აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს აღესრულა დაახლოებით 428 წელს.
პირველმოწამე სტეფანე იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს, მისი წმიდა ცხედარი კი ღია ცის ქვეშ დააგდეს, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. მეორე ღამეს ცნობილმა იუდეველმა სჯულისმეცნიერმა, უკვე მაცხოვრის სარწმუნოებისკენ გადადრეკილმა გამალიელმა, რომელმაც მოციქულები დაიცვა სინედრიონზე (საქმე, 5.34-40), ერთგულ კაცებს გადაასვენებინა ნეტარის ნეშტი და თავის მამულში, იერუსალიმის მახლობლად, მღვიმეში დაფლა.
როცა მაცხოვრის ფარული მოწაფე, ნიკოდიმოსი (ინ. 3,1-21; 7,50-52; 19,38-42) გარდაიცვალა, გამალიელმა იგი სტეფანეს საფლავის მახლობლად დაკრძალა. შემდგომში იქვე დაასაფლავეს თავად გამალიელიც ნათელღებულ ძესთან, აბიბოსთან ერთად.
415 წელს მთავარეპისკოპოსმა იოანემ ეპისკოპოსებთან ელეფთერ სებასტიელთან და ელეფთერ იერიქონელთან ერთად სასწაულებრივ აღმოიყვანა წმიდანთა ნაწილები და საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში. ამ დროიდან მოყოლებული ამ სიწმიდეებთან მრავალი კურნება აღესრულებოდა.
შემდგომში, კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილები იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადასვენდა და წმიდა დიაკონ ლავრენტის სახელობის ტაძარში იქნა დაბრძანებული. როცა წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი აიგო, უხრწნელი ნაწილებიც აქ გადაასვენეს (2 აგვისტოს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.