წმიდა მეთოდე, მორავიის მთავარეპისკოპოსი (+885) და კირილე (+869) საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მკვიდრი დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის შვილები იყვნენ. წმიდა მეთოდე თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და ბიზანტიის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა. სავარაუდოა, რომ ბულგარეთში 10 წლის მსახურების შემდეგ წმიდა მეთოდე ბერად აღიკვეცა ულუმბოს მთაზე. წმიდა კირილე ბავშვობიდან გამოირჩეოდა დიდი ნიჭიერებით და მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა. მან ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამღვდელო ხელდასხმა მიიღო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ მალე მალულად მონასტერში წავიდა. წმიდა კირილე მოძებნეს, დააბრუნეს დედაქალაქში და გაამწესეს უმაღლესი სკოლის ფილოსოფიის მასწავლებლად. სრულიად ახალგაზრდა წმიდა კირილემ კამათში დაამარცხა მწვალებელ ხატმებრძოლთა მეთაური ანიუსი. შემდეგ იმპერატორის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო დისპუტში სარკინოზებთან წმიდა სამების სწავლებაზე, აქაც გაიმარჯვა და წავიდა ძმასთან, წმიდა მეთოდესთან ულუმბოს მთაზე.
მალე იმპერატორმა ორივე ძმა დაიბარა და ხაზარებთან გაუშვა სახარების საქადაგებლად. ძმები მცირე ხნით გაჩერდნენ ქალაქ კორსუნში და სასწაულებრივად აღმოიყვანეს წმიდა მღვდელმოწამის კლიმენტი რომაელის (ხს. 25 ნოემბერს) წმიდა ნაწილები.
ხაზარეთში ქადაგების შემდეგ წმიდა კირილე დედაქალაქში დარჩა, წმიდა მეთოდე კი ულუმბოს ახლოს მდებარე პოლიხრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.
მალე იმპერატორთან მოვიდნენ მორავიის მთავრის როსტისლავის ელჩები და სთხოვეს, სლავურის მცოდნე მოძღვრების გაგზავნა მორავიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. იმპერატორმა წმიდა კირილეს დაავალა ეს დიდი საქმე. წმიდა მამა ლოცვითა და მარხვით შეუდგა მძიმე მოღვაწეობისთვის მზადებას. თავისი ძმის, წმიდა მეთოდესა და მოწაფეების: მორაზდის, კლიმენტის, საბას, ნაუმის, ანგელიარის დახმარებით შეადგინა სლავური ანბანი და სლავურ ენაზე თარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა საღვთისმსახურო წიგნები. ეს მოხდა 863 წელს.
წიგნების თარგმნის შემდეგ წმიდა ძმები მორავიაში წავიდნენ და დაიწყეს ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. ამან გერმანელი ეპისკოპოსების გაბოროტება გამოიწვია, რომლებიც ღვთისმსახურებაში ლათინურ ენას იყენებდნენ. ეპისკოპოსები წმიდა მოციქულთასწორებთან კამათში დამარცხდნენ, მაგრამ რომის პაპთან დაასმინეს ისინი. ძმები რომში დაიბარეს. წმიდანებმა თან წაასვენეს წმიდა კლიმენტი რომაელის ნაწილები. რომის პაპი ადრიანე პატივით შეხვდა ძმებს და დაამტკიცა ღვთისმსახურების შესრულება სლავურ ენაზე.
რომში წმიდა კირილე დაუძლურდა, აღსასრულის მოახლოება ემცნო და სქემა მიიღო. სქემის მიღებიდან 50 დღის შემდეგ, 869 წლის 14 თებერვალს 42 წლის წმიდა კირილე გარდაიცვალა.
წმიდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა მეთოდეს ხელი დაასხეს მორავიისა და პანონიის მთავარეპისკოპოსად. წმიდა მამა კვლავ აგრძელებდა ქადაგებასა და ღვთისმსახურებას სლავურ ენაზე. გამძვინვარებულმა გერმანელმა ეპისკოპოსებმა მიაღწიეს წმიდა მეთოდეს დაპატიმრებას და გადასახლებას შვაბიაში, სადაც ორნახევარი წელი იტანჯებოდა. რომის პაპის ბრძანებით განთავისუფლებულმა წმიდა მეთოდემ მონათლა ჩეხეთის მთავარი ბორევიო და მისი მეუღლე ლუდმილა (ხს. 16 სექტემბერს). მესამედ გერმანელმა ეპისკოპოსებმა წმიდა მეთოდეს დევნა გამოუცხადეს ლათინური სწავლების მიუღებლობისათვის სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამოსვლის შესახებ. წმიდა მეთოდე რომში გამოიძახეს. მან პაპის წინაშე დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და კვლავ აღდგენილ იქნა მღვდელმთავრის ხარისხში.
სიცოცხლის მიწურულს წმიდა მეთოდემ ორი მოწაფის დახმარებით სლავურ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა მაკაბელთა წიგნების გამოკლებით, აგრეთვე დიდი სჯულის კანონი და პატერიკები.
წმიდა მეთოდე აღესრულა 885 წლის 6 აპრილს, 60 წლის ასაკში. წესის აგება შესრულდა სამ ენაზე: სლავურად, ბერძნულად და ლათინურად. წმიდანი დაასაფლავეს ბელგრადის ტაძარში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.