წმიდა ტრიფონი - კონსტანტინეპოლის პატრიარქი (+933) სიყრმეში აღიკვეცა ბერად. ამ დროს ბიზანტიაში მეფობდა იმპერატორი რომანოზი (919-944), რომელსაც სურდა პატრიარქის კათედრაზე აღესაყდრებინა თავისი უმცროსი ძე თეოფილაქტე. როცა პატრიარქი სტეფანე (925-928) გარდაიცვალა, თეოფილაქტე 16 წლისა იყო. იმპერატორმა ღირს ტრიფონს სთხოვა, პატრიარქის თანამოსაყდრე ყოფილიყო თეოფილაქტეს სრულწლოვანებამდე.
ღირსმა ტრიფონმა მორჩილებით მიიღო საპატრიარქო მსახურების სიმძიმე და სამი წლის განმავლობაში ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. როცა თეოფილაქტე 20 წლის გახდა, იმპერატორმა წმიდა ტრიფონს შესთავაზა, უარი ეთქვა პატრიარქის ხარისხზე. ღირსი ტრიფონი შეუძლებლად მიიჩნევდა გამოუცდელი ყმაწვილის საჭეთმპყრობელობას და უარი განაცხადა იმპერატორის წინადადებაზე. იმპერატორმა საბაბი ვერ მონახა პატრიარქის გადასაყენებლად, მაგრამ ისარგებლა კესარიის ეპისკოპოსის თეოფილეს ვერაგობით.
თეოფილე მივიდა ღირს ტრიფონთან, მოუწოდა გადაწყვეტილება, მაგრამ ურჩია, წინასწარი ზომებიც მიეღო: მის უწიგნურობაზე იმპერატორის აზრის გასაბათილებლად ფურცელზე დაეწერა თავისი სრული ტიტული. უბოროტო პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრებაზე სუფთა ფურცელზე დაწერა „ტრიფონი - ნებითა ღვთისათა არქიეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ახალი რომისა, პატრიარქი მსოფლიოსა“. იმპერატორის ბრძანებით ხელმოწერას ვერაგულად დაამატეს შემდეგი წინადადება: „პატრიარქის ტახტს ვტოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ღირსად არ ვთვლი“. როდესაც ეს ნაყალბევი წაიკითხეს, წმიდა ტრიფონი პატრიარქის სასახლიდან გააძევეს. ღირსმა ტრიფონმა სულგრძელად დაითმინა საშინელი ღალატი, მონასტერში დაბრუნდა და აღსასრულამდე იქ ცხოვრობდა (+933). მისი გვამი კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და პატრიარქთა საძვალეში დაკრძალეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.