წმიდა ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I) - კანას გალილეის მკვიდრი წმიდა ნათანაელი ანუ ბართლომე 12 მოციქულთაგანი იყო. მეერგასე დღეს მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას და მოციქულ ფილიპეს (ხს. 14 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპე მოციქულს თან ახლდა და - ქალწული მარიამნა. სირიისა და აზიის ქალაქებში მათ მრავალი ჭირი დაითმინეს. ერთ-ერთ სოფელში წმიდანები შეხვდნენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველს და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. იეროპოლში მოციქულებმა ლოცვით შემუსრეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას. წმიდა ნათანაელი და ფილიპე დასთან ერთად თავიანთ ქადაგებას მრავალი სხვა სასწაულითაც განამტკიცებდნენ.
იეროპოლში ცხოვრობდა ვინმე სტაქოსი, რომელიც 40 წელი ბრმა იყო. მოციქულთა ლოცვით იგი განიკურნა, ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო. ეს ამბავი მთელ ქალაქში გახმაურდა და მოციქულების საცხოვრებელს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქალაქის მმართველმა ბრძანა, დაეტყვევებინათ ნათანაელი და ფილიპე, სტაქოსის საცხოვრებელი კი ცეცხლისთვის მიეცათ. სამსჯავროზე წარმართმა ქურუმებმა მოციქულები დაადანაშაულეს ხალხის მოტყუებასა და წინაპართა ღმერთების შეურაცხყოფაში. ქალაქის მმართველი ფიქრობდა, რომ წმიდანთა სამოსს ჰქონდა მაგიური ძალა და ბრძანა, განეძარცვათ ისინი. ქალწული მარიამნა წარმართთა მზერისთვის ცეცხლოვან ჩირაღდნად იქცა და ვერავინ გაბედა მასთან მიახლოება. წმიდანებს ჯვარცმა მიუსაჯეს. როცა ფილიპე თავდაღმა გააკრეს ჯვარზე, ქვეყანა შეიძრა, მიწა დასკდა და ქალაქის მმართველი, ქურუმები და სეირის მაყურებლები ჩაიტანა. ცოცხალდ დარჩენილი უღმრთოები დაფრთხნენ და წმიდანის გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ მოციქული უკვე აღსრულებული იყო. წმიდა ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამნამ ქალაქის ეპისკოპოსად დაადგინეს სტაქოსი, თვითონ კი სხვაგან გაემგზავრნენ.
ნეტარი მარიამნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად ლიკაონიაში წავიდა და იქვე აღესრულა მშვიდობით (ხს. 17 თებერვალს). წმიდა ნათანაელი, იგივე ბართლომე, ინდოეთს გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ მოინახულა დიდი სომხეთი, სადაც მრავალი სასწაული ქმნა და ბოროტი სულისაგან განკურნა მეფის ასული. მადლიერმა მეფემ გასამრჯელო შესთავაზა მოციქულს, მან კი უპასუხა, რომ მხოლოდ ადამიანთა სულების გამოხსნასა და ცხონებას ეძიებს. მაშინ მეფემ განკურნებულ ასულსა და მრავალ ქვეშევრდომთან ერთად ნათელ-იღო. მათ მაგალითს მიბაძა დიდი სომხეთის ქალაქთა ასეულობით მკვიდრმა. გაბოროტებული წარმართი ქურუმების წაქეზებით მეფის ძმამ ასტივიაგმა ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) შეიპყრო მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. წმიდა ბართლომე ჯვარზე განაგრძობდა ქადაგებას. მოციქულის მოშურნეობით განრისხებულმა ასტიაგმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ და თავი მოეკვეთათ მისთვის. მორწმუნეებმა წმიდა ბართლომეს ნეშტი ტყვიის ლუსკუმაში ჩაასვენეს და დამარხეს. 508 წელს მოციქულის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მესოპოტამიაში, ქალაქ დარში. 574 წელს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს. ქრისტიანებმა ბართლომეს ნაწილები ამოასვენეს და შავი ზღვისკენ გაემართნენ. წმიდა ტვირთის მზიდველებს სპარსელები დაესხნენ თავს. მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, მორწმუნეებმა ლუსკუმა ზღვაში ჩაუშვეს. ღვთის განგებულებით იგი კუნძულ ლიაპარის ნაპირებთან მიცურავდა. IX საუკუნეში, არაბების მიერ კუნძულის დაპყრობის შემდეგ, წმიდა ნაწილები ნეოპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადაასვენეს, X საუკუნეში კი - რომში.
ღვთის ნებით წმიდა იოსებ მგალობელთან (+883. ხს. 4 აპრილს) მოხვდა მოციქულ ბართლომეს წმიდა ნაწილი. ღირსმა პაპმა იგი წაასვენა თავის მონასტერში კონსტანტინეპოლთან ახლოს და წმიდა მოციქულის სახელობის ტაძარიც ააშენა. წმიდანისთვის კიდევ უფრო მეტი პატივის მიგების ძლიერი სურვილით ანთებული იოსები მხურვალედ ითხოვდა ღვთისგან მადლს მისი სადიდებელი კანონის შესაქმნელად. და აი, წმიდა ბართლომეს ხსენების დღეს, ღირს მამას საკურთხეველში თავად წმიდა მოციქული გამოეცხადა, იოსები მოიხმო, სატრაპეზო სახარება მკერდზე დაადო და უთხრა: „გაკურთხოს უფალმან, შენმა საგალობლებმა დაატკბოს სამყარო“. ამის შემდეგ ღირს იოსებს საგალობლების შექმნის ნიჭი მიემადლა და შექმნა 300-ზე მეტი კანონი.
წმიდა მოციქული ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. წმიდა პავლე მოციქულის თანამოსაგრე (ფილ. 1,24; 2 ტიმ. 4,10) პროფესიით მკურნალი იყო. როდესაც ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ გაიგო, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და თვით უფლისგან ეზიარა სახარების სწავლებას. წმიდა მოციქული მაცხოვრის სიცოცხლეშივე იქნა გაგზავნილი ცათა სასუფევლის საქადაგებლად (ლკ. 10, 1-3), აღდგომის შემდეგ კი თვით უფალი გამოეცხადა კლეოპასთან ერთად ემაუსისკენ მიმავალს.
წმიდა ლუკა თან ახლდა პავლე მოციქულს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს არ განშორებიან (2 ტიმ. 4, 10). მოციქულთა თავთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ დატოვა რომი და ქადაგებით მოიარა აქია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა. ქალაქ თებეში მან მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.
გადმოცემა წმიდა ლუკას მიაწერს ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას: „მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა იყოს ამ ხატთანა“, - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს ხატის ხილვისას. წმიდა მოციქულს დაუწერია მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხატები, მის სახელს უკავშირებენ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შექმნას, რომელიც წმიდა ანდრია მოციქულმა ჩამოასვენა საქართველოში.
62-63 წლებში წმიდა პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით წმიდა ლუკას დაუწერია სახარება. პირველივე მუხლები გვამცნობს, რომ მისი მიზანი ყოფილა უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (14). მან ფაქტები დაწვრილებით გამოიძია და თავისი სახარების შექმნისას ფართოდ გამოიყენა როგორც ეკლესიის ზეპირი გადმოცემა, ასევე თვით ყოვლადწმიდა მარიამის მონათხრობი (2; 19-51).
რომში 62-63 წლებში დაუწერია წმიდა ლუკას „საქმე მოციქულთა“, რომელიც ოთხთავის გაგრძელებას წარმოადგენს და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. თხრობისას ძირითადი ყურადღება ეთმობა უდიდეს საეკლესიო მოვლენას - მოციქულთა კრებას (51 წ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქმნა (საქმე 15, 6-29). „საქმე მოციქულთას“ საღვთისმეტყველო საგანს უპირატესად სულიწმიდის განგებულება წარმოადგენს, რომელიც ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ აღესრულება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში.
წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკის ეპისკოპოსი იყო. მის სახელს იხსენიებს წმიდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). მოციქული მიმართავს ვინმე „ერთგულ თანამეუღლეს“ და სთხოვს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნიეგე სახარებას თანა-მოღვაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ და სხვათა მათ თანაშემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა“.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.