წმიდა მოწამე ევფსიქი (+362) - დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული ქალღმერთის, ფორტუნას ტაძარი, რომელსაც იულიანე დიდ პატივს მიაგებდა. წმიდა ევფსიქიმ ხალხი შეკრიბა და ტაძარი დაარბია. წმიდანმა იცოდა, რომ ამ საქციელისთვის სასჯელი არ ასცდებოდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და მოწამეობრივი აღსასრულისთვის გაემზადა.
გამძვინვარებულმა იმპერატორმა მთელ ქალაქს დაატეხა რისხვა: მოსახლეობის ნაწილი დაახოცინა, ცნობილი მოქალაქეები გადაასახლა, სამღვდელოება სამხედრო სამსახურში გაიწვია, ეკლესიები გაძარცვა. სახელიც კი წაართვა ქალაქს - კესარია (ე.ი. მეფური) და აქცია უბრალო სოფლად - ძველი სახელით მაზაკა. მოსახლეობას მძიმე ხარკი შეაწერა. იმპერატორმა ბრძანა, რომ სრულიად გაანადგურებდა ქალაქს, თუ მცხოვრებლები დანგრეული ტაძრის ნაცვლად ახალს არ ააშენებდნენ.
იულიანეს ბრძანებით, დიდხანს ცდილობდნენ წმიდა ევფსიქი გადაედრიკათ კერპთაყვანისცემისაკენ, მაგრამ ამაოდ. ხანგრძლივი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს (+362).
იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ, ქრისტიანებმა წმიდა ევფსიქის საფლავზე ეკლესია ააგეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.