წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ რაბკიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი დაოჯახებული იყო და მიწათმოქმედებას მისდევდა; მუყაითი შრომით მოწეულ მოსავალს უხვად უნაწილებდა გლახაკებს, თვითონ კი სახლეულითურთ მხოლოდ აუცილებელს სჯერდებოდა. ერთხელ წმიდა მირონმა თავის კალოზე ქურდებს წაასწრო, მაგრამ კი არ განრისხებია მათ - მშვიდად მიეხმარა ბეჭებზე ტომრების შემოგდებაში. ასეთი სულგრძელობით ნეტარმა მძარცველები ისეთ სინანულში ჩააგდო, რომ მათ პატიოსანი ცხოვრება დაიწყეს. უფალმა პირმეტყველ ცხოვართა მწყემსად გამოარჩია თავისი სათნომყოფელი: იგი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული. წმიდა მღვდელმთავარს დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან ჯვრის გადასახვით შეაჩერა ადიდებული მდინარე ტრიტონი. მღვდელმთავარმა მირონმა ასი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს, დაახლოებით 350 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.