ნეტარი იოანე და მშობელნი მისნი: ნეტარი სტეფანე და ნეტარი ანგელინა (XV ს.). სერბეთის მმართველის, სტეფანე ბრანკოვიჩისა და მისი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელობებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე. 1475 წელს სერბეთის მაშინდელი მთავრის შუათანა ძე - სიმდაბლითა და წმიდა წერილში ღრმა განსწავლულობით გამორჩეული სტეფანე თურქეთის დედაქალაქში გაემგზავრა სულთან მურატისთვის მითხოვებული დის მოსანახულებლად, მაგრამ როცა შეიტყო, რომ თურქებს ფანატიკური სისასტიკით გადაეწვათ მილეშოვოს მონასტერი, გაბედულად აღსდგა დამპყრობთაგან სამშობლოს დასაცავად. მას შემდეგ, რაც წმიდანი ალბანეთის მთავრის ასულზე, ანგელინაზე დაქორწინდა, ოსმალები სტეფანესა და მის ოჯახს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და იგი იძულებული გახდა, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ჯერ ალბანეთში გახიზნულიყო, შემდეგ კი - იტალიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ნეტარმა ანგელინამ წმიდა სტეფანეს უხრწნელი ნაწილები კუპინოვოში გადაასვენა. XV საუკუნის დასასრულს სერბეთის მმართველი გახდა წმიდა სტეფანესა და ანგელინას ძე - ნეტარი იოანე. მართალი იოანესა და მისი მშობლების უხრწნელ ნაწილებთან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.