ღირსი ეფთვიმე გაენათელი (შერვაშიძე) დაიბადა 1746 წელს. მამამისი ქრისტეფორე შერვაშიძე გურიის მთავარი იყო. ეფთვიმეს წინაპრები დაახლოებულნი იყვნენ იმერეთის სამეფო კარზე და ყოველთვის საქართველოს გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
ეფთვიმე თორმეტ წლამდე გურიაში იზრდებოდა, შემდეგ კი იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა, იმერეთში წაიყვანეს. ეფთვიმე ოცი წლის განმავლობაში სულ თან ახლდა მეფესა და კათოლიკოსს და მათი ყველა ბრძანება და წესები სრულიად იცოდა. ბრწყინვალე საერო კარიერას ეფთვიმემ სასულიერო მოღვაწეობა არჩია და მონაზვნად აღიკვეცა. ეფთვიმე მალევე აკურთხეს მღვდლად. 1778 წლის ახლო ხანებში კი მღველმთავრად დაასხეს ხელი და ამ დროიდან 1820 წლამდე, გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით.
ეფთვიმეს მოღვაწეობის დროს საქართველოს წინაშე მწვავედ იდგა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის და პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. წმიდა ეფთვიმეს მთელი სულიერი და ფიზიკური ძალები დედა ეკლესიის სიწმინდისა და ქვეყნის გასაძლიერებლად იყო მიმართული.
1787 წელს, ეფთვიმემ საფუძვლიანად განაახლა წმიდა ნიკოლოზის ეკლესია გელათის კომპლექსში, იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ (1783 წელს), იმერეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანდათან დაიძაბა. 1790 წელს ეფთვიმე ტფილისში ჩავიდა იმერეთის წარმომადგენლებთან ერთად და ცდილობდა მეფე ერეკლე საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაში დარწმუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდე, რუსეთის მთავრობამ 1810 წელს იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა და იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა. წმიდა ეფთვიმეს შუამავლობითა და დიდი ავტორიტეტით მოხერხდა სოლომონ მეორისა და რუსეთის გენერლის სვიმონოვიჩის პირისპირ შეხვედრა ფერსათში, რომელმაც არსებითად ვერაფერი სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო.
რუსეთის იმპერიის სასტიკი პოლიტიკის შედეგად ხალხის მასობრივმა უკმაყოფილებამ მთელი საქართველო მოიცვა. 1819 წელს აჯანყდა იმერეთიც, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა სამღვდელოებაც. რუსეთის მთავრობის ბრძანებით 1820 წლის 4 მარტს საღამოს, გელათის მონასტერში მიტროპოლიტი ეფთვიმე შეიპყრეს, ამავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი. ორივე მღვედლმთავარს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ტომრები ჩამოაცვეს თავზე და მშიერ-მწყურვალნი მათრახების ცემით წაიყვანეს. სურამში ერთ-ერთ დედაკაცს წყალი მიუტანია მღვდელმთავრებისთვის დასალევად. სიცხითა და ცემით გატანჯულმა წმიდა ეფთვიმემ პირის გაღების დროს სისხლი აღებინა, ცემისაგან მას მთლიანად დასცვენოდა კბილები.
ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში წაიყვანეს. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ მღვდელმთავრისთვის შესაფერისი პატივით მიიღო წმიდანი. ეფთვიმემ იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ერისათვის თავისუფლების წართმევასა და სამშობლოს დამცველთა წამებისათვის. წმიდა ეფთვიმე სვირის მონასტერში გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიაში.
წმიდა ეფთვიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბატონიშვილებთან, ახერხებდა წერილობითი ურთიერთობა ჰქონოდა მის მოძღვართან, ცნობილ სასულიერო მოღვაწესთან, მღველმონაზონ იონა ხელაშვილთან.
1822 წლის 21 აპრილს, საღამოს 9 საათზე წმიდა ეფთვიმი გარდაიცვალა. 23 აპრილს მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წესის აგების დროს მეუფე ეფთვიმე წამოიწია „დასწერა ჯვარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა, დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა“. ეფთვიმე დაასაფლავეს სვირის მონასტერში სამების ტაძრის საკურთხეველში.
2004 წლის 1 აპრილს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.
„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.