წმიდა სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი (+139) დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში. ღვთისმოსავი დედის, მარიამის შემწეობით სტეფანემ ბავშვობიდანვე გამოიჩინა არაჩვეულებრივი გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში: ერთ წელიწადში შეისწავლა კითხვა და მამას ეხმარებოდა ღვთისმსახურებაში.
წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.
1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.
1390 წელს ეპისკოპოსი ეკლესიის საქმეებზე მოსკოვში გაემგზავრა. წმიდა სტეფანეს მხურვალედ უყვარდა სერგი რადონეჟელი და ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა მონასტერში მისვლას. წმიდა სტეფანემ ილოცა, მონასტრის მხარეს გაიხედა და წარმოთქვა: „მშვიდობა შენ თანა, სულიერო ძმაო!“ ღირსი სერგი, რომელიც ძმებთან ერთად ტრაპეზად იჯდა, წამოდგა, ილოცა, ქედი მოიდრიკა იმ მხარეს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი მიდიოდა და უპასუხა: „გიხაროდენ შენც, ქრისტეს ფარის მწყემსო და მშვიდობა უფლისა იყოს შენ თანა!“
1395 წელს წმიდა სტეფანე კვლავ გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.