მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: დაეუფლა პოეზიას, ფილოსოფიას, რიტორიკასა და სხვა მეცნიერებებს. ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში იგი მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, მღვდელმთავარმა პოლიკარპე სმირნელმა (ხს. 23 თებერვალს) განსწავლა. მანვე მონათლა ჭაბუკი, ხუცესად აკურთხა და გალიის ქალაქ ლუგდუნში (დღევანდელი ლიონი - საფრანგეთში) გაგზავნა მხცოვან მღვდელმთავარ პოთინესთან. მალე ირინეოსს საპასუხისმგებლო დავალება მიეცა - აღმსარებლებმა რომის პაპ ელეფთერს (177-190) მისი ხელით ეპისტოლე გაუგზავნეს. წმიდანის არყოფნაში ყველა გამორჩეული ქრისტიანი საპყრობილეში ჩაყარეს. 178 წელს, ეპისკოპოს პოთინეს მოწამეობრივი აღსასრულიდან ერთი წლის თავზე ნეტარ ირინეოსს ქალაქ ლუგდუნის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. „მოკლე ხანში, - წერდა წმიდანის შესახებ მღვდელმთავარი გრიგოლ ტურელი, - თავისი ქადაგებით მან მთელი ლუგდუნი ქრისტიანულ ქალაქად აქცია!“
იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.