ღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, სანამ სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება. ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარის მადლმოსილებამ შური აღუძრა სავანის მკვიდრთ, რის გამოც დომენტი განერიდა მათ და წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერს მიაშურა თეოდოსიპოლში. აქ წმიდანი მოღვაწეობდა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ნურველის ხელმძღვანელობით. დომენტის საკვირველი ღვაწლი რომ იხილა, ნურველმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მოისურვა, ხუცესადაც დაედგინა, მაგრამ წმიდანმა თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში, ერთ უდაბურ მთაზე განმარტოვდა. აქ ნეტარი მამა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდგომ კი გამოქვაბულში დამკვიდრდა ორ მოწაფესთან ერთად. დომენტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ იმ მხარეში, სადაც ნეტარი მამა და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, გაიარა სპარსელებთან საბრძოლველად მიმავალმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363). მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნომყოფელნი, შემდეგ კი, ერთი გადმოცემით, ქვებით ჩაქოლეს, სხვა ცნობით - მღვიმის შესასვლელი ამოქოლეს და შიგ ცოცხლად დამარხეს (+363).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.