წმიდა ალექსანდრა დედოფალი და ვალერია (+314). წმიდა გიორგის წამების ამსახველ პირველ აქტებში წერია, რომ დიოკლეტიანეს მეუღლე, წმიდა ალექსანდრა გარდაიცვალა წმიდა გიორგის წამების დღეს. სინამდვილეში, მან მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო მოგვიანებით, 314 წელს.
ამ ხნის განმავლობაში მრავალი მოვლენა მოხდა. 305 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ უარი განაცხადა ტახტზე და ძალაუფლება გადავიდა მისი თანამმართველის, ფანატიკოსი წარმართის, უხეში და სასტიკი მხედრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ხელში. მისი მეუღლე იყო წმიდა ალექსანდრე დედოფლის ასული წმიდა მოწამე ვალერია, რომელიც დიოკლეტიანემ მისი სურვილის გარეშე გაათხოვა. წმიდა ალექსანდრა ქალიშვილს ქრისტიანული ღვთისმსახურებით ზრდიდა. როდესაც გალერიუსი გარდაიცვალა, იმპერატორმა მაქსიმიანემ ხელი სთხოვა წმიდა ვალერიას. ქრისტიანი ქალის უარით განაწყენებულმა მაქსიმიანემ წმიდა ვალერია სირიაში გადაასახლა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ, 313 წელს იმპერატორ ლიკინიუსის (313-324) მოწყალებაში დაიმედებული დედა-შვილი ნიკომიდიაში ჩავიდა. წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინესთან ერთად ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, რომელიც ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლებას ანიჭებდა, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობის მტრად დარჩა. ლიკინიუსმა ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ წმიდა ალექსანდრა დედოფალი და მისი ასული წმიდა ვალერია. მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.