შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.
უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.