულობენ), კინოსა და თეატრს, გაზეთებსა და ტელევიზიას, „ოფიციალურ პირთა“ გამოსვლებს, სხვადასხვა პარლამენტარებსა და სხვა. როგორც ჩანს, „ქუჩური კულტურა“ უკვე „მაღალ წრეებშიც“, ჩვენს „ინტელიგენციაშიც“ და სამწუხაროდ, ზოგიერთ „ქრისტიანთა“ შორისაც კი კარგ ტონად ითვლება... მაგრამ ზემოთქმული სრულიად საკმარისია მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სწყურია სულის ცხონება. ქრისტესთან მიახლება ვისაც სურს, თავზარდაცემული უნდა გაექცეს ამ ეშმაკის „სამზარეულოს“ და ამ ცოფიანი ძაღლების ყეფას, საკუთარ ბაგეებს მკაცრი აღვირი დაადოს და ღმერთს ევედროს: „დასდევ, უფალო, საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 140) „ვიმარჴნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“ (ფს. 38).