წმიდა მოწამენი პროკლე და მარტინიანე (I) - წარმართები იყვნენ და მსახურობდნენ რომში, მამერტინის ციხეში.
პროკლე და მარტინიანე თვალყურს ადევნებდნენ ტყვე ქრისტიანების საქციელს, უსმენდნენ მათ ქადაგებას და თანდათან შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. როცა წმიდა მოციქული პეტრე ჩაამწყვდიეს მამერტინის ციხეში, პროკლემ და მარტინიანემ საბოლოოდ ირწმუნეს ქრისტე, მოციქულისგან ნათელიღეს და იგი საპყრობილედან გაანთავისუფლეს. ციხის უფროსმა პავლინმა შეიტყო ეს ამბავი და ახალნათელღებულებს მოსთხოვა ქრისტეს უარყოფა. მათ კი უშიშრად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება პავლინის ბრძანებით წმიდანები სასტიკად ცემეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.
მალე პავლინს ღვთის სასჯელი ეწია: მოულოდნელად დაბრმავდა და მესამე დღეს გარდაიცვალა. პავლინის შვილმა ქალაქის თავს მოწამეთა სიკვდილით დასჯა მოსთხოვა. წმიდა პროკლესა და მარტინიანეს თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 67).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.