წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი ათწლეულის მანძილზე მსახურობდა იგი რომაელი იმპერატორების: დიოკლეტიანეს, მაქსიმიანე ჰერკულესის, კონსტანტინე ქლორუსის, კონსტანტინე დიდისა და მისი ძეების ლაშქარში. კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობის დასაწყისში ევსეგნიოსმა საკუთარი თვალებით იხილა გამარჯვების მაუწყებელი ბრწყინვალე ჯვრის გამოჩენა ცაზე.
მოხუცებულობაში წმიდანმა დატოვა სამხედრო სამსახური და სამშობლოს მიაშურა. აქ იგი ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (261-263), რომელიც იმპერიაში წარმართული სარწმუნოების აღდგენას ესწრაფოდა. ერთ-ერთი ანტიოქიელის დასმენით წმინდა ევსეგნიოსი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის იმპერატორის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უშიშრად ამხილა მრისხანე თვითმპყრობელი მაცხოვრის უარყოფაში; მისი ნათესავი, კონსტანტინე დიდი დაუსახა მაგალითად და, როგორც თვითმხილველმა, დაწვრილებით მოუთხრო ცაზე ჯვრის ნიშის სასწაულებრივი გამოჩენის შესახებ. იულიანემ ასათ წელს მიღწეულ მოხუცს თავი მოკვეთა (+362).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.