წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან შემოდის.
როგორც წესი წმიდა ეკლესია ყოველთვის სათუთად ინახავს მათ ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი წმიდა ცხოვრებით ან მოწამეობრივი სიკვდილით დაამტკიცეს ღვთის სიყვარული და ღმერთმაც ადიდა ისინი ზეციური ნიშნებითა და სხვადასხვა სასწაულებით. იწერება და ზეპირადაც გადმოიცემა მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ, პირველ საუკუნეებში მათ საფლავებზე აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას. მათ სახელზე იგება ტაძრები ან ახლად აშენებულ ტაძრებში გადააქვთ მათ წმიდა ნაწილები, იწერება ხარები და შესაბამისი ლოცვები, მოსახსენიებლად დგინდება რომელიმე განსაკუთრებული, უმეტეს შემთხვევაში, მათი ამქვეყნიდან განსვლის, ანუ უფალთან წარდგომის დღე.
დამწუხაროდ, არიან ისეთი წმიდანებიც, რომელთა მხოლოდ სახელებია ცნობილი და დარჩენილია ხსენების დღე. ჟამთა სიავემ და ჩვენმა უდებებამ დავიწყების სიღრმეს მისცა მათი ცხოვრება.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია XVI ს-დან ყოველწლიურად 16(29) აგვისტოს იხსენიებს წმიდა ქრისტეფორე გურულს, რომლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.