ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.
ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. „დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, - თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: „ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო“.
სხვა დროს ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: „ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ“. ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.
სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ დაკრძალეს ტაძრის შესასვლელში.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.