მოწამენი: ამფიანე და ედესი (+306) - ძმები იყვნენ, ცხოვრობდა პატრაში (ლუკიის პროვინცია), ქალაქის კერპთაყვანისმცემელი მმართველის ოჯახში. ისინი წარმართული სიბრძნის დასაუფლებლად ქალაქ ბირითში გაგზავნეს. აქ ძმები ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და მისი მხურვალე მიმდევრები გახდნენ, შემდეგ წარმართი მშობლები დატოვეს და წავიდნენ კესარიაში, სადაც ნახეს მოძღვარი, პრესვიტერი პამფიოლე და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მოღვაწეობა.
იმ დროს, იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) ბრძანებით, კესარიის ყველა მცხოვრებს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისათვის. ბევრი ქრისტიანი გაექცა კერპთაყვანისცემის საცდურს და მივარდნილ ადგილებში გაიხიზნა. გაიხიზნენ წმიდა ამფიანე და ედესიც, მაგრამ ერთხელ, როდესაც ქალაქის მმართველი ტაძარში მსხვერპლშეწირვაზე შევიდა, წმიდა ამფიანე მას თამამად მიეახლა და ურჩია, ცრუმსახურებისთვის თავი დაენებებინა და ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო. მმართველის ბრძანებით წმიდა ამფიანე შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და საკანში ჩააგდეს. ორი დღე ტანჯავდნენ ჭაბუკ მოწამეს, რკინის ჯოხით ცემდნენ, ზეთში ამოვლებული სელით უწვავდნენ სხეულს, ბოლოს კი ყელზე ქვა დაკიდეს და ზღვაში გადააგდეს. მოწამის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ის პატივით მიაბარეს მიწას.
ედესიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სპილენძის მაღაროებში გაგზავნეს სამუშაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და ალექსანდრიაში გადაასახლეს. აქ მან ქალაქის მმართველი, იეროკლე ამხილა ქრისტიანთა მიმართ უზომო სიმკაცრეში, რისთვისაც სასტიკად აწამეს და ძმის მსგავსად ზღვაში დაახრჩვეს (+306).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.