„უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.“ (მათე 5, 23-24)

განმარტება:

ებრაელნი ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა ღვთისათვის მიერთმიათ მსხვერპლი და იმავე დროს მოყვასზე გულში ძვირი ჰქონოდათ. რას ეუბნება ქრისტე მაცხოვარი მათ? უკეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, - და აქ, მსხვერპლის შეიწრვის წინ, უცებ გაგახსენდა - ვითარმედ ძმა შენი, - ყოველი ადამიანი, ვინც გინდა იყოს, - გულ-ძვირ რამე არს შენდთვის; სამართლიანად თუ უსამართლოდ შენს წინააღმდეგ რაღაც წყენა აქვს, შეიძლება უმნიშვნელოც, შენ მასზე რომ არც კი განრისხდებოდი, - დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა, მაშინვე მიატოვე იქვე, წმიდა საკურთხეველთან, შენი შესაწირი და, - მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა, და მხოლოდ მაშინ, როცა შეურიგდები მას, მოვედ, დაბრუნდი ღვთის შესაწირთან, და შეჰსწირე უკვე დამშვიდებული სინდისით შესაწირავი შენი.

რატომ ითხოვს ჩვენგან უფალი ასეთ მოქმედებას? პირველად იმიტომ, რათა დაგვანახოს, რომ სიყვარული უდიდესი მსხვერპლია და მის გარეშე არანაირი მსხვერპლი ღმერთთან არ შეიწირება; მეორედ კიდევ იმისათვის, რომ გვაიძულოს მოყვასს შევურიგდეთ, - თუ მისი სიყვარულით არა, უკიდურეს შემთხვევაში იმისათვის მაინც, რომ მსხვერპლის შეწირვას არაფერი დავაკლოთ. იგი გვაჩვენებს ამით, რომ უფლის საკურთხეველთან არ დაიშვებიან მტრად გადაკიდებულნი და დამდურებულნი. თუ შენ ლოცვებს აღავლენ კეთილი განწყობილების გარეშე, მაშინ შენთვის უმჯობესია ის მიატოვო, წახვიდე და შენს ძმას შეურიგდე და ლოცვა მხოლოდ ამის შემდეგ აღასრულო. რასაც ქრისტე ეუბნება მწუხარეთ, იგივე ეკუთვნით სხვებისგან შეურაცხყოფილებს. თუ შენ, - ამბობს უფალი, - შეურიგდები მას მისი სიყვარულის გამო, მაშინ მეც შენს მიმართ ვიქნები მოწყალე. მე თავად დაგთანხმდები იმაზე, რომ შენ დროებით შესაწირი მიატოვო, ოღონდ კი შენი ძმა მეგობრად შეიძინე. როგორც ბრძენი მკურნალი, ქრისტე არა მარტო გვთავაზობს სნეულებისაგან დამცველ საშუალებას, არამედ მსახურთაც, რომელთაც სნეულებას უნდა უმკურნალონ. აკრძალვა იმისა, რომ სხვას უგუნური ვუწოდოთ - აი მკურნალობა, მტრობისაგან დამცველი, ხოლო მოყვასთან შერიგების მოთხოვნა, განკუთვნილია იმ სატკივარის აღმოფხვრისათვის, რომელიც აღმოცენდება მტრობით. ნახე, როგორი სიმკაცრით ითხოვს იგი, როგორც ერთი, ისე მეორის შესრულებას. იქ გვაშინებს ცეცხლითა და გეენით, აქ კი შერიგებამდე არ უნდა მიიღოს ჩვენგან ძღვენი, რითაც გვიჩვენებს, როგორი დიდია მისი რისხვა სამტროდ გადაკიდებულებზე“.

აბა როგორ იქნება, - შეიძლება იკითხო შენ, თუ ის, ვისთან შერიგებაც მეკუთვნის, ცხოვრობს შორს, და მე არ შემიძლია მივატოვო ღვთისმსახურება, რათა დაუყოვნებლივ შევურიგდე მას? - მაშინ მიდი მასთან სხეულით კი არა, არამედ სულით, მიდი მასთან გულითა და გონებით, და ღვთის წინაშე მდგარმა, მთელი გულით შეუნდე მას და შესთხოვე გულთამხილავს, რათა დაგეხმაროს მტრობის ამ კრულების გახსნაში, როცა კი ეს იქნება შესაძლებელი, არც შეიძლება მალე. თუ მოხდება ისე, რისგანაც მოწყალე და მშვიდობისმოყვარე ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, რომ შენი ძმა შენთან შერიგებას არ ისურვებს, მაშინ სთხოვე სხვებს, რომ მასთან შესარიგებლად დაგეხმარნენ, და თუ იგი ამასაც არ ინებებს, „მაშინ მშვიდად ევედრე ღმერთს, რათა მან სიკეთე თვითონ ჩააგონოს, და შენ ამაზე აღარ იზრუნო“ - (ღირსი პიმენი დიდის დარიგება). ხალხი კი მუდამ ხალხია, და ყოველთვის ქვეყანაზე კეთილ ადამიანებს ბოროტები ჭარბობენ. შენი ზნეობით ანგელოზიც რომ იყო, ვინმესთან მაინც არ გექნება მშვიდობა: შეურიგდი საჩქაროდ. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა შენს შეურაცხმყოფელს ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ვიდრე მასთან ერთად იმიყოფები ამ დროებით ცხოვრებაში; ამ დროით ისარგებლე, ვიდრე გაგასამართლებდნენ, შენ შენს თავზე მთლიანად უფლებ; მაგრამ როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებ, რამდენიც გინდა ეცადო, ვეღარ შეძლებ შენი თავი განაგო. ასე, რომ ეცადე ნუ უკუე მიგცეს შენ წინა-მოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, - რათა შეურაცხმყოფელმა არ გადაგცეს შენ ღვთის სამსჯავროს, და ამ მართალმა მსაჯულმან მსახურსა - თავის ანგელოზს, და ზეციური მეუფის ამ მსახურით საპყრობილედ შეჰვარდე - საუკუნო სატანჯველში ჩაგაგდონ... ამინ გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ ვერ გათავისუფლდები იქიდან, ვიდრე არრა მიჰსცე უკანასკნელი კოდრატი, ვიდრე ყველაზე უკანასკნელსაც კი არ მისცემ. მაგრამ სად იშოვი იქ, რომ გადაუხადო? იქ ვერსად ვერაფერს მოიძიებ, ამიტომ ვერც ვერაფერს გადაიხდი და გამოდის, რომ ვერასოდეს, უკუნითი უკუნისამდე ამ ჯოჯოხეთური სიბნელიდან ვერ გათავისუფლდები, თუ შენთვის არ გადაიხდიან სხვები, თუ შენთან დასახმარებლად არ მოცა წმიდა ეკლესია ღვთის წინაშე თავისი ძლიერი ლოცვებით, თუ თვით უფალი არ მოალბობს შენით შეურაცხყოფილის გულს, რათა შენთვის წმიდა ეკლესიასთან ერთად იმანაც ილოცოს. - მოწინააღმდეგედ შეიძლება სინდისი მივიჩნიოთ: შეურიგდი შენი საქმეების ამ მოუსყიდველ მოწმეს, ვიდრე არ წარგადგინეს მართალი მსაჯულის წინაშე.

 

„უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.“ (მათე 6, 14-15)

განმარტება:

არაფერია უფრო საძაგელი ღვთისათვის, ვიდრე გულღრძოობა. სასუფეველი ღვთისა არის საუფლო მშვიდობისა და თავმდაბლობისა, საუფლო ერთსულოვნებისა და ძმური სიყვარულისა. შეიძლება ასეთ სამეფოში მიღებული იქნას ამაყი და გულღვარძლიანი? ცხადია ასეთისათვის შესაფერი ადგილი ჯოჯოხეთშია. აი, რატომაა, რომ მაცხოვარმა, მოგვცა რა მაგალითი ლოცვისა, ერთხელ კიდევ საგანგებოდ მიგვითითა, რომ ჩვენი ცოდვების პატიება ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ღვთის სამსჯავრო ჩვენზე შედგება ჩვენივე უფლებით: უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, ანუ იმათგან თქვენს წინააღმდეგ ჩადენილნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. „ამრიგად, - ამბობს წმ. ოქროპირი, მაცხოვარი შენ თავად - დამნაშავეს, გხდის საკუთარი თავის მსაჯულად, და თითქოს გეუბნება: როგორ მსჯავრსაც დასდებ შენს თავს, ისეთივე მსჯავრს გამოვიტან მე შენზე. თუ რაიმეს სთხოვ შენს თანამოძმეს, მაშინ ჩემგანაც ასეთსავე კეთილ საქმეს მიიღებ, თუმცა ჩემი კეთილი მოქმედება შენზე სინამდვილეში იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შენი. შენ სხვას პატიებ იმიტომ, რომ თავად საჭიროებ პატიებას, ღმერთი კი პატიებს, როცა ეს მისთვის საჭირო არაა; შენ პატიებ ძმას, ღმერთი კი - მონას; შენ უთვალავი ცოდვებითა ხარ დამნაშავე, ღმერთი კი უცოდველია“. - „გადაუხდელია ჩვენი ვალი, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - მაგრამ როგორი მსუბუქი პირობა გვაქვს მოცემული მისთვის! „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან“. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, ამბობს მაცხოვარი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. - „უფალი ისევ გვახსენებს ზეციურ მამას, რათა ამით მსმენელი შეარცხვინოს, - შენიშნავს წმ. ოქროპირი. იმისათვის, რომ გავხდეთ ღვთის ძენი, მარტო მადლი კი არ კმარა, არამედ საჭიროა საქმენიც. არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ის, როცა ჩვენ ბოროტ ადამიანებს და ჩვენს შემაწუხებლებს შევუნდობთ. ამიტომ, როგორი სასჯელის ღირსნი გახდებიან ისინი, რომელნიც არა მარტო თვითონ არ პატიობენ, არამედ ღმერთსაც ევედრებიან, რომ მტრებს სამაგიერო მიუზღას, მაშინ როცა ღმერთი ყოველივეს აკეთებს და აწყობს ისე, რომ ჩვენ ერთმანეთს არ შევეწინააღმდეგოთ. ყოველი სიკეთის საფუძველი სიყვარულია, ამიტომაა, რომ ღმერთი ყველაფერს სპობს, რამაც შეიძლება ავნოს სიყვარულს; ნამდვილად, სრულიად არც მამას, არც დედას, არც მეგობარს, არც არავის სხვას ისე არ ვუყვარვართ, როგორც ჩვენს შემოქმედს - ღმერთს. სურს რა, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ უამრავი და დიდი ცოდვებისაგან, ღმერთმა ამისათვის მოგვცა გზა მოკლე, მსუბუქი და მოხერხებული. რა სიძნელეა შევუნდოთ ჩვენს შეურაცხმყოფელს? პატიება კი არ არის ძნელი, არამედ მტრობის შენარჩუნება. პირიქით, მრისხანებისა და სიძულვილისაგან თავის გათავისუფლება უფრო ადვილია, და ამას მოაქვს სიმშვიდე“.

ასე, რომ შესთხოვე ღმერთს შენი ცოდვების პატიება ისე, რომ შენმა ლოცვამ მსუბუქად და თავისუფლად მიაღწიოს ღმერთამდე, მიეცი მას ფრთები: ერთი ფრთა - ეს არის შეწყალება, გულმოწყალება, სიყვარული მტრებისაც კი; მეორე ფრთა არის - მარხვა.

„მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით“
მთარგმნელი და შემდგენელი: წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)