წმიდა მოწამე ანასტასი ბულგარელი დაიბადა 1774 წელს სტრუმნიცის ეპარქიის სოფელ როდოვიჩებში. მშობლებმა იგი მკერავს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. ერთხელ, როცა ჭაბუკი ოცი წლისა იყო, მას თავის ოსტატთან ერთად თესალონიკში მოუხდა გამგზავრება. ხელოსანს სურდა, რამდენიმე ხელ თურქულ ტანსაცმელში მაინც არ გადაეხადა ბაჟი, ამიტომ ანასტასი დაიყოლია, თურქივით ჩაეცვა. მეზვერეებმა შეაჩერეს იგი და ბაჟის გადახდის მოწმობა მოსთხოვეს. ყმაწვილმა უპასუხა, რომ ის თურქი იყო. მაშინ მოხელეებმა სალავათის, მაჰმადიანთა ლოცვის წარმოთქმა მოსთხოვეს. ანასტასი დაიბნა და დადუმდა. ამის შემდეგ იგი მმართველთან წაიყვანეს. ამ უკანასკნელმა დაკითხა უფლის რჩეული და გათურქება მოსთხოვა. ჭაბუკი უარზე დადგა. მაშინ იგი მეზვერეთმთავარს მიჰგვარეს. მოხელე ჯერ ლიქნით, შემდეგ დაჟინებით ცდილობდა მარტვილის მოდრეკას. ანასტასიმ სამოქალაქო დანაშაული აღიარა, ქრისტეს უარყოფაზე კი არ თანხმდებოდა. ქრისტეს ტარიგი აწამეს და ბოლოს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. თურქები ყმაწვილს გზაშიც შეაგონებდნენ, უარეყო თავისი სარწმუნოება, მას კი, გატანჯულს და გაწამებულს, ძალ-ღონე გამოეცალა, ჩაიკეცა და 1794 წლის 29 აგვისტოს სული უფალს შეჰვედრა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.