წმიდანი ცრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III). ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III ს-ის ბოლოს კვიზიკია ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმც იქვე ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თესტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული.
კვიზიკიაში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (+დაახლ. 284-292). წმიდანები ქალაქის ახლოს დამარხეს.
324 წელს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337, ხს. 21 მაისს). ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ქრისტიანებმა გათხარეს წმიდათა სამარხი, ამოასვენეს 9 მოწამის უხრწნელი გვამი და დაასვენეს მათ სახელზე აგებულ ტაძარში.
წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.