წმიდა მოწამე პატროკლე ცხოვრობდა, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. ცნობილია, რომ იგი წარმოშობით ქალაქ ტრიკასინიდან (დღევანდელი ტრუა - საფრანგეთში) იყო. უფალმა იგი სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. იმპერატორმა ავრელიანემ თავისთან მოუხმო წმიდანს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი დიდი პატივი და ჯილდოები აღუთქვა. ზეციური დიდების მოსურნე წმიდანმა იმპერატორს მიმართა: „მე ქრისტიანი ვარ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ, არც შენ შეგიძლია, გლახაკს, მე რამე შემომთავაზო“. „როგორ მიწოდებ ქვეყნის გამგებელ იმპერატორს გლახაკს?“ - განრისხდა ავრელიანე. ნეტარმა მიუგო: „შენ დიდი მიწიერი საგანძურის მფლობელი ხარ, მაგრამ არ გაგაჩნია ზეციური საუნჯე, რადგან არა გწამს ქრისტე და საუკუნო ცხოვრებაში სამოთხის ნეტარებას ვერ დაიმკვიდრებ, - ამიტომ ხარ გლახაკი“. ურჩობისა და კადნიერებისათვის თვითმპყრობელმა თავის მოკვეთა მიუსაჯა მარტვილს. მხედრებმა მდინარე სეკვანის (დღევანდელი სენა) ნაპირზე გაიყვანეს იგი, მაგრამ უეცრად თვალთ დაუბნელდათ. პატროკლე ამასობაში წყალზე გადავიდა და მდინარის მეორე ნაპირზე ლოცვა დაიწყო. წმიდანის გაქრობით გაოცებულმა ზოგმა მეომარმა ადიდა ღმერთი, სხვებმა კი სასწაული ჯადოქრობას მიაწერეს. ერთმა წარმართმა ქალმა აუწყა მხედრებს, რომ პატროკლე მეორე ნაპირზე იმყოფებოდა. უღმრთოებმაც გადალახეს მდინარე და უფლის რჩეული სიცოცხლეს გამოასალმეს (+დაახლ. 275). მისი სხეული მღვდელმთავარმა ევსებიმ და დიაკონმა ლიბერიუსმა ღამით პატივით მიაბარეს მიწას.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.