წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ცხოვრობდნენ ჯერ ბიზანტიაში, შემდეგ კი - ილირიაში (დღევანდელი იუგოსლავია). ძმები ქვისმთლელობას მისდევდნენ. ეს ხელობა მათ ქრისტიანების, პროკლესა და მაქსიმესგან შეითვისეს, მათგანვე ისწავლეს ღვთივსათნო ცხოვრებაც. ილირიის მმართველმა ლიკაონმა ფლოროსი და ლავროსი მეზობელ ოლქში გაგზავნა წარმართული ტაძრის მშენებლობაზე. წმიდანები შრომაში აღებული საზღაურის უმეტეს ნაწილს გლახაკებს ურიგებდნენ, თავად კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდნენ, მკაცრად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ. ერთხელ მშენებლობაზე ადგილობრივი ქურუმის, მამერტის ვაჟი მოვიდა. მას გაუფრთხილებლობის გამო თვალში ქვის ნამსხვრევი მოხვდა და ძლიერ დაუზიანდა. ფლოროსმა და ლავროსმა განრისხებული მამა დაამშვიდეს და დააიმედეს, ჭაბუკი კი თავისთან წაიყვანეს და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში დამოძღვრეს. როცა სნეულმა ირწმუნა ქრისტე, წმიდა ძმებმა ილოცეს და ყმაწვილს დაშავებული თვალი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ქურუმმაც მთელ სახლეულთან ერთად ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მათ სხვებმაც მიბაძეს... მორწმუნეთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა და როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მასში უკვე სამასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. მაცხოვრის მსასოებლებმა შემუსრეს კერპები, საყდრის აღმოსავლეთ ნაწილში კი წმიდა ჯვარი აღმართეს. შემდეგ ისინი, ზეციური ნათლით გაბრწყინებულები, მთელი ღამე ლოცულობდნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ოლქის მმართველმა სიკვდილი მიუსაჯა ქურუმყოფილ მამერტინს ძითა და სხვა სამასი ქრისტიანითურთ. ფლოროსი და ლავროსი თავად ლიკაონთან გაგზავნეს, მან კი ამომშრალ ჭაში ჩაყარა მარტვილები და შიგ ცოცხლად ჩამარხა. მრავალი წლის შემდეგ მოწამეთა ცხედრები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. ისინი პატივით გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.