ეკლესიური ცხოვრების გზაზე შემდგარ ადამიანს ეშმაკი ყოველი მხრიდან უგებს მახეს. ძნელი სათქმელია, რა უფრო ძნელია დაძლიო - მრუშობა, პარვა, ცილისწამება, - თუ მოერიო მათი ძლევით გამოწვეულ ამპარტავნებას. სწორედ ამ ოქროს შუალედის დაცვაა ქრისტიანის მთავარი საზრუნავი.
ეკლესიური ცხოვრებით გამოწვეული ამპარტავნების ყველაზე საშიშ გემოვლინებაზე - ხიბლზე გვესაუბრება წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი.
- მამაო, რა არის ხიბლი?
- ვფიქრობ, აჯობებს, ჯერ ორიოდე სიტყვით ცოდვის არსი განვმარტოთ. ცოდვა რელიგიური კანონების დარღვევა, ღვთის სიტყვისადმი დაუმორჩილებლობაა. ის რელიგიური ცნებაა და მხოლოდ მათ მიმართ გამოიყენება, ვინც იღებს ქრისტიანულ კანონს, სწამს ღმერთი და მისი მაცხოვნებელი ფრთის ქვეშ იმყოფება. მას კი, ვინც ეკლესიის წიაღს გარეთაა დარჩენილი, არ ძალუძს, ბოლომდე შეიგრძნოს საკუთარი ცოდვით დაცემა და ღვთისა და ჭეშმარიტებისგან დაცილება.
ცოდვა მრავალგვარია. მათგან ზოგი აშკარაა, ზოგი - ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ სულისთვის განსაკუთრებით საშიში. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას საფუძვლად რწმენის ნაკლოვანება უდევს. სწორედ ამით გამოირჩევა ხიბლით დაცემა ყველა სხვა ცოდვისგან. ხიბლში მყოფი კაცი საკუთარ თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს. ეს არის სულის ყალბი, მოჩვენებითად ეკლესიური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ გარედან ჩანს მაცხოვნებელი, სინამდვილეში კი ამპარტავნების ბუდეა.
- ამპარტავნება ახსენეთ. კიდევ რომელი ცოდვები იწვევს ხიბლს?
- კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა ამ მხრივ შეუძლებელია, რადგან კაცის ცხოვრება მხოლოდ რომელიმე ერთ ემოციაზე არ არის დამოკიდებული, - ადამიანი ურთულესი ფენომენია, მისი სულიერი განცდა უკიდეგანოა, - ამიტომ, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანს ხიბლში აგდებს ცოდვათა ერთობა ან ცოდვითი მდგომარეობის გაუაზრებლობა. თუმცა ის კი შეიძლება ითქვას, რომ სიამაყესა და ამპარტავნებას უმთავრესი ბრალი მიუძღვით ცოდვით დაცემაში. ხიბლში მყოფ ადამიანს განსაკუთრებული ჰგონია თავისი თავი. ის უხვად იძლევა დარიგებებს ყოფითსა თუ სულიერ საკითხებზე, თანაც თავისი ნააზრევი ერთადერთ ჭეშმარიტებად ესახება და თანდათან ებადება სიამაყისა და სხვაზე აღმატებულობის განცდა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ამპარტავნება - ყველაზე დამღუპველი სნეულება. ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ იგია დედა ყველა ვნებისა და ცოდვისა. ადამიანს მასავით არაფერი განაშორებს ღვთისგან. ამპარტავნება ვლინდება თავისმოყვარეობით, ქედმაღლობით, თავდაჯერებულობით, ეგოიზმით, ფარისევლობით და ა.შ.
- მამაო, როგორ მივხვდეთ, რომ ხიბლში ვართ?
- საზოგადოდ, ხიბლი განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის არის გავრცელებული, რომლებიც გარეგნულდა ეკლესიურობითა და უფლის მოცემულ კანონთა შესრულებით გამოირჩევიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ გარეგნულად. მრავალი მათგანი მიიჩნევს, რომ უკვე მოიწია სსრულყოფილების განსაკუთრებული ნაყოფი, რომ უკვე სასუფევლის ღირსია და ამის დასტურად ათასგვარ ნიშანს იშველიებს: სიზმრებს, ხმებს, ჩვენებებს... მოხიბლული თვლის, რომ მის გარშემო მყოფნიც მოვალენი არიან, ისმინონ მისი და მორჩილად მიიღონ მისი „სწავლებანი“.
- მაგრამ ხომ შეიძლება, მართლაც განსაკუთრებული რამ ესიზმროთ?
- რა თქმა უნდა. ასეთ დროს წმინდა მამათა სწავლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ისინი გვირჩევენ, რომ ყველა სიზმარსა თუ ჩვენებას, რაც უნდა ცხადი იყოს და უვნებლად გვეჩვენებოდეს, უნდობლად მოვეკიდოთ, არ ვიფიქროთ მასზე, არ დავუჯეროთ. მხოლოდ ასე დავიცავთ თავს ხიბლისგან.
- რას ეტყვით იმ ოჯახებს, სადაც ხატებს მირონი სდით ან იმ ადამიანებს, რომელთაც სხეულზე ჯვრები ესახებათ? და, საზოგადოდ, როგორ უნდა შევხედოთ სასწაულს?
- აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. სასწაული უფლის გაფრთხილებაა და მან ამპარტავნებაში კი არ უნდა ჩაგვაგდოს, არამედ საკუთარ თავზე დაგვაფიქროს. ყველა შემთხვევაში, სიზმარი იქნება ეს თუ ხატიდან მირონის წამოსვლა, მოძღვარს უნდა მივმართოთ და მხოლოდ მისი დარიგებით ვიხელმძღვანელოთ.
- რა როლი აკისრია მოძღვარს?
- უდიდესი. ის არის სულიერი შვილის მამა და წინამძღოლი რთულ, საცდურებით აღსავსე ეკლესიურ გზაზე. იმისთვის, რომ სწორი დარიგებები მოგვცეს, მოძღვარი თვითონვე უნდა იყოს ხიბლისგან თავისუფალი. აქ დემონურ, განსაკუთრებით საშიშ ხიბლს ვგულისხმობ, თორემ ისე ყოველი მორწმუნე მცირედ მაინც არის ამ სენით დაავადებული. ამის მიზეზი საღვთისმეტყველო კანონთა არცოდნა და არასაკმარისი საეკლესიო განათლებაა. მოძღვარი მოვალეა, ეკლესიური ცხოვრების დაწყებისთანავე აცნობოს სულიერ შვილს, რომ ასეთი ცოდვა არსებობს და შემდეგ მუდმივად ადევნს თვალყური მის სულიერ მდგომარეობას. სულიერი შვილის ცხოვრების ყველა სფერო მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს. ადამიანი ლოცვებსაც კი მისი მითითების მიხედვით უნდა კითხულობდეს. აქვე დავურთავ, რომ მღვდელმსახურის ყველა ქმედებას საფუძვლად სიყვარული უნდა ედოს.
- რა უწყობს ხელს ხიბლში ჩავარდნას?
- ხშირად - ის, რომ ადამიანს არა ჰყავს მკაცრი მოძღვარი, რომელიც მას თავის სულიერ დაცემას დაანახებს და ამ უმძიმესი ცოდვისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ნაცვლად ამისა, ხიბლში მყოფ კაცს გარს ის ხალხი ახვევია, ვინც ადვილად ენდობა და ღვთაებრივ გამოცხადებად ღებულობს მის მონაყოლს. ადამიანსაც, ბუნებრივია, გადაჭარბებული წარმოდგენა ექმნება საკუთარ თავზე და თავისი სულიერი მდგომარეობის მიმართ უმართებულო დამოკიდებულება უჩნდება. ამიტომ თუ დავინახეთ, რომ ადამიანი ხიბლშია, გულისტკივილითა და სიყვარულით უნდა ვამხილოთ იგი, ავუხსნათ ამ ცოდვის არსი და ლოცვით მის გადარჩენას ვეცადოთ.
- შეიძლება თუ არა, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით დავინახოთ ხიბლში მყოფობა?
- მხოლოდ გარეგნული ნიშნების მიხედვით რომელიმე ცოდვაზე საუბარი ძნელია, თუმცა, ვფიქრობ, გამოცდილ თვალს არ უნდა გაუჭირდეს ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანის შემჩნევა. უწინარესად გამოცდილ მოძღვარს ვგულისხმობ, რომელსაც არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ხიბლში მყოფ ადამიანთან. მაგრამ მაინც - საუბრისას უფრო შეიძლება ამ ცოდვის შემჩნევა, ვიდრე სხვაგვარად.
- არის თუ არა ხიბლი გარდაუვალი ქრისტიანის ცხოვრებაში?
- გარდაუვალი არც ერთი ცოდვა არ გახლავთ. ღმერთმა ადამიანი უცოდველი შექმნა და სწორედ უცოდველობაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ პირველი წინაპრის ცოდვით დაცემამ თითოეულ ჩვენგანში შვა ცოდვისადმი მიდრეკილება. ხიბლიც ერთ-ერთი ამ ცოდვათაგანია, რომლისგანაც უპირველესად ის გადარჩება, ვინც სწორად გაიგებს ქრისტიანობის არსს, ვინც საკუთარ თავში ნაკლოვანებათა ძიებას დაიწყებს და არა ღირსებებისას.
- როგორ ვებრძოლოთ ხიბლს?
- ხიბლთან ბრძოლა ძნელია, რადგან საფუძვლად მას ადამიანის არსებაში ყველაზე ფესვგადგმული ვნება, სიამაყე, უდევს. მასთან შერკინება დიდ მამაცობასა და ძალას მოითხოვს. ხიბლისგან თავი რომ დავიხსნათ, საჭიროა ყველაფერში მოძღვარს დავემორჩილოთ, მივიღოთ სათანადო საღვთისმეტყველო განათლება და უფალს ვევედროთ, რომ ამ ვნებისგან გაგვათავისუფლოს.
- რომელი სათნოებები აღმოფხვრის ხიბლს?
- თუ მივიჩნევთ, რომ ამპარტავნებაა უმთავრესი მიზეზი ხიბლის გაჩენისა, შესაბამისად, თავმდაბლობა იქნება მისი წამალი. ოღონდ გულწრფელი და არა მოჩვენებითი თავმდაბლობა. ეს კი დაუღალავი შრომის, ლოცვის, საკუთარ დაცემაზე ხშირი ფიქრის შედეგია. ვევედროთ უფალს, რათა გარდამოგვივლინოს ცოდვასთან ბრძოლის მადლი და ძალა და მის წმინდა საყდართან მიახლების ღირსი გაგვხადოს.
ესაუბრა გვანცა გოგოლაძე
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.