ღირსი თომა სალოსი (+დაახლ. 546-560) კაბადოკიის კესარიის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. მას მონასტრისთვის შემოწირულობების შეგროვება დაავალეს. ამ მიზნით სირიის ანტიოქიაში ჩასულმა ნეტარმა მამამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა.
ერთ-ერთი ეკლესიის იკომონოს ანასტასის მობეზრდა ღირსი თომას ხელგაწვდილი სიარული და სილა გააწნა მას. ამ ამბის მხილველებმა ანასტასის უხეშობა უსაყვედურეს, მაგრამ ღირსმა თომამ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „ამიერიდან არაფერს მივიღებ ანასტასისაგან, ვერც ის შეძლებს ვერაფრის მოცემას“. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეორე დღეს ანასტასი გარდაიცვალა, მონასტერში გამობრუნებული ღირსი თომა კი გზაში, ქალაქ დაფნის გარეუბანში, წმიდა ექვთიმეს ეკლესიაში აღესრულა. დაასაფლავეს უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი თომას საფლავზე ქალი დამარხეს. ოთხი საათის შემდეგ მიწამ კუბო ამოაგდო. იგივე განმეორდა მიცვალებულის ხელახლა დაკრძალვის შემდეგაც და სხვა ქალის დასაფლავების დროსაც. მომხდარის შესახებ აცნობეს ანტიოქიის პატრიარქ დომნას (546-560). მისი კურთხევით ღირსი მამის ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს და ჩაასვენეს საძვალეში, სადაც მრავალ წმიდანის ნაწილები განისვენებდა. შემდგომ ამ ადგილას ააშენეს პატარა ეკლესია.
ღირსი თომასადმი აღვლენილი ლოცვებით ანტიოქიაში შეწყდა შავი ჭირის ეპიდემია. ამ დროიდან ანტიოქიელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმიდა თომას ხსენების დღეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.