ღირსი მარკოზ ათინელი (+400) დაიბადა ათენში. თავისი ცხოვრება მან მოუთხრო აბბა სერაპიონს, რომელმაც ღვთის ნებით სიკვდილის წინ მოინახულა.
ბავშვობაში ღირსი მარკოზი ფილოსოფიას სწავლობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში წავიდა და დასახლდა თრაკიის მთის გამოქვაბულში. ღირსი მამა 95 წელი ცხოვრობდა დაყუდებულად და ამ ხნის განმავლობაში არამცთუ ადამიანები, ფრინველები და ცხოველებიც არ უნახავს. მოღვაწეობის პირველი ოცდაათი წელი ყველაზე მძიმე იყო ღირსი მარკოზისთვის. მისი საზრდელი იყო უდაბნოს მცენარეები და ზღვის მლაშე წყალი. არაწმიდა სულები დევნიდნენ ღირს მამას და უყვიროდნენ: „განვედ ჩვენი მიწისაგან! ქვეყნიერების დასაბამიდან ადამის ძეს აქ ფეხი არ დაუდგამს, შენ როგორ გაბედე მოსვლა?“
ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მეუდაბნოეზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდა. ანგელოზებს საკვები მოჰქონდათ მასთან, სხეული თმებით შეემოსა, რაც ყინვისა და სიცხისგან იცავდა. „მე ვიხილე სამოთხე და ილია და ენოქ წინასწარმეტყველნი, რაც ვითხოვე, ყოველივე მაჩვენა უფალმა“, - უთხრა ღირსმა მამამ ბერ სერაპიონს. ღირსმა მარკოზმა სერაპიონს ჰკითხა, - თუ არიან ქვეყნად ისეთი წმიდანები, სასწაულთმოქმედნი, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგვისაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მთ. 17,20). როგორც კი წმიდანმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მთა იძრა და 5000 წყრთით გადაიწია ზღვისკენ. როდესაც ღირსმა მარკოზმა ეს დაინახა, მთას მიმართა: „მე არ მიბრძანებია შენთვის ადგილიდან დაძვრა, დაბრუნდი!“ მთა მართლაც დაბრუნდა ძველ ადგილას. აბბა სერაპიონი პირქვე დაემხო. ღირსმა მარკოზმა სერაპიონი წამოაყენა და ჰკითხა: „ნუთუ ასეთი სასწაულები არასოდეს გიხილავს?“ - „არა, მამაო“, - უპასუხა სერაპიონმა. ღირსმა მარკოზმა მწარედ ამოიგმინა: „ჰოი, უბედურო დედამიწავ, აღარ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები!“
ამის შემდეგ ღირსმა მარკოზმა აბბა სერაპიონი ტრაპეზზე დაპატიჟა. საჭმელი ანგელოზმა მოიტანა. სერაპიონმა თქვა, ამაზე ტკბილი საჭმელი არასოდეს მიგემიაო. „ძმაო სერაპიონ, - მიუგო ღირსმა მარკოზმა, - ყოველდღე უფალი თითო პურსა და თევზს მიგზავნის, დღეს კი ორი გამომიგზავნა, რადგან სტუმარი მყავს“.
მიცვალების წინ ღირსმა მარკოზმა უფალს შეავედრა ქრისტიანები და მთელი ქვეყანა, აბბა სერაპიონს კი სთხოვა, გამოქვაბულში დაემარხა იგი და შესასვლელი ქვებით ამოეგმინა. აბბა სერაპიონმა იხილა, თუ როგორ აღიყვანეს ცად ანგელოზებმა 130 წლის ბერის სული (+400).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.