წმიდა მოწამე ევლალია დაიბადა ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის (დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმიდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. ეს რომ გაიგო, ევლალია ღამით ფარულად გავიდა სახლიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და ეშმაკებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა. დაკიანემ ბრძანა, არგნებით დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, მაგრამ იგი ახოვნად ითმენდა სატანჯველს, მსაჯულს კი უთხრა, უფალმა ტკივილის შეგრძნებისგან გამათავისუფლაო. მარტვილი ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება. დაკიანემ ნიშნის მოგებით ჰკითხა ნეტარს: „სად არის შენი ღმერთი, რომელსაც ჰხადი?“ ევლალიამ უპასუხა: „უფალი ჩემს გვერდითაა, მაგრამ შენ შენი სიბილწის გამო მისი დანახვა არ შეგიძლია“. წმიდა მოწამის ლოცვისას: „აჰა, ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა“ (ფს. 53.4), ცეცხლის ალი ჯალათებისკენ მიიქცა და ისინი მიწაზე დაენარცხნენ. ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.
შეკრებილმა ხალხმა ცხადად დაინახა, თუ როგორ მოსწყდა თეთრი მტრედი მის ბაგეებს და ზეცაში აიჭრა. მარტვილის მშობლები, რომლებმაც შვილი უკვე მიცვალებული იპოვეს, ტიროდნენ, მაგრამ ხარობდნენ კიდეც იმის გამო, რომ მათი ასული წმიდანთა დასს შეერთო. როცა ქრისტეს ტარიგის ცხედარს ხიდან ხსნიდნენ, ერთმა ქრისტიანმა, სახელად ფელიქსმა, მას სიხარულის ცრემლებით მიმართა: „ქალბატონო ევლალია, შენ ჩვენზე ადრე შეიქენი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი!“ სამი დღის წინ გარდაცვლილმა ევლალიამ მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფელიქსი მალე თვითონაც წამებით აღესრულა ქრისტესთვის.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.