წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-310) ერთ-ერთი უახლოესი მსახური იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლის კარს, ქალაქგარეთ მდებარე თავის მამულში განმარტოვდა და სახლში ტაძარი მოაწყო. სასახლეში თავის არყოფნას წმიდანი ავადმყოფობით ხსნიდა. ერთ-ერთმა მსახურმა იმპერატორს აცნობა, რომ ელეფთერი ქრისტიანი გახდა. განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. მარტვილმა მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. წმიდა ელეფთერის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში იყო დაცული, შემდეგ კი იტალიაში, ქალაქ ტეატში გადაასვენეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.