ღირსი პავლე მორჩილის მოღვაწეობის წლები უცნობია. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მისმა მოკლე ცხოვრებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ პავლე მდიდარი მშობლების შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი განერიდა ამსოფელს და ბერულ ღვაწლს შეუდგა. ზედწოდება „მორჩილი“ მან საოცარი თავმდაბლობისა და საკუთარი ნების სრული მოკვეთისთვის დაიმსახურა. ერთხელ ღირსმა მამამ ადუღებულ ფისს შიშველი ხელით მოურია, მაგრამ არაფერი დაშავებია. ამის შემდეგ ძმათა ნაწილმა იგი ღმერთშემოსილ მოსაგრედ ჩათვალა, სხვები კი უნდობლობით შეხვდნენ ნეტარს. ბერების ლოცვით ღმერთმა მათ მოუვლინა ხილვა, რომლითაც მიანიშნა, რომ მათი ძმა ჭეშმარიტი მოსაგრე იყო. ღამით ყველანი სასუფეველში იქნენ ატაცებულნი და ესაუბრნენ ბერ პავლეს, რომელმაც ყოველ მათგანს სახსოვრად თითო ყვავილის ან ტოტის წაღების ნება დართო. დილით, როცა გამოიღვიძეს, სამოთხის ყვავილები და ტოტები ყველას ხელში ეჭირა. ამის შემდეგ ნეტარი პავლე ჯერ იერუსალიმში გაემგზავრა, შემდეგ კი - კვიპროსზე. იგი განმარტოებით იღვწოდა, ბოლოს კი პერიგორის მთაზე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალების წინ წმიდანს ზეგარდამო ჩაესმა: „აღმოვედ, პავლე, მთასა ზედა და მიიღე დასასრული ცხოვრებისა“.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.