ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანიც გახდა. ამ დროს გავრცელდა მონოთელიტთა ერესი, რომელსაც თავად თვითმპყრობელიც თანაუგრძნობდა. მაქსიმემ დატოვა სამეფო კარი და ქალკედონის მახლობლად, ქრისოპოლის სავანეში ბერად აღიკვეცა. კეთილმსახურებით გამორჩეული მამა მალე მონასტრის წინამძღვრადაც აირჩიეს. 633 წელს, ღვთის ნებით, წმიდანმა აფრიკას მიაშურა და მხურვალედ ქადაგებდა ჯერ ალექსანდრიაში, შემდეგ კი - კართაგენში. ღირსი მაქსიმე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც სასტიკად იდევნებოდა. ნეტარი რამდენჯერმე გადაასახლეს. ბოლოს წმიდანს ენა და მარჯვენა ხელი მოაჭრეს, რომ ვერც სიტყვით და ვერც კალმით ვერ ეღიარებინა ჭეშმარიტება და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს, სადაც სასწაულებრივ დაუბრუნდა მეტყველების და წერის უნარი. ღირსმა მაქსიმემ წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 662 წლის 13 აგვისტოს (იხ. ამ დღის საკითხავი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს. მის საფლავზე სასწაულები აღესრულებოდა. 21 იანვარს ეკლესია იხსენიებს ღირსი მაქსიმეს უხრწნელი ნაწილების აღმოყვანებას.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.