რაც შეეხება „სიცოცხლისუნარიანობას“, აუცილებელია დაზუსტება, თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი. თუ იგი გვესმის, როგორც დამოუკიდებელი და სხვათა დახმარების გარეშე არსებობა, ასეთი არსებობისათვის ხომ ბავშვი დაბადების შემდეგაც არ არის და კიდევ კარგა ხანს არ იქნება მზად. აბა, სცადეთ, 2 ან თუნდაც 5 წლის ბავშვი დატოვეთ თავის თავის ანაბარა. შეძლებს იგი დამოუკიდებელ ცხოვრებას, სხვათა დაუხმარებლად, თუნდაც ერთ კვირას?
თუ დავუშვებთ, რომ მისაღებია იმ ბავშვების მკვლელობა, რომელთაც არ შესწევთ დამოუკიდებლად არსებობა, ამით ხელს ვაწერთ ყველა ბავშვის სიცოცხლის ხელყოფაზე სიჭაბუკის ასაკამდე, და მათთან ერთად ეს ეხება ყველა შრომისუუნარო ინვალიდსაც.
„ადამიანები, რომლებიც ჰკლავენ ბავშვებს საკუთარი სხეულის წიაღში, ჰგვანან ჰეროდეს, რომელმაც შეჰმუსრა 14 ათასი ყრმა, რათა არავის შესძლებოდა მისთვის ხელის შეშლა ცხოვრებაში“ - წერს მიტროპოლიტი მელეტი, და დასძენს: „ისინი ჰეროდეზე უარესნი არიან, რადგან ეს ყრმები, ყოველ შემთხვევაში მისი საკუთარი შვილები მაინც არ ყოფილან“. ჰეროდეს ეს საქციელი - 14 ათასი უდანაშაულო ძუძუთა ბავშვის მოკვდინება - ყველა დროისათვის უსულგულობისა და სისასტიკის სიმბოლოდ იქცა...
ამ თემაზე სულისშემძვრელი სიტყვებით წერს დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი: „...ბავშვთა მკვლელობაზე საშინელი რამ არ არსებობს. დროა შეწყდეს საკუთარი შვილების მკვლელობები! ადამიანები ასე სჯიან: ერთს გავაჩენ, შვიდს მოვაკვდინებ და უკეთ ვიცხოვრებ. იმიტომ, რომ რვა შვილი რომ გამეჩინა, რვაჯერ ნაკლები საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი მექნებოდა. სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად გამოდის. მოკლულ ყრმათა სისხლი მკვლელის მთელ ჯიშსა და ჯილაგს აწევს. იბადება ბავშვი და მას უკვე ამძიმებს მშობლის დანაშაული. ამ ცოდვისაგან ბავშვები უმართავნი ხდებიან. ამიტომაც, იმ ერთით, რომელიც ცოცხლად დატოვეს, ოჯახში უფრო მეტ წვალებას გამოსცდიან, ვიდრე რვა შვილი რომ ჰყოლოდათ... მიზეზი კი ცუდ აღზრდაში როდია. ჩვეულებრივ, მშობლები საერთოდაც არ მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში. ბავშვის ფორმირება ხდება გარემომცველი წრის მეოხებით. ადრე ადამიანები ზნეობრივად უფრო ჯანსაღნი იყვნენ. ახლა კი, აბა, გადავხედოთ, ვინ ავსებს ბავშვების გარემომცველ წრეს? მამა და დედაა მისი ძმის თუ დის მკვლელები; სტუმრად მოდის მამიდა - ის მამიდაც მკვლელია; ბებია ჰყავს და - იმ ბებიასაც შვილის მკვლელობის ცოდვა აწევს. ყველანი მკვლელები არიან. მაშ, როგორებად აღიზრდებიან ბავშვები?..
საშინელია არათუ მკვლელობა, როგორც ასეთი, არამედ ის, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, რასაც ყველანი მიეჩვივნენ...“
დედაკაცო, განიშორე, განიძარცვე ლამაზ-ლამაზი სიტყვების საბურავი! თუნდ აქედან დაიწყე - როდესაც ქალთა კონსულტაციაში შემოგთავაზებენ: „ხომ არა გსურთ მენსტრუალური ციკლის აღდგენა? თუ გსურთ, ხელი მოგვიწერეთ თქვენს თანხმობაზე ამ პროცედურის ჩატარებისთვის“ - უწყოდე, რომ ამ ზრდილობიანი წინადადების მიღმა დგას არა „ორგანული ქსოვილის“ თუ „ქსოვილთა გროვის“ ამოჭრა, ეს უჯრედები შენი ღვიძლი შვილია - პატარა ბიჭუნა ან გოგუცუნა, და შენ გთავაზობენ შენი შვილის მკვლელობას მისი სხეულის დანაწევრების ან მარილწყალში კანის გაცლის გზით...
ექიმებო! მართლა ჯალათები ხომ არა ხართ?! გულწრფელნი მაინც იყავით თქვენი პაციენტების წინაშე; მოუყევით ყველაფრის შესახებ, რაც ელით მათ აბორტის დროს თუ აბორტის შემდეგ. იპოვით კი ამის შემდეგ იმისთანა ურჯუკს, რომ დაგთანხმდეთ „პროცედურაზე“? ოღონდ საგნებს თავისი სახელი უნდა დაარქვათ: ბავშვს - ბავშვი და არა „ფეხმძიმობის პრიოდუქტი“; მკვლელობას - მკვლელობა და არა „მენსტრუალური ციკლის აღდგენა“ და ა.შ. მოუყევით აბორტისშემდგომი ყველა გართულების შესახებ: ანთებითი და ინფექციური პროცესებით გართულების შესახებ, იმის თაობაზე, რომ აბორტის ლეგალურობა სრულიადაც არ ხდის მას უსაფრთხოს. ყოველივე ამაზე კი პირდაპირ რაღაც მდუმარების შეთქმულებაა თუ ინფორმაციის უსინდისო დამახინჯება.
მაგალითად, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. თუ ექიმს არ მოეპოვება ხელთ დონორის სისხლის აუცილებელი რაოდენობა, მანიპულაცია სიკვდილით მთავრდება. მაგრამ ამ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად აბორტს კი არ ჩათვლიან, არამედ სისხლის დაკარგვას დააბრალებენ! ზოგჯერ დონორის სისხლიც კი ვერ იხსნის ქალს სიკვდილისაგან, მხოლოდ ოდნავ მატებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ისეც ხდება, რომ სისხლის გადასხმის შემდეგ ქალი ავადდება შრატისმიერი ჰეპატიტით და რამენიმე თვის მერე კვდება. დიაგნოზში კი ჰეპატიტი ფიგურირებს, თუმცა ჭეშმარიტი მიზეზი აქაც აბორტია. კიდევ ერთი მაგალითი: საშვილოსნოს გარსის დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს მენჯის ღრუს აბსცესი, სეფსისი და სიკვდილი. სიკვდილის მიზეზის ოფიციალურ ანგარიშში ნაჩვენები იქნება საშვილოსნოს აბსცესი და სისხლის მოწამვლა და ვერსად ნახავთ ჭეშმარიტ მიზეზს - აბორტს.
სხვა ფაქტებსაც მოგახსენებთ: თუ ექიმი სპეციალური კოვზით გამოფხეკს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მეტისმეტად ღრმა შრეს, იქ, სადაც იგი საშვილოსნოს ლულებს უერთდება, ნაჭრილობევის მიზეზით წარმოიშვება ნაწიბური და ხშირად - საშვილოსნოს ლულების გაუვალობა. თუ ეს გაუვალობა სრულია, ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე უნაყოფო ხდება. თუ გაუვალობა ნაწილობრივია, მამაკაცის სპერმას შეუძლია მოხვდეს ლულაში და გაანაყოფიეროს ქალის კვერცხუჯრედი, მაგრამ ეს განაყოფიერებული უჯრედი ნაჭდევ-ნაწიბუროვანი წარმონაქმნების გამო დროულად ვერ ხვდება საშვილოსნოს ღრუში და ორსულობა ვითარდება არა საშვილოსნოში, არამედ ლულაში. როცა ეს მოვლენა დროულად არ არის შენიშნული, ლულა სკდება ქალისთვის სასიკვდილო შედეგით. ამ შემთხვევაშიც სიკვდილის მიზეზად დასახელდება საშვილოსნოსგარე ორსულობა და არა ჭეშმარიტი მიზეზი - აბორტი.
ექიმებო! მოუყევით თქვენს პაციენტებს ყოველივე ამის შესახებაც და სხვა ისეთი რამეებიც, რაც თქვენ ჩვენზე უკეთ უწყით: თუ რამდენჯერ იზრდება მათში მუცლის მოწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მომდევნო ორსულობისას; თუ როგორ იმოქმედებს ამ ბავშვის მკვლელობა მომავალი ბავშვების ჯანმრთელობაზე, თუკი ისინი ქვეყანას მოევლინებიან. თუმცა, იოლი შესაძლებელია, ბავშვები მათ უკვე აღარასოდეს ეყოლოთ. ამის თქმაც არ დაგავიწყდეთ, რომ სავსებით მოსალოდნელია, ნაყოფი, რომელსაც ახლა ჰკლავს, მისთვის ერთადერთი აღმოჩნდეს და ვეღარასოდეს გამოსცადოს ის უსაზღვრო დედური ბედნიერება, რასაც განიცდის მშობელი, როდესაც გულში ჩახუტებული პატარა არსება ფართოდ გახელილი თვალებით, მთლიანად მასზე მინდობილი, ეტიტინება და დამარცვლით წარმოთქვამს სანუკვარ სიტყვას: „დე... და...“ ექიმებო, მოასმენინეთ ამ ქალს მის სხეულში ჩაბუდებული პაწიას გულისცემა. თქვენ ხომ იცით, რომ ულტრაბგერითი მეთოდით კვლევისას ეს შესაძლებელია ფეხმძიმობის მე-7 კვირას, როდესაც ნაყოფი ჯერ ორი თვისაც არ არის!..
და თუ ყოველივე ამის შემდეგ, კიდევ მოიძებნება ისეთი „დედიკო“, რომელიც დაიჟინებს აბორტის გაკეთებას, მაშინ რაღა გვაქვს სათქმელი? იქნებ მართლაც უმჯობესი იყოს „დაიღუპოს პაწია, ვიდრე ქალის სახემიცემულ ამისთანა ურჩხულს ჩაუვარდეს ხელში“. თუმცა, აქაც არსებობს გამოსავალი მკვლელობის გარეშე: ასეთ ფეხმძიმეს უნდა მიეცეს მყარი გარანტიები, რომ მას არ დაუნარჩუნებენ ბავშვს, თუ თავად არ ინებებს, ოღონდ შვას ყრმა და გადასცეს იგი ბავშვთა სახლს! თუ თავად არ გსურს ბავშვის აღზრდა, სხვები გაზრდიან, ოღონდ კი ნუ მოჰკლავ!
ექიმებო, თქვენი მოწოდება ხომ სიცოცხლის გადარჩენაა!
რაგვარად მოხდა, რომ ეს მოწოდება შეგიტრიალდათ და პირდაპირ საწინააღმდეგოს სჩადიხართ - ღუპავთ სიცოცხლეს?! თანაც ისეთი სახით, როგორითაც არც კი დასიზმრებიათ ჰიტლერსა და რკინის ფელიქსის ჯალათებს?.. არადა, საშინელ სამსჯავროზე ამ დახოცილი ბავშვებისათვის პასუხი მარტო მათ დედებს როდი მოეთხოვებათ. ეს ბავშვები თქვენც გკითხავენ: „რატომ გვკლავდით და ასო-ასო გვქნიდით, ხელებსა და ფეხებს რად გვწყვეტდით?“ მაშინ გამოჩნდება სწორედ მთელი ველურობა თქვენი და თქვენი პაციენტებისა: „ინსტიტუტი მქონდა დასამთავრებელი“, „არ მინდოდა სიღარიბე მემრავლებინა“, „ბავშვი, შესაძლოა, ავადმყოფი დაბადებულიყო, ან დედა გადაჰყოლოდა მშობიარობას...“
ინსტიტუტი გაქვს დასამთავრებელი? - ჯერ დაამთავრე და მერე გათხოვდი და აჩინე ბავშვები.
არ გინდა „სიღარიბის განმრავლება“? - ნუ ამრავლებ! იცხოვრე უბიწოებაში. მაგრამ თუ ვერ გაუძელ ცდუნებას, რადა ჰკლავ პატარას? სამეზობლოდ გამოყოფილ ბინაში ცხოვრება არა გსურს? - გაიჩინე, ბატონო, ცალკე საცხოვრისი, მაგრამ თუ საკუთარი ბინის შოვნის სახსარი არ გყოფნის - შენი კომუნალური ბინის მეზობლებს რომ არ დაუწყებ ხოცვას, გინდა თუ არა ხელს მიშლიან კომფორტულ ცხოვრებაშიო!
ვთქვათ, ექიმები მიიჩნევენ, რომ ბავშვი, შესაძლო, ავადმყოფი დაიბადოს. თუ ავადმყოფობა საკმაო მიზეზია, რათა მოიკლას ადამიანი, მოდით, მაშ, დავხოცოთ ყველა ვადმყოფი, პირველ რიგში, განსაკუთრებით უიმედონი. ისინი ხომ, დანამდვილებით, თვითონაც ეწამებიან და მომვლელებსაც გვარიანად აწუხებენ. თუკი შეიძლება იმ ბავშვების მოვლა, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება მიჩნეულ იქნან ავადმყოფებად, ესენი ხომ ყოველგვარი ვარაუდის გარეშე არიან სასიკვდილონი. რაღას ვუცდით, მოდით, დავაწყვიტოთ მათ ხელები, ფეხები ან ჩავყაროთ ისინი მარილხსნარიან ავზებში.
მოჰყავთ აბორტის კიდევ ერთი გამართლება. რიგ შემთხვევაში მშობიარობა ეჭვის ქვეშ აყენებს დედის ჯანმრთელობას, ზოგჯერ ემუქრება თვით მის სიცოცხლესაც... ჩიტი საკუთარი სიცოცხლის საფასურად აცილებს მელას ბუდისაგან; ომში საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ სხვების, სრულიად გარეშე ადამიანების გადასარჩენად. მაშ, რატომ არ უნდა გასწიოს რისკი დედამ თავისი საკუთარი შვილის ქვეყნად მოსავლენად? ის ხომ დედაა! სიკვდილის ეშინია? მაგრამ აბორტით სიკვდილის არ ეშინია? თუ ის შეეწირება საკუთარ პირმშოს დაბადებას, მსგავსი თვითშეწირვისთვის, ძალზე საგულვებელია, რომ სამოთხის ღირსი გახდეს. ხოლო თუ ბავშვისმკვლელად მიიცვლება, სად აღმოჩნდება?.. მაშინ, როდესაც თვალებში ჩახედავს თავის მიერ მოკლულ ბავშვს, ხომ დასწყევლის იმ საათს, რაჟამს მან გადაწყვიტა ცხოვრების გახანგრძლივება მისი სასტიკი მოკვდინების ფასად...
თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული და საპატიოა აბორტისათვის. შეუძლებელია ყველა ქალს გინდა თუ არა, მოვთხოვოთ გმირობა, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებსაც იმქვეყნიური ცხოვრებისა არა სწამთ. თუ მართლაც არის სერიოზული საშიშროება დედისათვის, უნდა მივცეთ მას არჩევანის უფლება - ვისი სიცოცხლე იხსნას: თავისი თუ ბავშვისა. მე, როგორც მორწმუნე ქრისტიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადრე თუ გვიან ინანებს, თუკი აირჩევს თავისას. თანაც, გონების თვალის ახელა მოხდება უკვე აქავ, ამიერ ცხოვრებაში. ამას მე ვადასტურებ, როგორც მართლმადიდებელი მღვდელმსახური: ძალიან ხშირად ეს პროცესი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხდება. ამიტომაც, თუმც კი დამცდა, რომ „არჩევანის უფლება უნდა დავუტოვოთ-მეთქი“ (თანაც ჩემი სიტყვები უკან როდი მიმაქვს), მაგრამ, სულერთია, მინდა შეგევედროთ: „დაიკოებო! ძვირფასებო! გააკეთეთ სწორი არჩევანი!“ ამ საკითხში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება დაამახინჯოს მთელი თქვენი შემდგომი მიწიერი ცხოვრება, რომ არაფერი ვთქვათ ზეციურზე.
გაცილებით იოლია მოვაცილოთ ჩვილი ბავშვი დედის წიაღიდან, ვიდრე ხსოვნა მის შესახებ - მისივე სულიდან. აბორტგადატანილი ქალების გამოკითხვა ადასტურებს, რომ აბორტის შემდეგ მათ უჩნდებათ ერთგვარი გათავისუფლების, ტვირთის მოხსნის შეგრძნება. მაგრამ ის, რასაც ქალი გრძნობს აბორტის შემდეგ ყველაზე ღრმა ფსიქიკურ დონეზე, მეტისმეტად განსხვავდება კითხვარებზე გაცემული მისი პასუხებისაგან. თვით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი განსჯის დონეზე აბორტს მიიჩნევს, როგორც „ერთადერთ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან“ და თავისი ცნობიერი აზროვნებით ამართლებს მას, - ყოველივე ეს შეიძლება თავსდებოდეს სრულ უარყოფასთან ქვეცნობიერ აზროვნებაში. როგორც არ უნდა მხნეობდეს და შემოუძახებდეს თავს, რომ „ეს აუცილებელია“, - აბორტი ყოველთვის იწვევს ქალში ღრმა განცდებს, სულიერი ტკივილის შეგრძნებას, სირცხვილისა და აუნაზღაურებელი დანაკლისის შეგრძნებას. და თუ თავიდან ჩნდება ერთგვარი გათავისუფლების და ტვირთის მოხსნის შეგრძნება, ძალზე მალე მას ცვლის საწინააღმდეგო აღქმა: შეუცნობელი შიში, ღრმა სასოწარკვეთილება და ურვა, დანაშაულის მწველი განცდა, თანდართული სირცხვლის გრძნობასთან, და როგორც შედეგი - უძილობა ან კოშმარული სიზმრები; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სექსუალურ დარღვევებს, იშლება ოჯახები, ქალები ზოგჯერ ეტანებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და როგორც შედეგი - თვითმკვლელობის მცდელობა.
ქალი - ცხოვრების სათავეა. როცა ის ფეხმძიმდება, რასაც არ უნდა შეაგონებდნენ მას „გონიერი ადამიანები“ „უჯრედების გროვისა“ თუ „კოშტის“ თაობაზე და გონებით რა საბაბის მოშველიებითაც არ უნდა იმშვიდებდეს თავს, იგი მთელი თავისი არსებით გრძნობს (და ქვეცნობიერში ეს მკვეთრად არის აღბეჭდილი), რომ მის სხეულში იზრდება და საზრდოობს ბავშვი. თუკი ის ღალატობს თავის მოწოდებას და ამ ჩასახული სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილებას იღებს, - ეს ბღალავს მისი ქალური ბუნების საწყისთა საწყისს. იგი სიცოცხლის სათავიდან იქცევა სიკვდილის ბუდედ, ბავშვის მშობელიდან ხდება ბავშვის მკვლელი. საკუთარი ბუნების ასეთი შებღალვა კი მისთვის დაუსჯელად არ ჩაივლის...
ქალები ყველგან ქალად რჩებიან. ქალის სევდისა და ტკივილის ზემოაღნიშნული სურათი გვხვდება ყველგან, სადაც ნებადართულია აბორტები. მართლმადიდებელი მღვდელმსახურისათვის ეს სურათი ტკივილამდე ახლობელია. თითქმის ყოველ ქალურ აღსარებაში - სულ ყმაწვილებიდან თვით ხნიერ მანდილოსნებამდე - იგი მომსწრეა ამ შეუხორცებელი ჭრილობისა აღმსარებლის სულში, ხედავს მათ სულიერი ტკივილით აღსავსე თვალებს და ამ თვალებიდან მომდინარე მწარე, ნაგვიანებ ცრემლებს... და ყველაფერ ამის მაცქერალი, უნებურად კრთები და სურვილი გძალავს მთელი ხმით შესძახო:
„ქალებო! ძვირფასებო! რას შვებით - გონს მოდის! გამოფხიზლდით! ვის იმეტებთ სატანჯველად?! უპირველეს ყოვლისა და ყველაზე მეტად მათ, ვინც ყველაზე მეტად უნდა გყვარებოდათ და დაგეცვათ - თქვენს საკუთარ შვილებსა და თქვეს საკუთარ თავს!“
გაზეთი „აღსავალი“, № 5-8, 2004 წ.