წმიდა შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.
იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.
ქართლსმოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.
სანატრელმა შუშანიკმა, რომელიც ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ წინასწარმეტყველივით უთხრა გამოგზავნილებს: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. მან შვილები საკურთხევლის წინაშე დააყენა და უფალს შეჰღაღადა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“.
მწუხრის ლოცვის შემდეგ წმიდა დედოფალმა ეკლესიის მახლობლად მდგომ სახლს მიაშურა, „შევიდა მუნ შინა სიმწრითა სავსჱ და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა“.
საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა, იაკობ ხუცესმა მოინახულა. ის აატირა დედოფლის საცოდაობამ და გააფრთხილა სულიერი შვილი: ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს, ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიც იმედი არა გაქვს, სჯობს მოერიდო მასთან შეჯახებასო. ამაზე წმიდა შუშანიკმა უპასუხა: „უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱ მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.
სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურტავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან და ლმობიერად უთხრა: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. მღვდლებმა კი ამხილეს სჯულის უარმყოფელი: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მხილებით გაგულისებულმა ვარსქენმა მეუღლის გადმობირება გადაწყვიტა, მაგრამ შუშანიკმა მწარედ ამხილა და თან მტკიცედ შეუთვალა: „შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა“.
ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.
ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი.
გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.
დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი. შემდეგ მსახურს უბრძანა, არავინ შეეშვა მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა.
შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამები სახე იხილა, განცდებს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ატირდა. წმიდა შუშანიკმა მშვიდად უთხრა: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“.
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი |
იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება, მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუნი დაედო. შუშანიკმა მიუგო: „ჴუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა“.
ჰონების წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის წინ ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულები წაართვა შუშანიკს... ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა-ლოცვასა და ტირილში გაატარა წმიდა ორმეოცი.
ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა შუშანიკი მოიკითხა. ერთმა ახლობელმა კარისკაცმა ურჩია, ამ წმიდა მარხვაში არაფერი ეთქვა მისთვის. მარხვის შემდეგ ვარსქენმა ცემით წაიყვანა დედოფალი სასახლეში, სამასი ჯოხი დაჰკრა, ქედზე ჯაჭვის დადება და საპყრობილეში ჩასმა ბრძანა.
ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ... შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა - „ტირილითა დიდითა... თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“.
სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა.
სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.
მე-6 საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.
ძველი ქართულით | თანამედროვე ქართულით |
და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი: | და ახლა დამტკიცებით გეტყვით თქვენ წმინდა და სანატრელი შუშანიკის აღსასრულის შესახებ. |
I. იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში,
ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ.
და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე
თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ,
მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით. და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს-ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად მისთჳს. რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტესსა. ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ ქრისტესი, ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტესთჳს?! რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათვის, არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირჳდა მეფისა მის მიმართ, უვარის-ყოფითა ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა ცეცხლსა, რამეთუ ყოველით კერძოვე თავი თჳსი ქრისტეჲსგან განაგდო. ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაჲთამცა სათნო-ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა-ესე მე“. ამას უქადებდა, რომელი-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისაგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ. |
1. სპარსელთა მეფის მერვე წელს სამეფო კარისკენ გაემართა ვარსქენ პიტიახში, არშუშას
ძე; თავდაპირველად ისიც ქრისტიანი იყო და ქრისტიანი მამისა და დედის ნაშობი, და მის
ცოლად იყო სომეხთა სპასპეტის, ვარდანის ასული, რომლის შესახებაც მოგწერეთ თქვენ.
მამისგან სახელი ჰქონდა ვარდანი, სიყვარულით კი მისი სახელი იყო შუშანიკი, მოშიში
ღვთისა, როგორც ვთქვით, თავისი სიყრმიდან;
ხოლო თავისი ქმრის უკეთური ბუნების გამო იგი მუდამჟამს ფიქრებში იყო· და ყველას ევედრებოდა მისთვის ლოცვის აღვლენას, რომ ღმერთს შეეცვალა იგი უგუნურების ბუნებისგან და მიახლებოდა ქრისტეს გონიერებას. ხოლო უბადრუკი და სამგზის შესაბრალისი ვასქენის, ამ ყოვლად განწირულის, შესახებ როგორღა თქვას ვინმემ, თუ როგორ უკუაგდო მან სანატრელი იმედი ქრისტესი? ანდა ვინ არ იტირებს მას, რომელსაც არც ჭირი ენახა, არც შიში, არც მახვილი, არც პყრობილება· ქრისტესთვის? რადგან როდესაც მივიდა და წარდგა იგი სპარსელთა მეფის წინაშე, [წარდგა] არათუ პატივის მისაღებად, არამედ ძღვნად სწირავდა თავის თავს ამ მეფეს ჭეშმარიტი ღვთის უარყოფით და თაყვანს სცემდა ცეცხლს, რომ ყოველმხრივ გაეშორებინა თავისი თავი ქრისტესგან. ამასთან, ეს საბრალო ცოლს ითხოვდა სპარსელთა მეფისგან, რომ მოსწონებოდა იგი მეფეს, და ასე ეუბნებოდა: „რომლებიც თავდაპირველი ცოლია და შვილები, იმათაც ისევე მოვაქცევ შენს მსახურებაზე, როგორც- მე“ (იმას ჰპირდებოდა იგი, რაც შუშანიკისგან ხელთ არ ჰქონდა). მაშინ გაიხარა მეფემ და ბრძანა მის ცოლად ასული მეფისა. |
II. და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და ვითარცა მოიწია იგი საზღვართა
ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ
მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო, ვითარცა გუელი,
სოფლად შევიდეს. და წარმოჰმართა საიდასპანოჲთა ცხენითა მონაჲ თჳსი. და ვითარცა
მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქჳან ცურტავ. და ვითარცა მოიწია და შევიდა წინაშე შუშანიკისა, დედოფლისა ჩუენისა, კითხვაჲ ჰრქუა, ხოლო სანატრელმან შუშანიკ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან ჰრქუა: „უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ, იგიცა და შენცა. უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ!“. ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ აფუცებდა და ჰკითხჳდა დამტკიცებულად. ხოლო კაცმან უთხრა მართალი და ჰრქუა, ვითარმედ: „ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“. ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“. და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი და ღმრთისმოშიშებით ეკლესიად შევიდა და თანა მიიყვანა სამნი იგი ძენი და ერთი ასული და წარადგინნა იგინი წინაშე საკურთხეველისა და ესრეთ ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან და შენ დაიცვენ ესენი, განათლებულნი წმიდისაგან ემბაზისა, მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა!“ და ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულეს, სახლაკი ერთი მცირე პოვა მახლობელად ეკლესიასა და შევიდა მუნ შინა სიმწარითა სავსე და მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა. |
2. და წამოვიდა სპარსელთა მეფისგან პიტიახში, ხოლო როდესაც მოაღწია მან ქართლის
საზღვრებს, ჰერეთის მხარეს, განიზრახა, რომ შეეტყობინებინა და წინ მიჰგებებოდნენ
მას აზნაურები, თავისი ძეები და თავისი მსახურები, რომ მათ მიერ ქვეყანაში გველივით
შემოსულიყო. წარმოგზავნა მან მონა მალემსრბოლის· ცხენით; და როდესაც ეს მონა მოვიდა
იმ დაბასთან, რომელსაც სახელად ერქვა ცურტაეთი. და რაჟამს შევიდა იგი წმინდა შუშანიკთან, ჩვენს დედოფალთან, მოკითხვა უთხრა· მას, ხოლო სანატრელმა შუშანიკმა, როგორც წინასწარმეტყველმა, თქვა: „თუკი სულით ცოცხალია იგი, სიმრთელით იყავით ისიც და შენც, ხოლო თუ სულით მომკვდარი ხართ, ეგ შენი მოკითხვა შენვე მოგიბრუნდეს“. იმ კაცმაც ვერ გაბედა სიტყვის თქმა, წმინდა შუშანიკი კი აფიცებდა და ეკითხებოდა მას დაჭეშმარიტებით, ხოლო იმ კაცმა აუწყა მართალი და უთხრა, რომ „ვასქენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი“. როგორც კი გაიგონა ეს ნეტარმა შუშანიკმა, დაეცა იგი მიწაზე, თავს ქვევით ურტყამდა და მწარე ცრემლით ამბობდა: „საცოდავი გახდა უბადრუკი ვასქენი, რადგან უარყო მან ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოებს“. ადგა შუშანიკი, დატოვა თავისი სასახლე და ღვთისმოშიშებით შევიდა ეკლესიაში. თან მიიყვანა მან თავისი სამი ძე და ერთი ასული, წარუდგინა ისინი [ღმერთს] საკურთხევლის წინ და ასე ლოცულობდა და ამბობდა: „უფალო ღმერთო, შენი მოცემულები არიან და შენ დაიცავი ესენი, სულიწმინდის მადლით წმინდა ემბაზისგან განათლებულნი, რომ იყვნენ ერთი სამწყსო ერთი მწყემსისა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი. როდესაც მწუხრის მსახურება აღასრულეს, ნახა მან ერთი პატარა სახლაკი ეკლესიის ახლოს, შევიდა იქ შიგნით სიმწარით სავსე, მიეყრდნო ერთ კუთხეს და მწარე ცრემლით ტიროდა. |
III. ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც,
არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსამე სიტყჳსა.
და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის
მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი - მოსლვაჲ პიტიახშისაჲ
და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და დიდითაი ტირილითა
ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათ ჩუენთა წარმოჩინებისათჳს. ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე დაბასა მას, რომელსაცა იყო ნეტარი შუშანიკ. და ვითარცა ვიხილე იგი განმწარებული, მეცა ვტიროდე მის თანავე. და ვარქვი ნეტარსა შუშანიკს: „ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესსა, ნუ-უკუე მტერმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოოს შენ თანა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ ვარ“. და მე ვარქუ მას: „ეგრჱთ არს. მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“. ხოლო მან მრქუა მე: „ჩემდა მარტოჲსა არიან ჭირნი ესე!“ ხოლო მე ვარქუ მას: „ჭირნი შენნი ჭირნი ჩუენნი არიან და სიხარული შენი სიხარული ჩუენი არს. ჩუენი არა ხოლო თუ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ ჩუენ, ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ“. და ვარქუ მე სანატრელსა მას: „ხუაშიადადრე, ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. ხოლო მან მრქუა მე: „რასა მკითხავ ამას?“ დ მე მიუგე და ვარქუ მას: „მტკიცედ სდგაა?“ და მან მრქუა მე: „ ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა ვარსქენისათა!“ მე მიუგე და ვარქუ მას: „მწარე გონება აქუს მას, გუემასა და ტანჯუასა დიდსა შეგაგდოს შენ“. ხოლო მან მრქუა მე: „უმჯობეს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. და მე ვთქუ: „ეგრეთ არს“. |
3. ხოლო პიტიახშის სახლის ეპისკოპოსი, რომელსაც სახელად ერქვა აფოცი, არ იმყოფებოდა
იქ, არამედ ვიღაც წმინდა კაცის სახლშიი· იყო მისული მოსაკითხად და მეც, დედოფლის
ხუცესი, მასთან ერთად ვიყავი იმ სახლში.
და მყისვე მოვიდა შინიდან· დიაკონი და უთხრა მასეს ყოველივე: პიტიახშის მოსვლა და
დედოფლის საქმეები, ხოლო ჩვენ ავივსეთ მწუხარებით და გამწარებულნი ვტიროდით დიდი
ტირილით ჩვენი ცოდვების წარმოჩენისთვის. ხოლო მე ადრე წამოვედი და მოვედი იმ დაბაში, სადაც იყო ნეტარი შუშანიკი. როდესაც ვნახე იგი მეტად გამწარებული, მეც ვტიროდი მასთან ერთად. ამასთან, ვუთხარი ნეტარ შუშანიკს: „დიდ ბრძოლაში შედიხარ, ჩემო დედოფალო. გაუფრთხილდი ქრისტეს სარწმუნოებას, რომ არ ნახოს საძოვარი შენთან მტერმა როგორც განგრენამ“. ხოლო წმინდა შუშანიკმა მითხრა მე:„ხუცესო, მეც დიდი ბრძოლისთვის გამზადებული ვარ“. და მე ვუთხარი მას: „ეგ ეგრეა. მხნე იყავი შენ, მომთმენი და სულგრძელი“. მან კი მითხრა მე: „მარტო ჩემთვისაა ეს ჭირი“. და მე ვუთხარი მას: „შენი ჭირი ჩვენი ჭირია და შენი სიხარული ჩვენი სიხარული. ჩვენი არა მხოლოდ დედოფალი იყავი, არამედ ჩვენ ყველას როგორც შვილებს ისე გვხედავდი“. და მე ვუთხარი ამ სანატრელს: „ჩანაფიქრით რა როგორ გაქვს განზრახული, მითხარი მე, რომ ვიცოდე და აღვწერო შენი ღვაწლი“, მან კი მითხრა მე: „რისთვის მეკითხები ამას?“ მეც მივუგე და ვუთხარი: „მტკიცედ დგახარ?“ და მან მითხრა მე: „ნუ მოხდება ჩემზე, რომ ვეზიარო მე ვასქენის საქმეებსა და ცოდვებს“. მე მივუგე და ვუთხარი: „მწარე განზრახვა აქვს მას, დიდ გვემასა და ტანჯვაში ჩაგაგდებს შენ“; ხოლო მან მითხრა მე: „უმჯობესი იქნება მისი ხელით ჩემი სიკვდილი, ვიდრე მისი და ჩემი შეყრა და ჩემი სულის წარწყმედა, რადგან მსმენია პავლე მოციქულისგან: „არ არის დამონებული ძმა ანდა და, არამედ გაიმიჯნოს“. და მე ვთქვი: „ასეა“. |
IV. და ვიდრე ჩუენ ამას სიტყუასა შინა ვიყვენით, კაცი ერთი სპარსი მოვიდა და შევიდა
იგი წინაშე ნეტარისა შუშანიკისა, და ტირილით იტყოდა: „ესევითარი სახლი მშჳდობისაჲ
ვითარ საწყალობელ იქმნა და სიხარული მწუხარებად გარდაიქცა“. ხოლო ზრახვითა იყო
იგი ვარსქენისითა და ზაკუვით იტყოდა ამას და უნდა მონადირებაჲ ნეტარისა მის. ხოლო
წმიდამან მან ცნა ზაკუვითი იგი ზრახვაჲ მისი და მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ. და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს, ცოლი შენი განდგომილ არს შენგან. და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ იწრო არს“. და ხვალისა დღე, ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ, ხუცესთა, და მივედით. და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გვრქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე ნუცა ღა გძაგ“. და ჩუენ მიუგეთ და ვარქუთ: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. მაშინღა იწყო სიტყუად და თქუა: „რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ შენ ჩემი ხატი დაამჴუ. და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ. და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და, თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა!“ ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს. |
4. და სანამ ჩვენ ამ საუბარში ვიყავით, ერთი სპარსელი კაცი მოვიდა, შევიდა იგი
ნეტარ შუშანიკთან და ტირილით ამბობდა: „მშვიდობის ასეთი სახლი როგორ შესაბრალისი
გახდა და [როგორ] გადაიქცა სიხარული მწუხარებად?“ მაგრამ ვარსქენისაგან ჰქონდა მას
დარიგება და მზაკვრულად ამბობდა ამას, რადგან უნდოდა მონადირება ამ
ნეტარისა,·წმინდანმა კი შეიცნო მისი მზაკვრული ჩანაფიქრი და შემოიმიჯნა თავისი თავი
მტკიცედ. და სამი დღის შემდეგ მოვიდა ვასქენ პიტიახში. უთხრა მას იმ სპარსელმა ფარულად: „მე როგორც შემიცვნია, შენი ცოლი გამდგარია შენგან, და მე გეუბნები შენ: „რაიმე მკაცრ სიტყვას ნუ ეუბნები მას, რადგან ქალთა ბუნება ვიწროა“. მეორე დღეს, როდესაც ადგა პიტიახში, გვიხმო ჩვენ, ხუცესებს, და მივედით. სიყვარულით მიგვიღო მან და თქვა: „ახლა ნურავისთვის მერიდებით მე, ნურც გძულვართ“. ჩვენ კი მივუგეთ და ვუთხარით: „დაღუპეშენი თავი და ჩვენც დაგვღუპე “. მაშინღა დაიწყო მან ლაპარაკი და თქვა: „რატომ იუფლა ჩემზე ჩემმა ცოლმა ამგვარის ჩასადენად? ახლა მიდით და უთხარით: «შენ ჩემი ხატიc დაამხე და ჩემს საწოლს ნაცარი გადააყარე, შენი ადგილი დაგიტოვებია და სხვაგან წასულხარ»“. ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა: „არათუ მე· აღმემართა ის ხატი, რომ მე დამემხო, მაგრამ შენმა მამამ აღმართა სამარტვილეები და ეკლესიები ააშენა, შენ კი შენი მამის საქმეები შებილwე და გააუკუღმართე მისი სიკეთეები. შენმა მამამ წმინდანები შემოიყვანა თავის სახლში, ხოლო შენ დევები შემოიყვანე. მან აღიარა და ირწმუნა ცისა და მიწის შემქმნელი ღმერთი, შენ კი ჭეშმარიტი ღმერთი უარყავი და ცეცხლს ეთაყვანე. ამიტომ, როგორც შენ შეურაცხყავი შენი შემოქმედი, ასევე მე შენ შეურაცხგყოფ, და თუნდაც ბევრი ტანჯვა მომაყენო მე, არ ვეზიარები შენს საქმეებს“. ჩვენც ეს ყოველივე ვაუწყეთ პიტიახშს, ის კი განრისხდა და ბრდღვინავდა მის გამო. |
V. მერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმის ცოლი თჳსი, და ეპისკოპოსი
სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: „ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და
ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს, უკუეთუ არა, თრევით მოგითრიო!“ და ვითარ მიიწინეს და შევიდეს წინაშე დედოფლისა და მრავალსა დასაჯერებელსა სიტყუასა ეტყოდეს მას, მაშინ წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მათ: „კაცნო ბრძენნო, თქუენ კეთილად იტყჳთ, გარნა ნუ დაგიჯერებიეს, თუმცა მე მისა ცოლადღა ვიყავ. მეგონა მე, ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო და ღმერთი ჭეშმარიტი აღიაროს, და აწ მე მაიძულებთ ამას ყოფად?! ნუ იყოფინ ესე ჩემდა! და შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაჲ ჩემი არს, რომელნი მის კერძო და მისთა საქმეთა ზიარ ხართ“. ჰრქუა მას ჯოჯიკ: „უწყი მე, აწ მოავლინნეს მსახურნი და თრევით წარგიყუანოს შენ“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაჲ ჩემი მისგან“. და ვითარცა ესმა ესე მისგან, ცრემლოოდეს ყოველნი და ჯოჯიკ აღდგა და ცრემლით გარე განვიდა.ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ეპისკოპოსსა: „ვითარ მეტყჳ მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?!“ ხოლო ჯოჯიკ ევედრებოდა და ეტყოდა: „დაჲ ჩუენი ხარ შენ, ნუ წარსწყმედ სახლსა ამას სადედოფლოსა“. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „უწყი, ვითარმედ დაჲ ვარ და ერთგან განზრდილნი, ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაჲ იქმნა, და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით“. და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი, და ტირილით ესრჱთ იტყოდა: „უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“. ესე თქუა და წარვიდა მათ თანა, და თანაწარიტანა ევანგელჱ თჳსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი. და რაჟამს შევიდა იგი ტაძარსა მას, არა დაჯდა იგი თჳსსა მას გალიაკსა, არამედ სენაკსა შინა მცირესა. და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად წმიდამან შუშანიკ და თქუა: „უფალო ღმერთო, არცა მღვდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ. არცა ერისა კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას. არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს მტერსა ღმრთისასა ვარსქენს“. |
5. შემდეგ მიაგზავნა მან ჯოჯიკი, თავისი ძმა, და ჯოჯიკის ცოლი, თავისი ძმისცოლი,
აგრეთვე თავისი სახლის ეპისკოპოსი, და უთხრა მათ: „ასე უთხარით: «ადექი, შენს
ადგილას მოდი და მაგნაირი განზრახვა ნუ გაქვს, თორემ თრევით მოგათრევთ აქ
უმოწყალოდ»“.
როდესაც ესენი მივიდნენ და შევიდნენ დედოფალთან, მრავალ დამარწმუნებელ სიტყვას ეუბნებოდნენ მას; მაშინ კი წმინდა შუშანიკმა უთხრა მათ: „ბრძენო ადამიანებო, თქვენ კარგად ამბობთ, მაგრამ ნუ დაგიჯერებიათ, რომ მისi ცოლi ვიყავი. მეგონა მე, რომ მას ჩემსკენ მოაქცევდით და აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, და ახლა მე მაიძულებთ ამის გაკეთებას? ნუ მოხდება ეს ჩემზე! შენ კი, ჯოჯიკ, აღარ ხარ ჩემი მაზლი და არც მე ვარ შენი ძმისცოლი, არცთუ შენი ცოლია ჩემი და, რომლებიც მის მხარეს და მისი საქმეების მოზიარეები ხართ“. უთხრა მას ჯოჯიკმა: „ვიცი მე, ახლა გამოგზავნის მსახურებს და თრევით წაგიყვანს შენ“. წმინდა შუშანიკმა უთხრა: „თუკი შემკრავს მე და მათრევს, გამიხარდება, რადგან ამ სახით იქნება ჩემი გადარჩენა მისგან“. როდესაც ეს გაიგონეს მისგან, აცრემლდა ყველა, ჯოჯიკი კი ადგა და ცრემლით გარეთ გამოვიდა. წმინდა შუშანიკმა უთხრა ეპისკოპოსს: „როგორ მეუბნები შენ, რომ დავუჯერო მე მას, რადგან მაn ღმერთი უარყო?“ მაგრამ ჯოჯიკი ევედრებოდა: „ჩვენი და ხარ, ნუ დაღუპავ ამ სამეფო სახლს“. უთხრა მას წმინდა შუშანიკმა: „ვიცი, რომ და ვარ, ერთად გაზრდილები, მაგრამ ვერ ვიზამ მაგას, რომ სისხლი დაიქცეს და თქვენ ყველანი პასუხისმგებლები გახდეთ“, და როდესაც ძალიან აიძულეს, ადგა ნეტარი შუშანიკი, თან წაიღო თავისი სახარება· და ტირილით ასე ამბობდა: „უფალო ღმერთო, შენ იცი, რომ მე მთელი გულით მივდივარ სასიკვდილოდ“. ეს თქვა და წავიდა მათთან ერთად. თან წაიღო მან თავისი სახარება და მოწამეთა წმინდა წიგნები. როდესაც შევიდა იგი სასახლეში, დაჯდა არა თავის ტახტზე, არამედ - პატარა სენაკში. აღიპყრა თავისი ხელები ზეცად წმინდა შუშანიკმა და თქვა: „უფალო ღმერთო, არც რომელიმე მღვდელთაგანი აღმოჩნდა მოწყალე, არცთუ საეროთაგანი ვინმე გამოჩნდა ამ ხალხში, არამედ ყველამ მიმგვარა მე სასიკვდილოდ ღვთის მტერს ვასქენს“. |
VI. და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა თჳსთა:
„ოდეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო სხუასა ნუ ვინ უფლიედ
ჩუენ თანა შემოსლვად“. და რაჟამს შემწუხრდა, მოუწოდეს ცოლსა ჯოჯიკისსა და ინებეს
ერთად პურისა ჭამაჲ, რაჲთამცა მოიყვანეს წმიდაჲ შუშანიკცა. და ვითარცა მოიწია ჟამი
პურისაჲ, შევიდეს ჯოჯიკ და ცოლი მისი წინაშე წმიდისა შუშანიკისა, რაითამცა მასცა
აჭამეს პური, რამეთუ ყოველნი იგი დღენი უზმასა გარდაევლინეს. და ვითარცა მეტად
აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არარაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან
მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან
შუშანიკ რისხვით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა
პური?!“ და განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია. მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთაჲ. და ვითარცა მცირედ და-რე-სცხრა გულისწყრომისაგან, მოვიდა სპარსი იგი და მჴურვალედ ევედრებოდა მას, რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა წმიდაჲ შუშანიკ. და ვითარ ფრიად ევედრებოდა, ბრძანა განტევებაჲ მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაჲ და კრძალულად დაცვაჲ მისი ერთითა მსახურითა, და რაჲთა სხუაჲ არა ვინ შევიდეს ხილვად მისა, - არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი. |
6. ორი დღის შემდეგ მოვიდა ის მგელი სასახლეში და უთხრა თავის მსახურებს: „დღეს მე,
ჯოჯიკი და მისი ცოლი ერთად პურს შევჭამთ, სხვაs კი ნურავის ექნება ჩვენთან
შემოსვლის ნება“. როდესაც შეღამდა, მოუხმეს ჯოჯიკის ცოლს და ინებეს განმარტოებით
პურისჭამა, რომ მოეყვანათ წმინდა ·შუშანიკიც. როგორც კი დადგა პურობის დრო,
შევიდნენ ჯოჯიკი და მისი ცოლი წმინდა შუშანიკთან, რომ მისთვისაც ეჭმიათ პური,
რადგან მთელი ის დღეები უზმოდ გადაევლო. როდესაც მეტისმეტად აიძულეს, ძალით
წაიყვანეს სასახლეში, მაგრამ მან არაფრის გემო არ გასინჯა, ჯოჯიკის ცოლმა კი
მიართვა ჭიქით ღვინო და აიძულებდა მას, რომ მხოლოდ იგი შეესვა. უთხრა მას წმინდა
შუშანიკმა რისხვით: „როდის ყოფილა აქამდე, რომ კაცებსა და ქალებს ერთად ეჭამოთ
პური?“ გაიქნია მან ხელი, ჭიქა სახეში შეალეწა და ღვინო დაიქცა.
მაშინ დაიწყო უწესოდ გინება ვასქენმა და თავისი ფეხით წიხლავდა მას; აიღო აქანდაზი, დაჰკრა თავზე· ჩამარხა. დაუსივა მას ერთი თვალი, თანაც სახეში მჯიღით სცემდა უმოწყალოდდა თმით მიმოათრევდა; როგორც მძვინვარე მხეცი, გაჰკიოდა და ყვიროდა იგი როგორც გიჟი. მაშინ საშველად ადგა ჯოჯიკი, ვასქენის ძმა, და იბრძოდნენ, [სანამ არ გვემა ისიც. და კუბასტიც მოჰგლიჯა მის თავს], და გაჭირვებით, როგორც მგელს კრავი, გამოაცალa მას ხელებიდან იგი. და იდო მიწაზე წმინდა შუშანიკი როგორც მკვდარი, ვასქენი კი აგინებდა მის თესლ-ტომს და ოჯახს მაოხრებელს უწოდებდა მას. შემდეგ ბრძანა მისი შეკვრა, მის ფეხებზებორკილების დადება. როდესაც ვასქენი ცოტათი დაცხრა გულისწყრომისგან, მოვიდა ის სპარსელი და მხურვალედ ევედრებოდა მას, რომ ბორკილებისგან გაეთავისუფლებინა წმინდა შუშანიკი, და რადგან ძალიან ევედრებოდა, ბრძანა გაეშვათ და ერთ სენაკში შეეყვანათ, ამასთან, საიმედოდ იცავდა მას ერთი მსახურის მიერ და სხვა არავინ შედიოდა მის სანახავად, გინდ კაცი ყოფილიყო , გინდ ქალთაგანი. |
VII. და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, ვითარმედ:
„წყლულებისა მისგან ვითარ არს?“ ხოლო მან ჰრქუა მას: „ვერ განსარინებელ არს იგი“.
მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი. და დაუკჳრდა დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო
მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს ხილვად მისა“. და თჳთ ნადირობად წარვიდა. ხოლო მე აღდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას მე?“ და მე ვარქუ მას: „უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა და, თუ მოგკლას შენ მისთჳს, რაჲ არს?“ მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული, და აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახეულ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა ჰე, ღა-მე თუ განიკურნო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთაჲ“. ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად. მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა საკაული ესე მისი, ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარა მეჴმარების!“ ხოლო მე ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა ყრმაჲ ერთი და თქუა: „იაკობ მანდა არსა?“ და მე ვარქუ, ვითარმედ: „რაჲ გინებს?“ და მან მრქუა: „უწესს პიტიახში. და მე დამიკჳრდა, თუ რაჲსა-მე მიწესს ამას ჟამსა?! და მივისწრაფე და მივედ და მან მრქუა მე: „უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა? და ჩემი სამკაული მას არა დაუტეო. ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა-რაჲ არს!“ ხოლო მე მივედ და უთხარ წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და ყოველივე მომიძღუანა. და მივართუ პიტიახშსა და მან მიიღო ჩემგან, აღიხილნა და იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეამკოს“. |
7. როდესაც ჯერ კიდევ ცისკარი იყო, იკითხა მან და უთხრა თავის მსახურს:
„როგორ
არის ჭრილობისგან?“ მან კი უთხრა მას : „ვერ გადარჩება იგი“. მაშინ თვითონ შევიდა,
ნახა იგი და გაუკვირდა მისი სიმსივნე. შემდეგ ამცნო მსახურს და უთხრა: „ნურავინ
შევა მის სანხავად“, და თვით სანადიროდ წავიდა.
ხოლო მე ავდექი, მივედი და ვუთხარი იმ მცველს: „მხოლოდ მე მარტო შემიშვი და ვნახავ მის ჭრილობას“. ·მან კი მითხრა მე : „იქნებ გაიგოს და მომკლას მე“. და მე ვუთხარი მას: „ჰოი უბადრუკო, მისი გაზრდილი არ ხარ შენ? მის გამო რომც მოგკლას, რა არის?“ მაშინ შემიშვა მე ფარულად. როდესაც შიგნით შევედი, ვნახე მისი სხეული დამსკდარი და გასიებული. ხმა გამიქრა ტირილისგან, წმინდა შუშანიკმა კი მითხრა მე: „ნუ ტირი ჩემთვის, რადგან სიხარულის სათავე გახდა ჩემთვის ეს ღამე“. ვუთხარი მე წმინდა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბან მაგ სისხლს სახეზე და ნაცარს, რაც შენს თვალებშია ჩაცვენილი. სალბუნსა და წამალს დაგადებ, რომ იქნებ, მაშ, ღამით განიკურნო“. მაგრამ წმინდა შუშანიკმა მითხრა მე: „ხუცესო, ნუ ამბობ მაგას, რადგან ეგ სისხლი ჩემი ცოდვების გამწმენდია“. ხოლო მე დავაძალე ცოტათი საჭმლის მიღება, რაც მოერთმიათ სამოელ ეპისკოპოსს და იოანეს, რადგან ფარულად ზრუნავდნენ მასზე და ანუგეშებდნენ. მაშინ მითხრა მე წმინდა შუშანიკმა: „ხუცესო, არ შემიძლია გემოს გასინჯვა, რადგან ყბები და ზოგი კბილი ჩამტვრეულია“. მაშინ ავიღე ცოტათი ღვინო და პური, დავალბე და ცოტათი გემო გასინჯა. მე კი ვჩქარობდი გამოსვლას. მაშინ მითხრა მე წმინდა შუშანიკმა: „ხუცესო, გავუგზავნი ამ სამკაულს, იქნებ თხოულობს, რადგან მე ამ ცხოვრებაში აღარაფრად მჭირდება“. მაგრამ მე ვუთხარი: „ნურას ჩქარობ, იყოს შენთან“. და როდესაც ჩვენ ამ ბჭობაში ვიყავით, მოვიდა ერთი ჭაბუკი და თქვა: „იაკობი მანდ არის?“ მე ვუთხარი: „რა გნებავს?“ მან თქვა: „უხმობს პიტიახში“. მე გამიკვირდა, თუ რატომ მიხმობს ამ დროს. მივიჩქარე და მივედი, მან კი მითხრა მე: „იცი, ხუცესო, მე ჰუნებზე საბრძოლველად მივდივარ და ჩემს სამკაულს მას არ დავუტოვებ. რადგან იგი ჩემი ცოლი არ არის, მოინახება ის, ვინც გაცვეთს მას. წადი და მომართვი მე აქ ის ყოველივე, რაც კი რამ არის“. მეც მივედი და ვუთხარი წმინდა შუშანიკს , მან კი მეტად გაიხარა და მადლობა უძღვნა ღმერთს, შემდეგ მომიტანა ყოველივე და მივართვი პიტიახშს, მან კი მიიღო ჩემგან,· დაათვალიერა და ნახა ყველაფერი დაცულად და კვლავ თქვა: „შემდეგაც მოინახება ვინმე, ვინც ამას დაიმშვენებს“. |
VIII. და ვითარცა მოიწინეს დიდნი იგი მარხვანი, მივიდა ნეტარი იგი შუშანიკ მახლობელად
წმიდასა ეკლესიასა და იძია მცირჱ სენაკი და მუნ დაეყუდა. და იყო სენაკსა მას მცირჱ
სარკუმელი და დაყო იგი. და იყო ბნელსა მას შინა მარხვით და ლოცვით და ტირილით.
და ჰრქუა ვინმე პიტიახშსა საკუთარმან მისმან, ვითარმედ: „ამათ წმიდათა მარხვათა
ნუ რას ერტყჳ მას“. და ვითარ მოიწია აღვსებისა ორშაბათი და მოვიდა პიტიახში ბრძოლისა მისგან ჰონთაჲსა, ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა. და აღდგა და მივიდა ეკლესიად და ეტყოდა ეპისკოპოსსა მას აფოცს: „გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ ჩემგან?“ და იწყო გინებად და გმობად ღმრთისა სასტიკად. ხოლო ხუცესმან ერთმან ჰრქუა მას: „უფალო, რაჲსა ეგრე იქმ, და იტყჳ ეგრეთ ბოროტსა და აგინებ ეპისკოპოსსა, და წმიდასა შუშანიკს რისხვით ეტყჳ?“ ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა. და მან ვერღარა იკადრა სიტყუად. და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკურადი, მიერთრია; და ადგილდ-ადგილდ ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ მოიყვანეს იგი ტაძრად. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ. ბოროტებდა და იტყოდა: „აჰა, ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი!“ და ვითარცა სცეს კუერთხსა სამას ოდენ, არა რაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“ და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებაჲ ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენეკაპანსა ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ და საპყრობილესა ბნელსა შეაყენონ იგი, და მოკუდეს. |
8. და როდესაც დადგა დიდმარხვა, მივიდა ნეტარი შუშანიკი ეკლესიის მახლობლად,
მოძებნა პატარა სენაკი და მასში განმარტოვდა. იყო იმ სენაკში პატარა სარკმელი და
ისიც ჩაკეტა. და იმყოფებოდა იგი იმ სიბნელეში მარხვით, ლოცვითა და ტირილით. უთხრა
კი პიტიახშს ვიღაცამ, მისმა ახლობელმა: „ამ წმინდა მარხვებში ნურაფერს ეტყვი
მას“. და როდესაც დადგა აღვსების ორშაბათი და დაბრუნდა პიტიახში ჰონების წინააღმდეგ ბრძოლისგან. მის გულს ეშმაკი თხრიდა. ადგა იგი, მივიდა ეკლესიაში და ეუბნებოდა ეპისკოპოს აფოცს: მომეცი მაქედან ჩემი ცოლი, რად გამაშორებ მე?“დაიწყო მან გინება და სასტიკად ღვთის გმობა. ერთმა ხუცესმა კი უთხრა მას: „ბატონო, რისთვის აკეთებ ასე, რომ ამგვარად უკეთურს ამბობ, აგინებ ეპისკოპოსს და წმინდა შუშანიკს რისხვით ეუბნები?“ მაგრამ მან დაჰკრა კვერთხი იმ ხუცესს ზურგზე და იმან ვეღარ გაბედა სიტყვის თქმა. და ასე, თრევით წამოათრია წმინდა შუშანიკი ტალახში და ეკლებზე. და ეკლესიიდან სასახლემდე მიეთრია იგი როგორც მკვდარი, თან ადგილ-ადგილ · ქვეშ ძეძვი დაეფინა, თვითონ მას ფეხები დაედგა ძეძვებზე, ხოლო შუშანიკის კალთები და სხუელი წვრილ-წვრილად დაეგლიჯა ამ ძეძვს. ასე მოიყვანეს იგი სასახლეში. ვასქენმა ბრძანა მისი შეკვრა და ცემა, თან ფიცხობდა და ამბობდა: „აი, არ გარგო შენ შენმა ეკლესიამ, არც მაგ შენმა ზურგმა - ქრისტიანებმა და მათმა უფალმა“. როდესაც დაჰკრეს მას კვერთხი თითქმის სამასჯერ, არანაირი ვაება არ აღმოხდომია მის პირს, არცთუ კვნესა. მაშინ კი უთხრა წმინდა შუშანიკმა უსჯულო ვასქენს: „უბადრუკო, შენ შენი თავიც კი არ შეიწყალე და ღვთისგან განდექი და მე შემიწყალებ?“ და როდესაც ვასქენმა დაინახა დიდძალი სისხლი, რაც ჩამოსდიოდა შუშანიკის რბილ სხეულს, მაშინ ბრძანა მან, ჯაჭვი დაედოთ მის კისერზე, და უბრძანა ერთ მესენაკეს, წაეყვანა წმინდა შუშანიკი ციხეში და ბნელ საპყრობილეში ჩაეკეტა, რომ მომკვდარიყო იქ, შიგნით. |
IX. დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას ჟამსა,
რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ: „მტკიცედ დეგ!“
და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, ესთენ ოდენ ჰრქუა:
„მტკი...“ და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით. მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავდა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა. და მივიდოდა წმიდისა მის თან ამბოხი მრავალი დედებისა და მამაბისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს. ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული ციხით“. და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათა და დედათაჲ, მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტ-ჰყოფნ მათ ყოველთა. და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: „შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხითა გამოგიღონ“. და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა ზედა, ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო წმიდამან შუშანიკ თქუა: „მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ განვისვენო“. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: „ჰე, ჰე, განისუენე!“ მაშინ დაადგინნა მცუელნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. და ესრეთ ეტყოდა მათ: „გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა, მამაკაცი, გინა დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი! უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ!“ მაშინ გამოვიდა ციხით. |
9. იმ ეკლესიის ერთი დაიკონი იდგა შუშანიკთან იმ დროს, როდესაც გამოჰყავდათ იგი
სასახლიდან და უნდოდა, რომ ეთქვა: „მტკიცედ დადექი!“ მაგრამ თვალი ჰკიდა
პიტიახშმა და რადგან სხვა ვეღარაფრის თქმა ვეღარ დასცალდა, ასე უთხრა მხოლოდ: „მტკი...“ და დადუმდა კიდეც და გასაქცევად მიბრუნდა სწრაფად.
მაშინ წამოიყვანეს და მიჰყავდათ ნეტარი შუშანიკი ფეხშიშველი და თმაგადაშვებული როგორც ერთი ვინმე მდაბიოთაგანი და ვერავინ გაბედა დაფარება მის თავზე, რადგან პიტიახში ამხედრებული მიჰყვა უკან მის კვალს და აგინებდა მას მრავალი გინებით. და მიდიოდა წმიდანთან ერთად დიდძალი ხალხი კაცებისა და ქალებისა, - ურიცხვი სიმრავლე, რადგან უკან მიჰყვნენ მას, ხმა აემაღლებინათ, ტიროდნენ, იცემდნენ მკერდზე, იკაწრავდნენ თავიანთ ღაწვებს, და შესაბრალისად ღვრიდნენ თავიანთ ცრემლებს წმინდა შუშანიკისთვის, წმინდა შუშანიკმა კი უკან მოხედა ხალხს და უთხრა: „ნუ ტირით, ჩემო ძმებო და დებო, და ჩემო შვილებო, არამედ ლოცვაში მომიხსენეთ, ხოლო მე ამიერიდან განშორებული ვიყო თქვენგან რადგან ვეღარ მნახოთ გამოსული ციხიდან ცოცხალი“. როდესაც დაინახა პიტიახშმა ეს ხალხი და ტირილი კაცებისა და ქალებისა, მოხუცებულებისა და ახალგაზრდებისა, ამხედრებული აქეთ-იქით დასდევდა და დევნიდა მათ ყველას. როდესაც მიაღწიეს ციხის ხიდს, უთხრა პიტიახშმა წმინდა შუშანიკს: „შენთვის მაგდენად იკმარებს შენი ფეხით სვლა, რადგან ცოცხალი ვეღარ გამოხვალ, არამედ ოთხი თუ გამოგიტანს“. როდესაც შევიდნენ ციხეში, ნახეს ერთი პატარა ოთახი ჩრდილოეთ მხარეს, მცირე და ბნელი, და იქ ჩაკეტეს წმინდანი, ჯაჭვი კი, რაც კისერზე ჰქონდა მას დადებული, ისევე ედო; უსჯულო ვასქენმა დაბეჭდა იგი თავისი ბეჭდით, ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა: „მე ამით ვარ გახარებული, რომ აქ დავიტანჯები და იქ მოვისვენებ“. პიტიახშმა კი უთხრა მას: „ჰო, ჰო, მოისვენე!“ მაშინ დაუყენა მას მცველები და ამცნო მათ, რომ შიმშილით მოეკლათ იგი, ეუბნებოდა რა ასე: „გეუბნებით თქვენ, თუ ვინმე შევა მასთან ან კაცი ანდა ქალი, [მერე] ნახეთ თქვენი თავი, თქვენი ცოლები, შვილები და სახლები. უდანაშაულო ვიქნები, რასაც გაგიკეთებთ თქვენ“. |
X. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, და ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე
ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“ ხოლო მან ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო
საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ
არა რას მიიღებს საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: „ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს!“ ხოლო მე მრავლითა ვედრებითა ვარქუ მცველსა მას და უქადე ჭურჭერი ერთი სამისოჲ. და ძნიად თავს-იდვა შეტევებაჲ ჩემი და მრქუა მე: „რაჟამს დაღამდეს, მოვედ შენ ხოლო მარტოჲ“. და ვითარ შემიყვანა მცველმან მან და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტესი შუენიერად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან, და მე ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად. ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „კეთილისა ამისთჳს სტირა, ხუცეს?“ ხოლო მცველმან მან მრქუა მე: „ესეღა თუმცა მეცნა, არამცა შემოგიტევე შენ“. ხოლო მე ვიწყე სიტყუად და განმტკიცებად მისა, რავდენი ღმერთმან მომცა მე სიტყუად. და ვიჯმენ მისგან და წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა. ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, არა დახუდა, ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკისა ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისასა, და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავს-იდუა წმიდამან შუშანიკ ვიდრე აღსასრულამდე მითურთ. რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღესრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა ყუაოდა: მარხვითა მარადის, მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად: განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა. |
10. მაშინღა გამოვიდა იგი ციხიდან. და მესამე კვირას მოუხმო მან ერთ მცველს, ჰკითხა
მას და უთხრა: „აქამდე კიდევ ცოცხალია ის საწყალი?“ მან კი უთხრა: „ბატონო,
სიკვდილისკენ უფროა საფიქრებელი ვიდრე სიცოცხლისკენ, ხოლო შიმშილით უფრო მეტად
კვდება, რადგან არაფერს იღებს საჭმელს“. მან კი უთხრა: „ნურაფერი გაწუხებს, დაე
მოკვდეს“. მე კი დიდი ხვეწნით ვუთხარი იმ მცველს და დავპირდი მისთვის რაღაც ნივთს. ძნელად აიღო მან თავის თავზე ჩემი შეშვება და მითხრა მე: „როდესაც დაღამდება, მოდი მხოლოდ შენ მარტო“. და როდესაც შემიყვანა იმ მცველმა, ვნახე ქრისტეს ტარიგი, სასძლოსებრ ლამაზად შემკული იმ ბორკილებით; მეც, რადგან ვერ მომითმინა ჩემმა გულმა, ვტიროდი ძალიან, წმინდა შუშანიკმა კი მითხრა მე: „ამ სიკეთეებისთვის ტირი, ხუცესო?“ მცველმა კი მითხრა მე: „ეს რომ მცოდნოდა, არ შემოგიშვებდი შენ“. დავიწყე ლაპარაკი და მისი განმტკიცება, რამდენადაც მომცა მე ღმერთმა სათქმელად; შემდეგ გავცილდი მას და წავედი სწრაფად ჩემს სახლში. პიტიახში კი ჩორში წავიდა. ჯოჯიკი, მისი ძმა, არ შეესწრო, როდესაც ეს ამბავი მოხდა წმინდა შუშანიკზე. როდესაც მოვიდა ჯოჯიკი, უკან მისდია პიტიახშს, დაეწია ჰერეთის საზღვრებთან და ძალიან ევედრებოდა მას, რომ ებრძანებინა იმ ბორკილებისგან მისი განთავისუფლება, და რადგან ძალიან შეაწუხა, უბრძანა მან, მხოლოდ ბორკილებისგან გაეთავისუფლებინათ იგი. როდესაც მოვიდა ჯოჯიკი, მოაცილა ჯაჭვი მის კისერზე, ბორკილებისა კი არ განიკუთვნა წმინდა შუშანიკმა, ვიდრე არ აღესრულა იგი ამ ბორკილებთან ერთად, რადგან ექვსი წელი ციხეში დაასრულა მან და ყვაოდა იგი საღვთო წესიერებით: მარხვით, მარადის მღვიძარებით, ლოცვა-ვედრებით, ზედგომით, თაყვანისცემითა და ცრემლით მოუწყენლად და წიგნთა კითხვით დაუზარებლად. განაბრწყინა და განამშვენა მან მთელი ის ციხე სულიერი ქნარით. |
XI. და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და
დედანი აღნათქუემთა შესაწირად და, რაჲ ვის უჴმდა, მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა
ნეტარისა შუშანიკისითა, რომელსა მისცემდა მას კაცთმოყუარე ღმერთი: უშვილოთა - შვილი,
სნეულთა - კურნება, ბრმათა - თუალთა ახილვაჲ. იყო ვინმე დედაკაცი ერთი სპარსი მოგჳ, რომელსა განბორებისა სალმობაჲ აქუდა. და მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა, ხოლო იგი ასწავებდა მას, რაჲთამცა დაუტევა მოგობაჲ იგი და იქმნა ქრისტიანე. ხოლო დედაკაცმან მან თავს-იდვა ადრე-ადრე. და იგი ასწავებდა დედაკაცსა მას და ეტყოდა, ვითარმედ: „მივედ იერუსალჱმდ და განსწმიდნე განბორებისა მისგან შენისა“. და მან გულსმოდგინედ შეიწყნარა და წარემართა გზასა მას სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. და განიკურნა იგი სალმობისა მისგან. და ვითარ გარემოიქცა იგი სიხარულითა დიდითა და მოიწია მუნვე, მოვიდა იგი წმიდისა შუშანიკისა მადლისა გარდაჴდად და წარვიდა სახიდ თჳსა სიხარულით განმრთელებული. |
11. ამის შემდეგ გაითქვა მთელ ქართლში მისი ამბავი. მოდიოდნენ მამები და დედები
აღთქმულთა შესაწირად და ვისაც რა სჭირდებოდა, მიემადლებოდა ნეტარი შუშანიკის
წმინდა ლოცვით (რასაც აძლევდა მას კაცთმოყვარე უფალი): უშვილოებს შვილი, სნეულებს
განკურნება, ბრმებს თვალის ახელა. იყო ერთი ვიღაც სპარსელი ქალი მოგვი, რომელსაც კეთროვნების ტკივილი ჰქონდა. მივიდა იგი სანატრელ შუშანიკთან, რომელიც ასწავლიდა, მას, რომ დაეტოვებინა მოგვობა და გამხდარიყო ქრისტიანი; იმ ქალმაც მალევე განიკუთვნა ეს, შუშანიკი კი ასწავლიდა ამ ქალს და ეუბნებოდა: „მიდი იერუსალიმში და განიწმინდები მაგ შენი კეთროვნებისგან“. იმანაც გულმოდგინედ შეისმინა, გაემართა იმ გზაზე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და განიკურნა ტკივილისგან. როდესაც შემობრუნდა იგი დიდი სიხარულით და მოაღწია იქვე, მოვიდა წმინდა შუშანიკთან მადლობის გადასახდელად და სიხარულით წავიდა თავის სახლში გამოჯანმრთელებული. |
XII. ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა გულსმოდგინებითა
ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად ასერგასისნი იგი ფსალმუნნი
დაისწავლნა, რომლითა-იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელითა მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას
გალობასა შესწირვიდა ცრემლით. და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ: „შვილნი იგი შენნი მოაქცინა მოგობასა“. მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა, სულთ-ითქუნა და თქუა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა“. და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა. და მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი, და ვითარ ფრიად ვაიძულე, მცირედ ოდენ გემო იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ ჟამამდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა, ხოლო რაჟამს მიექცნეს და უვარ-ყვესცა ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა მისი სძაგდა სმენად. |
12. წმინდა შუშანიკმა კი ძვირფას სამოსელზე ზრუნვის სანაცვლოდ დიდი გულმოდგინებით
აიღო ხელში „დავითნი“ და ცოტა დღის შემდეგ დაისწავლა ასორმოცდაათი ფსალმუნი,
რითაც დღე და ღამე ზენა მეუფის მიმართ სათნო გალობას სწირავდა ცრემლით. და უთხრეს ნეტარ შუშანიკს: „შენი შვილები მოგვობაზე მიაქცია ვასქენმა“. მაშინ დაიწყო მან ღვთისადმი დიდი ტირილით თაყვანისცემა და, თავის თავს ქვევითკენ ურტყამდა რა, ამოიოხრა და თქვა: „გმადობ შენ, უფალო ჩემო, რადგან იყვნენ-კი არა ჩემნი, არამედ შენი მოცემულნი. როგორც გნებავს, იყოს შენი ნება, უფალო, და მე დამიცავი მტრის საქმეთაგან“. და მე მივედი და ვნახე წმინდა შუშანიკი ტირილისგან მოწყლული და გახევებული, და რომ მისთვის საჭმელი მოეტანა წმინდა ეპისკოპოსს. როდესაც ძალიან ვაიძულე, მხოლოდ ცოტათი გასინჯა, და ვმადლობდით ღმერთს. ამ დრომდე მოდიოდნენ მისი შვილები თავიანთი დედის სანახავად, მაგრამ როდესაც გადაიბირეს ისინი და ღმერთი უარყვეს მათ, ვეღარ გაბედეს მისი ნახვა. პირიქით, მათი სახელის მოსმენაც კი სძაგდა მას. |
XIII. და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ
და მოვედ ტაძრად, უკუეთუ არა მოხჳდე შინა, ჩორდ წარგცე შენ, ანუ კარად, კარაულითა“.
ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრუქა ესრეთ: „უბადოვო და უგულისხმოვო, ხოლო მე თუ კარად,
ნუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“.
და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედ:
- ვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე მივემთხჳო, - ვითარმედ ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე
ეცოლოს, და მიერითგან არღარავინ მიავლინა მისა. ხოლო წმიდაჲ შუშანიკ ბოროტთა მათ
გუემათა დათმენათათჳს იტყოდა, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა. ხოლო პიტიახშმან გამოირჩია ძუძუჲსმტე მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ აოჴრებ სახლსა მას თქუენსა“, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „არქუ მას უღმრთოსა, ვითარმედ: „შენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალიღა ფერჴითა არა გამოხჳდე შენ მაგიერ ციხით. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებადმ პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა თრევით განმითრიო“. და ვითარცა მიუთხრა პიტიახშსა სიტყუაჲ იგი, მან თქუა: „ნანდჳლვე ვთქუ ეგე“. და მეორესა დღესა შემო-ვინმე-ვიდა და ჰრქუა წმიდასა შუშანიკს: „კეთილად მიუგე მას სიტყუაჲ იგი, რამეთუ მაგით სახით ეგულვებოდა შეტყუვილი შენი, და მას სხუაჲ ზრახვაჲ გულსა მოეჴადა სიბოროტისაჲ შენთჳს“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „და შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადნის სიტყუანი პირსა კაცისასა. რამეთუ იტყჳს თჳთ უფალი: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“. |
13. შემდეგ შუამავლები გაუგზავნა მას პიტიახშმა და უთხრა: „ან ჩემს ნებას დაჰყევი
და მოდი სასახლეში, ანდა, თუკი არ მოხვალ შინ, სახედრით გაგგზავნი შენ ჩორში ან
კიდევ კარში“. წმინდა შუშანიკმა ასე შეუთვალა: „უბადრუკო და უგუნურო, მე თუ
კარში ან ჩორში გამგზავნი, ვინ იცის, იქნებ იქ რაიმე კარგს შევეყარო და ამ ბოროტს
განვერიდო“. ფიქრებში იყო პიტიახში ამ სიტყვების გამო (მას რომ უთხრა: „ვინ იცის,
იქნებ რაიმე კარგს შევეყაროო“), რომ: „იქნებ ვინმე მთავართაგანს ეცოლოს“, და ამის
შემდეგ აღარავინ მიაგზავნა მასთან, თუმცა წმინდა შუშანიკი ამ ბოროტ გვემულებათა
მოთმენის გამო ამბობდა, რომ სათნო გამხდარიყო ღვთისთვის. ხოლო პიტიახშმა გამოარჩია თავისი საკუთარი ძუძუმტე, რომ მას მოეყვანა შუშანიკი სასახლეში. და როდესაც უთხრა მას ამ კაცმა: „ისმინე ჩემი, ჩამოდი სასახლეში და ნუ აოხრებ თქვენს სახლს“, წმინდა· შუშანიკმა ასე მიუგო: „უთხარი იმ უღვთოს: «შენ მომკალი და მითხარი მე. ჯანმრთელი ფეხით ვერ გამოხვალ შენ მაგ ციხიდან»; ახლა კი, თუ შეგიძლია მკვდრის აღდგინება, პირველად შენი დედა აღადგინე, რომელიც ურდშია დამარხული, მაგრამ თუ მისი აღდგინება არ ძალგიძს, ვერც ჩემი აქედან გაყვანა შეგიძლია, მხოლოდ თრევით თუ გამათრევ“. როდესაც ეს სიტყვა უთხრეს პიტიახშს, მან თქვა: „ნამდვილად ვთქვი ეგ“. მეორე დღეს შევიდა ვიღაც და უთხრა წმინდა შუშანიკს: „კარგად მიუგე მას ეს სიტყვა, რადგან მაგ გზით ჰქონდა მას განზრახული შენი მოტყუება და სხვა ჩანაფიქრი ედო გულში სიბოროტისა შენს მიმართ“. წმინდა შუშანიკმა უთხრა მას: „და შენ ღმერთი ძილში ნუ გგონია, რომელიც განუმზადებს სიტყვებს ადამიანის პირს, რადგან თვით უფალი ამბობს: „მე მივუგებ სიტყვას თქვენს ნაცვლად“ (შდრ. ლკ. 12. 12). |
XIV. და ვითარცა აღივსებოდა მეექუსე იგი წელი საპყრობილესა მას შინა, ჯეკმა დამაშურალობითა
შრომათა მათ შინა სიმჴნისა მისისათა სენი სნეულებისაჲ მოიწია მას ზედა, რომელსა-იგი
წინასწარ-უღაღადებდი და ვეტყოდე, ვითარმედ: „ნუ ჯეკმა, რამეთუ დაუმძიმებ ჴორცთა
მაგათ ზედა, რამეთუ ვერ დაგითმონ და მერმე ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რასმე
საქმედ კეთილსა ეგოდენითა მაგით ფიცხლად მარხვითა და მარადის ზედგომითა და ღამე
ყოველ დაშრომითა, ფსალმუნებითა და გალობითა“. და არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა
მისთა განსუენებაჲ, და შეიქმნა და დადნა, ვითარცა ავლი. ხოლო დიდთა მათ მარხვათა აღუსებისათა ერგასისთა მათ დღეთა ექუსთა წელთა შინა, არცა დღისი, არცა ღამე არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა. და მცირედ ოდენ წუენაკი მსხლისა შექმნული, იგიცა მცირედ, მიიღის, ხოლო პურისა გემო არა იხილის ვიდრე აღუსებადმდე. და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი ერთი დაიდვის სასთუნალ. და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი. და კაცთა თუალსა სასთაულაკი ერთი ხალენისაჲ უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირე ქუე წარუგდებიედ. და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო. ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყჳთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესრეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრაველთა შინა ადიდებდა ღმერთსა. |
14. და როდესაც სრულდებოდა მეექვსე წელი საპყრობილეში, თავისი მხნეობის ღვაწლში
დიდი შრომის შედეგად ავადმყოფობის სნეულება მოიწია მასზე, რასაც წინასწარვე
ვუცხადებდი და ვეუბნებოდი: „ძალიან ნუ, რადგან დაუმძიმებ მაგ· სხეულს, ვერ
დაგითმობს რა, და შემდეგ ვეღარაფერს შესძლებ, რომ რაიმე კარგის გამკეთებელი იყო, ამ
ზომის მკაცრი მარხვით, მუდამჟამს ზედგომით და მთელი ღამე გარჯით, ფსალმუნებითა და
გალობით“. და მცირედითაც კი არ მისცა მოსვენება თავის სხეულს, და იმგვარი გახდა და
ისე დადნა როგორც ფერფლი. ხოლო აღვსების დიდ მარხვაში, იმ ორმოცდაათ დღეს, ექვსი წლის განმავლობაში არც დღისით და არც ღამით არ დამჯდარა იგი ქვევით, არც დაუძინია, არც რამ საჭმელი მიუღია, თუ არა ის, რომ კვირადღეს ეზიარებოდა ჩვენი ღვთის, ქრისტეს, ხორცსა და სისხლს და მხოლოდ ცოტათი ბოსტნეულისგან გაკეთებულ წვენს,· იმასაც ცოტათი, იღებდა, ხოლო პურის გემოს არ სინჯავდა ვიდრე აღდგომამდე. და იმ დღიდან, რაც დაატყვევეს იგი ციხეში, სასთუმალზე თავი არ დაუდია, არამედ ერთი აგური ჰქონდა დადებული სასთუმლად, ქვეშსაგებად კი იყო ნაგლეჯი ერთი ძველი. ადამიანთა თვალისთვის კი ტყავის ერთი ბალიში ჰქონდა სასთუმლად და თაყვანისცემის [აღსავლენად] ტყავის ერთი პატარა ნაჭერი წაეგდო ქვევით, და წარმოუდგენელი რწყილი და ტილი იყო მოდებული იმ ადგილას. [იქ] ზაფხულის დროს· იყო ცეცხლივით დამწველი მზის მხურვალება, ცხელი ქარები და მავნებელი წყლები, და ამ ადგილის მკვიდრნი სნეულებით იყვნენ სავსენი, წყლით დასიებულები, გაყვითლებულები, დასვრეტილები, მოწყლულები, დამუნიანებულები, სახედაავადებულები, პირისახედასიებულები და დღემოკლედ მცხოვრებნი; იმ· მხარეებში არავინ არის მოხუცებული. აი, ამგვარ ციხეში ექვსი წელი იყო იგი დატყვევებული და მძიმე ბორკილებში მყოფი ადიდებდა ღმერთს. |
XV. და ვითარცა მეშჳდე წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ. და დაუცხრომელად შრომათა მათ გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს, და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა, და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე-გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდეს არს და არა მოკუდების“. და მე ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად; კუალად მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ, ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქავე, ამას ცხოვრებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: „ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“ და მან მრქუა მე ქენებით: „ნუ ვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ“. რამეთუ შინაგან ძაძა ემოსა, და არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი ემოსა. | 15. და როდესაც დგებოდა მეშვიდე წელი, მოიწია წმინდა და სანატრელ შუშანიკზე მისი სხეულის დაწყლულება. დაუცხრომელ ღვაწლთა გამო დაუსივდა მას თავისი ფეხები და ჩირქი ამოსდიოდა ადგილ-ადგილ. დიდ-დიდი წყლულები იყო და მატლიც მოდებოდა წყლულებს, რაც აიღო მან თავისი ხელით, მიჩვენებდა მე და, მადლობდა რა ღმერთს, თქვა: „ხუცესო, სამძიმოდ ნუ გიჩანს ეს, რადგან იქაური მატლი უფრო დიდია და არ კვდება“. მე კი, როდესაც ვნახე ის მატლი, წარმოუდგენლად დიდად დავმწუხრდი და ძალიან ვტიროდი. კვლავ მითხრა მან მე მრისხანედ: „ხუცესო, მწუხარე რად ხარ? იმ უკვდავ მატლთაგან შეჭმას ამ მოკვდავთაგან· შეჭმა უნდა გვიჯობდეს ამ სააქაო ცხოვრებაშივე“. მე კი მივუგე და ვუთხარი: „ნუთუ ძაძის სამოსი ცოტა გეჩვენა საგვემად და ახლა მაგ მატლთა გამო ხარ მხიარული?“ მან კი თხოვნით მითხრა მე: „ნურავისთან იტყვი ძაძის სამოსის შესახებ ჩემს სიცოცხლეში, რადგან მალე მოხდება ამ ჩემი უბადრუკი სხეულის დატოვება“. [ეს მითხრა], რადგან შიგნით ძაძა ეცვა და არავინ იცოდა ჩემს გარდა, ხოლო გარედან ადამიანთა თვალისთვის ანტოქიის პერანგი ჰქონდა შემოსილი. |
XVI. და ვითარცა ესმა ჯოჯიკს, ვითარმედ მიახლებულ არს ნეტარი დედოფალი წმიდაჲ შუშანიკ
სიკუდიდ, წარვიდა და თანაწარიყვანნა ცოლი და შვილნი და მონა-მჴევალნი მისნი და
მივიდა ციხედ ხილვად სანატრელისა შუშანიკ მარტჳლისა. და ვითარცა მიიწია, მძლავრ
შე-ხოლო-ვიდა, და თაყუანის-სცა პატიოსანსა ჯუარსა და მოიკითხა წმიდაჲ შუშანიკ.
თანადაუჯდა და ჰკითხვიდა სალმობათა მათთჳს. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ ვარ,
ვითარ ღმერთსა უნებს, არამედ ყოველსა წარსავალსა მას გზასა მეცა წარვალ“. ხოლო ჯოჯიკ მსწრაფლ აღდგა ზე და პირველთა მათ უწესოთა საქმეთა აღუვარებდა და ევედრებოდა წმიდასა შუშანიკს და ეტყოდა: „სძალო და მხევალო ქრისტესო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევენ მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა მას: „თუ შენ სხუად სახედ, ყრმებრ, არარაჲ ჰქმნე, ღმერთმან მოგიტევნეს შენ“. და ჯოჯიკ ჰრქუა: „მაგის სახისათჳს მოვედ მე შენდა, რაჲთა, რომელი-იგი არა რაჲმე სათნო ეყოს ღმერთსა, არა ვქმნე“. წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „უკუეთუ ეგრე ჰყო შენ, უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა და ღმერთმან შესძინენ დღეთა ცხოვრებისა შენისათა“. და მერმე, ვითარ შეატყუა ჯოჯიკ, ვითარმედ მას დღესა განვალს წმიდაჲ იგი ჴორცთა ამათგან, ჰრქუა: „მაკურთხე მე და ცოლი ჩემი, მჴევალი შენი, და შვილნი ჩემნი და მონა-მჴევალნი ჩემნი. და თუ რაჲმე შეგცოდეთ, ვითარცა კაცთა საწუთროჲსათა და სოფლისმოყუარეთა, მოგჳტევენ და ნუ მოიჴსენებ მედგრობათა ჩუენთა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა ჯოჯიკს და ცოლსა მისსა: „ჰყავთ წარმდებად საქმე ესე ჩუენი, რამეთუ არავი იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაჲ და ტკივილი ჩემთჳს, რომელმანცა შეაჯერა უღმრთოსა მას საწუთროსა მეუღელსა“. ხოლო მათ ჰრქუეს: „ჩუენ თჳნიერ შენსა ფრიად დავშუერით, გარნა არა იყო სმენაჲ, არცა სიტყუაჲ“. მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალ-ღებაჲ წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭკნო და შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა. ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო და გუემათა და თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო და უგულისჴმოებისა და უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტეს მიერ, უფლისა ჩემისა“. ხოლო იგინი ამას ყოველსა ზედა სიტყუასა მისსა ტიროდეს მწარედ და ჰრქუეს: „მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი და გუარკურთხენ, წმიდაო მოწამეო და მარტჳლო სანატრელო ქრისტეს ღმრთისაო“. ხოლო წმიდამან შუშანიკ ჰრქუა: „ღმერთმან მოგიტევენინ, რომელ-რაჲ-იგი ჰყავთ“. მაშინღა აკურთხნა ჯოჯიკ და ცოლი მისი და შვილნი მისნი და მონა-მჴევალნი მისნი, და ყოველი ეზოჲ და პალატი მისი. და ამცნებდა სლვად გზათა ღმრთისათა და ეტყოდა, ვითარმედ: „ესე ყოველი ცხორებაჲ, ვითარცა ყუავილი ველთაჲ, წარმავალ არს და დაუდგრომელ და, ვინ სთესა, მოიმკო, და, ვინ განაბნია გლახაკთათჳს, შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“. და უჯმნა და გამოგზავნნა იგინი მშჳდობით. |
16. და როდესაც შეიტყო ჯოჯიკმა, რომ მიახლოებულია სიკვდილს· ნეტარი დედოფალი წმინდა
შუშანიკი, წავიდა და თან წაიყვანა თავისი ცოლ-შვილი და მონა-მხევლები, და მივიდა
ციხეში სანატრელი შუშანიკ მარტვილის სანახავად. როდესაც მიაღწია, ძალისძალადღა
შევიდა, თაყვანი სცა პატიოსან ჯვარს, მოიკითხა წმინდა შუშანიკი, გვერდით დაუჯდა და
ეკითხებოდა მის ტკივილებზე, წმინდა შუშანიკმა კი უთხრა: „კარგად ვარ, როგორც ღმერთს
უნდა, მაგრამ ყველას წასასვლელ გზაზე მეც მივდივარ“,
ხოლო ჯოჯიკი სწრაფად ადგა ზედ, პირვანდელ უწესო საქმეებს აღიარებდა და ევედრებოდა წმინდა შუშანიკს და ეუბნებოდა: „ქრისტეს სძალო და მხევალო, ითხოვე ღვთისგან, რომ მომიტევოს მე ჩემი მრავალი შეცოდება“, წმინდა შუშანიკმა კი უთხრა მას: „თუ შენ სხვაგვარად არაფერი ჩაგიდენია ახალგაზრდულად, ღმერთმა მოგიტევოს შენ“. და ჯოჯიკმა უთხრა: „მაგ მიზნით მოვედი მე შენთან, რომ რაც კი რამ სათნო არ იქნება ღვთისთვის, არ გავაკეთო“. წმინდა შუშანიკმა უთხრა: „თუკი ამას ამგვარად იზამ შენ, უკვდავი გამიხდები მე მაგ სიტყვით და ღმერთი შეჰმატებს შენი ცხოვრების დღეებს“. შემდეგ კი, როდესაც შეატყო ჯოჯიკმა, რომ იმ დღეს გავიდოდა წმინდანი ამ სხეულიდან, უთხრა მას: „მაკურთხე მე, ჩემი ცოლი, - შენი მხევალი, - და ჩემი შვილები და ჩემი მონა-მხევლები, და თუ რამ შეგცოდეთ, როგორც საწუთროს ადამიანებმა და სოფლისმოყვარეებმა, მოგვიტევე და ნუ გაიხსენებ ჩემს უკეთურებებს. ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა ჯოჯიკს და მის ცოლს: „უგულისყუროდ მოექეცით ჩემს საქმეს, რადგან არავინ აღმოჩნდა ადამიანთაგანი, რომელსაც ექნებოდა სიბრალული და თანაგრძნობა ჩემდამი, ვინც შეაჯერებდა ამ წუთიერ უღვთო მეუღლეს“, მათ კი მიუგეს: „ჩვენ შენს გარეშე ძალიან გავისარჯეთ, მაგრამ არ იყო არც გაგონება, არც პასუხი“. მაშინ წმინდა შუშანიკმა უთხრა: „განვისჯებით მე და ვასქენ პიტიახში იქ, სადაც არ არის პირმოთნეობა მსაჯულთა მსაჯულისა და მეუფეთა მეუფის წინაშე, სადაც არ არის გარჩევა მამაკაცისა და ქალისა, სადაც მე და ის თანასწორ სიტყვას ვიტყვით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს· წინაშე. მიაგებს მას უფალი, როგორც მან უდროოდ მომკა ჩემი ნაყოფი, ჩემი სანთელი ჩააქრო, ჩემი ყვავილი დააჭკნო, ჩემი სილამაზის მშვენიერება დააბნელა და ჩემი დიდება დაამდაბლა. ამიტომ, ღმერთმა საჯოს მას და ჩემს შორის, მე კი ახლა ამას ვმადლობ ღმერთს, რომ მისგან ტანჯვით მე შეწყალებას ვპოვებ, და მისგან გვემათა და თრევათა გამო მე მოსვენებას მივაღწევ, და მისი უგულისხმოებისა და შეუბრალებლობის სანაცვლოდ მე წყალობას მოველი ჩემი უფლის იესო ქრისტეს მიერ“. ხოლო ისინი მის ყველა ამ სიტყვაზე ტიროდნენ მწარედ; და უთხრეს მას: „მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და გვაკურთხე, ქრისტე ღმერთის წმინდა მოწამეო და სანატრელო მარტვილო“. წმინდა შუშანიკმა კი უთხრა: „ღმერთმა მოგიტევოთ, რაც კი რამ ჩაიდინეთ“. მაშინღა აკურთხა მან ჯოჯიკი და მისი ცოლი, მისი შვილები, მონა-მხევლები მისი და ყოველი ეზო და სასახლე მისი. და ამცნებდა მათ ღვთის გზებით სიარულს და ეუბნებოდა: „მთელი ეს ცხოვრება , როგორც ველთა ყვავილი, წარმავალია და არამდგრადი.· ვინც დათესა, მოიმკო, ხოლო ვინც მიმოფანტა გლახაკთათვის, შეკრიბა, და ვინც დაღუპავს თავის თავს, იგი იპოვის იმას, ვინც ადიდა იგი“. და განიშორა და გამოუშვა ისინი მშვიდობით. |
XVII. მერმე შომდგომად ჯოჯიკისა, მოიწია თავი იგი ეპისკოპოსთაჲ დამოველ და იოანე
ეპისკოპოსი, მისივე მოყუასი, რომელ0იგი იყვნეს განმამტკიცებელ და დიდად დამაშურალ,
სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს, მონა და მონაწილე იყვნეს და თანაზიარ შრომათა მისთა,
მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტესისა. მსგავსად მისვე სახისა
აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი
მოვიდეს ეგრეთვე, რომელნი-იგი გულსმოდგინებით მონაწილე ყოფილ იყვნეს შრომათა მათ
მისთა, სანატრელობით, ვითარცა ახოვანსა მჴნესა, მიჰვედრიდეს ქრისტესა. და თხოვასა ერთსა ითხოვდეს მისგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი ერთბამად, რაჲთა ბორკილი იგი ფერჴთაჲ ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველითათჳს, რომლისათჳსცა ჰრქუა წმიდამან შუშანიკ, ვითარმედ: „მე რაჲ ვარ, არაღირსი ესე? ხოლო ღმრთისმოყუარებისა თქუენისათჳს ხუცესმან აღავსენ წადილი თქუენი მაგის სახისათჳს. ხოლო მე რაჲმე-რაჲ შემძლებელ ვარ? არამედ ყოვლად სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა კეთილითა, რომელნი-ესე ჩემთჳს მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და ჭირთა და ტანჯვათა. ხოლო მე, საყუარელნო, აჰა, ესერა, წინაგანმზადებულსა მას ჩემსა გზასა წარვალ საუკუნესა. ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარული, სატანჯველთა ამათ წილ - განსუენებაჲ; გუემათა ამათ ჩემთა და თრევათა და შეურაცხებათა - მივემთხჳო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა“. და იგინი, ჯნმულნი, ცრემლითა სავსენი, ძლევისა მისთჳს დიდებასა ღმრთისა მიმართ შესწირვიდეს. და გამოვიდეს ციხით და წარვიდეს. |
17. შემდეგ, ჯოჯიკის მომდევნოდ, მოვიდნენ ეპისკოპოსთა თავი სამოელი და იოვანე
ეპისკოპოსი, მისივე სამღვდელოების წევრი, რომლებიც იყვნენ მისი განმამტკიცებლები და
დიდად დამაშვრალები, სახლეულითურთ თანამყოფობდნენ მასთან მომსახურედ და მისეულ
ღვაწლთა მონაწილე და თანაზიარნი იყვნენ და მადლიერებით გზავნიდნენ მას ქრისტეს
ნავსადგურისკენ. ამგვარივე სახით მოვიდნენ ქართლის ქვეყნის დიდი აზნაურები და
დიდგვაროვანი ქალები, აზნაურები და მდაბიოები. ასევე, რომლებიც· მის ღვაწლთა
გულმოდგინე მონაწილენი იყვნენ, ნეტარყოფდნენ მას და, როგორც ახოვანსა და მხნეს,
ქრისტეს აბარებდნენ. და სათხოვარს ერთს ითხოვდა მისგან ყველა ის ეპისკოპოსი და აზნაური ერთობლივად, რომ მის ფეხთა ბორკილი ყველასთვის· განეჩინა დამცველად და ნაკურთხევად, რაზეც წმინდა შუშანიკმა უთხრა მათ: „მე რა ვარ, ეს უღირსი, თუმცა თქვენი ღვთისმოყვარების გამო ხუცესმა შეგისრულოთ თქვენი წადილი მაგ მიზნით, მე კი რისიღა შემძლე ვარ, მაგრამ ყოვლადსავსე ქრისტემ აგავსოთ თქვენ ყველა სიკეთით, რომლებიც კი ჩემს გამო [აქ] მოხვედით და ეზიარეთ ჩემს ამ ვნებულებებს, ჭირსა და ტანჯვას, ხოლო მე, საყვარელნო, წინასწარ გამზადებულ საუკუნო გზაზე მივდივარ. ამ ჩემი ჭირის სანაცვლოდ ქრისტე მომმადლებს მე სიხარულს, ამ სატანჯევლთა სანაცვლოდ - მოსვენებას, ამ ჩემს გვემათა, თრევათა და შეურაცხყოფათა ნაცვლად მივეახლები მე ცათა შინა დაუსრულებელ დიდებასა და პატივს“. და ისინი, განშორებულნი და ცრემლით სავსენი, ამ მძლეობისთვის დიდებას სწირავდნენ ღმერთს. და გამოვიდნენ ისინი ციხიდან და წავიდნენ. |
XVIII. და მოიწია დღე იგი წოდებისა მისისაჲ და მოუწოდა ეპისკოპოსსა მისისა სახლისასა
აფოცს და მადლსა მისცემდა მისა მიმართ მოწლეობისა მისისათჳს. ვითარცა მამასა და
მამამძუძესა, შემვედრა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე. და შეჰვედრებდა ნეშტთა
მათ ძუალთა მისთასა და უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას, ვინაჲცა-იგი პირველად გამოითრიეს
და ეტყოდა: „უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტე მოქმედი ვენაჴისაჲ,
იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა“. და ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშჳდობით მასა ზედა დავწევ და დავიძინე“. და შეჰვედრა სული თჳსი უფალსა ყოველთა შემწყნარებელსა. |
18. და დადგა მისი ხმობის დღე. და მოუხმო მან თავისი სახლის ეპისკოპოსს აფოცს და
მადლობას უძღვნიდა მისდამი თანალმობისათვის. მას, როგორც მამასა და გამზრდელს,
ჩამაბარა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი. აბარებდა მას აგრეთვე თავისი ძვლების ნეშტს
და უბრძანებდა, რომ დაეკრძალა ისინი იმ ად-გილას, საიდანაც პირველად გამოათრიეს, და
ეუბნებოდა: „თუკი რაიმეთი ღირსი ვარ მე, ეს უკანასკნელი, - მეთერთმეტე, - მშრომელი
ვენახისა, კურთხეული იქნებით ყველანი უკუნისამდე დროთა“. და ჰმადლობდა რა ღმერთს, თქვა: „კურთხეულია ჩემი უფალი ღმერთი, რადგან მშვიდობით დავწექი და დავიძინე მასზე“, და მიაბარა თავისი სული ყოველთა შემწყნარებელ უფალს. |
XIX. და მაშინღა ადრე-ადრე მოიღო სანატრელმან მან ეპისკოპოსმან იოვანე შესაგრაგნელად
მჩუარი წმიდაჲ წმიდათა მათ და პატიოსანთა ნაწილთა მისთა. და ეგრეთ სხუათა მათ აღვიღეთ
გუამი იგი ფრიად დამაშურალი და დაჭმული მატლთაგან, და განბანეთ იგი მატლისა მისგან
მიწოვანისა და თხრამლისაგან, და შევჰმოსეთ მჩურითა მით. და მაშინღა ეპისკოპოსთა მათ ორთავე, იოვაენ და აფოც, ვითარცა ჴართა მჴნეთა დაუღლვილითა სულიერითა და კეროვნითა აღნთებულითა საკუმეველითა სულნელითა აღვიხუენით პატიოსანნი ძუალნი და გამოვიხუენით წმიდასა მას ეკლესიასა. და დავჰკრძალენით წმიდანი იგი და დიდებულნი და პატივცემულნი ნაწილნი წმიდისა შუშანიკისნი განმზადებულსა მას ადგილსა. და მას ღამესა ანგელოზთა სახედ ღამე იგი გავათიეთ და დავითის ქნარითა მით ყოვლადძლიერსა ღმერთსა და ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა, იესუ ქრისტესა, ვადიდებდით, რომელი ყოვლითა ყოველთა მიმართ შემძლებელ არს და განაქველნის მამანიცა და დედანიცა, და თჳსთა მათ თჳსი იგი ძლიერებისა ძლევაჲ მიჰმადლის ყოველთა. რომელნი ეძიებენ მას ერთითა გულითა. |
19. და მაშინ კი სწრაფად მოიტანა სანატრელმა ეპისკოპოსმა იოანემ წმინდა ტილო მის
წმინდა და პატიოსან ნაწილთა შესახვევად, და ასევე სხვებმაც ავიღეთ ის სხეული, მეტად
დამაშვრალი და მატლებით დაჭმული, და გავბანეთ იგი მიწიანი მატლისა და ჩირქისაგან,
და შევმოსეთ იმ ტილოთი. მაშინ კი იმ ორთავე ეპისკოპოსმა, იოანემ და აფოცმა, როგორც ზენა საუნჯისთვის დაუღლვილმა მხნე ხარებმა, მთელი კრებულითურთ, სულიერი ფსალმუნებით, ანთებული კანდლით და სურნელოვანი საკმევლით ავიღეთ პატიოსანი ძვლები და გამოვიტანეთ წმინდა ეკლესიაში. და დავკრაძალეთ წმინდა შუშანიკის წმინდა, დიდებული და პატივმიგებული ნაწილები [მათთვის] გამზადებულ ადგილას, და იმ ღამეს, ანგელოზთა მსგავსად, ის ღამე გავათენეთ და დავითის ქნარით ყოვლადძლიერ ღმერთს და მის ძეს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვადიდებდით, რომელიც ყველაფრით ყველას მიმართ შემძლეა, განამხნევებს რა კაცებსაც და ქალებსაც, და თავისიანებს თავის მძლეობას მიჰმადლებს ძლიერებისას, - ყველას, ვინც ეძიებს მას ერთი გულით. |
XX. და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისთაჲ თუესა აპნისისასა, მერვესა
თჳსასა, და დღესა ოთხშაბათსა; და მეორედ გუემაჲ მისი - შემდგომად აღუსებისა ზატიკსა
დღესა ორშაბათსა, და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თუესა ათცხრამეტსა და აღსრულებაჲ
მისი - თუესა იკდონბერსა ათჩჳდმეტსა, საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა
კოზმან და დამიანეთა. და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებელად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. |
20. და არის წმინდა შუშანიკის ტანჯვათა დასაწ-ყისი იანვრის თვეში, თვის რვაში და
ორშაბათ დღეს, და მეორედ მისი გვემა შემდეგ, აღვსების შვიდეულში, ორშაბათ დღეს,
და კიდევ, ტანჯვა მაისის თვის ცხრამეტში, და მისი აღსასრული ოქტომბრის თვის
ჩვიდმეტში, წმინდა და სანატრელი მოწამეების კოზმან და დამიანეს ხსენებისას,
და დღე ხუთშაბათი იყო, რომელ [დღესაც] დავაწესეთ წმინდა შუშანიკის ხსენება ღვთის სადიდებლად და საქებრად, - მამის, ძისა და სულიწმინდისა, - რომელსაც შეჰფერის დიდება უკუნითი-უკუნისამდე. ამინ. |
პროფ. ე. ჭელიძის თარგმანი ახალქართულად