წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. სიქსტე პაპი რომის ეკლესიის მესაჭედ წმიდა პაპის, სტეფანეს (+253-257 ხს. 2 აგვისტოს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იქნა დადგენილი. მალე სიქსტეც შეიპყრეს და თავის ორ დიაკონთან - ფელიკისიმესა და აღაპიტესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. როცა მთავარდიაკონი ლავრენტი შეხვდა პაპს, რომელიც დილეგში მიჰყავდათ, შეჰღაღადა: „სად მიდიხარ, მეუფეო? მტოვებ შენს მთავარდიაკონს, ვისთან ერთადაც წირავდი უსისხლო მსხვერპლს?! წამიყვანე, რომ ქრისტესთვის სისხლის დათხევაშიც შენი თანაზიარი ვიყო!“ ნეტარმა სიქსტემ მიუგო: „კი არ გტოვებ, შვილო ჩემო, მოხუცი ვარ და იოლ სიკვდილზე მივდივარ. შენ უფრო ძლიერ დაიტანჯები. უწყოდე, ჩვენი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ თან გამომყვები. ახლა კი წადი, გაყიდე ეკლესიის განძეულობა და დევნილ და გლახაკ ქრისტიანებს დაუნაწილე“. წმიდანმა აღასრულა მღვდელმთავრის კურთხევა.
როცა ლავრენტიმ გაიგო, წმიდა პაპი დიაკვნებთან ერთად სამსჯავროზე წარადგინესო, მათკენ გაეშურა და სიქსტეს მიმართა: „მეუფეო, უკვე შევასრულე დავალება - შენი გადმოცემული განძი დავარიგე; არ დამტოვო!“ რაღაც განძის შესახებ რომ ესმათ, მეომრებმა დააკავეს ნეტარი, მარტვილებს კი თავები მოკვეთეს (+6 აგვისტო, 258 წ.). იმპერატორმა ლავრენტი საპყრობილეში გამოამწყვდია და მასზე თვალყურის დევნება ციხისთავ იპოლიტეს დაავალა. წმიდა მთავარდიაკონი ლოცვით კურნავდა მასთან შეკრებილ სნეულებს.
აღსრულებული სასწაულებით განცვიფრებულმა იპოლიტემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მთელ სახლეულთან ერთად ნათელიღო. მალე წმიდა ლავრენტი კვლავ წარადგინეს იმპერატორთან, რომელმაც გადამალული საუნჯის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა მისგან. ნეტარმა მიუგო: „თუ სამი დღის ვადას მომცემ, გაჩვენებ განძს“. ამ ხნის მანძილზე ლავრენტიმ თავი მოუყარა მხოლოდ ეკლესიის კმაყოფაზე მყოფ მრავალ დავრდომილსა და გლახაკს, მეფეს წარუდგინა ისინი და უთხრა: „აი ჭურჭლეულობა, რომელშიც განძია დაფლული. ყველა, ვინც ამ კეცისჭურებში დამარხავს თავის საუნჯეს, აღნადგინებითურთ მიიღებს მას ცათა სასუფეველში“.
ამის შემდეგ მტარვალებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს ქრისტეს ტარიგს, და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, საშინელი სატანჯველები დაატეხეს მას თავს: გვემდნენ ნემსებიანი წვრილი რკინის ჯაჭვებით - „ღრიანკალებით“, ჭრილობებს ცეცხლზე უწვავდნენ, კალის წკეპლებს ურტყამდნენ... მარტვილის წამების დროს უეცრად მხედარმა რომანოზმა წამოიძახა: „წმიდაო ლავრენტი, მე ვხედავ ჭაბუკს, რომელიც შენს სიახლოვეს დგას და წყლულებს გიწმენდს! შენი უფლის, იესო ქრისტეს სახელისათვის, არ დამტოვო!“ ლავრენტი საწამებელი ძელიდან ჩამოხსნეს და საპყრობილეში ჩააბრუნეს, იპოლიტესთან. რომანოზმა საკანში სარწყულით წყალი მიუტანა ნეტარს და სთხოვა, მოენათლა. წმიდა საიდუმლოს აღსრულებისთანავე ქრისტეს ახალშევედრებულ ცხოვარს თავი მოჰკვეთეს (9 აგვისტო). როცა ლავრენტი უკანასკნელად გაჰყავდათ საწამებლად, იპოლიტეს სურდა, გაეცხადებინა თავისი სარწმუნოება და მასთან ერთად მომკვდარიყო, მაგრამ წმიდა აღმსარებელმა დაუშალა: „შენი აღმსარებლობა ჯერ გულში დაიმარხე. სულ მალე მე მოგიხმობ, შენც ყურად-იღებ და მოხვალ ჩემთან. ჩემს გამო კი ნუ ტირი - გიჯობს, ხარობდე: ბრწყინვალე მოწამეობრივი გვირგვინით შესამკობად მივდივარ“. მარტვილი რკინის ცხაურით გავარვარებულ ნაღვერდალზე დააწვინეს. მსახურები ზემოდან აწვებოდნენ ნეტარის სხეულს და მის წამებას აძლიერებდნენ. წმიდა ლავრენტიმ მსაჯულებს მიაპყრო თვალები და თქვა: „ერთი მხარე უკვე გამოცხვა, გადმომაბრუნეთ!“ შემდეგ, უკვე სულთმობრძავმა, ხმა-ჰყო: „გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ შენს ბჭეთა შორის განსვლისა“, და აღესრულა.
ღამით წმიდა იპოლიტემ წაასვენა წმიდა ცხედარი, სურნელოვანი ნელსაცხებლებით გაპოხილ ტილოებში შეგრაგნა და ამის შესახებ ხუცეს იუსტინეს აუწყა. ქვრივი კვირიკიას სახლში უფლის სათნომყოფლის ნაწილებზე ღამისთევის ლოცვები და საღვთო ლიტურგია აღასრულეს. იქ მყოფი ყველა ქრისტიანი ეზიარა წმიდა საიდუმლოს, შემდეგ კი, 258 წლის 10 აგვისტოს, წმიდანის პატიოსანი ცხედარი მღვიმეში დაფლეს. წმიდა იპოლიტე და სხვა აღმსარებლები წმიდა ლავრენტის მიცვალებიდან სამი დღის შემდეგ (13 აგვისტოს) ეწამნენ, რაც ადრევე უწინასწარმეტყველა მათ ნეტარმა მთავარდიაკონმა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.