ღირსი თომა ბითვინიაში დაიბადა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მახლობელ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარი ერთი ღვთივსულიერი ბერის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა, ცდილობდა, სრულიად მოეკვეთა საკუთარი ნება და სწრაფად წარემატებოდა სათნოებებში. გარდა ამისა, იგი წიგნიერებითა და წმიდა წერილის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. როცა ერთმა კეთილმსახურმა ბიზანტიელმა დიდებულმა მდინარე საღარისის ნაპირას მონასტერი დააარსა, საძმომ უკვე გამოცდილი ბერი - თომა ახალი სავანის წინამძღვრად აირჩია.
ეშმაკის მანქანებით ბერთა საძმოში, გაურკვეველი მიზეზით, შფოთი ატყდა. თავმდაბალმა თომამ, რომელიც ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა, მონასტერი დატოვა და უდაბნოში დამკვიდრდა. თანდათან წმიდა მოსაგრეს მიაშურეს ერისკაცებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით შესდგომოდნენ ბერულ ღვაწლს, ასე წარმოიშვა მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი თომა გახდა.
ბოროტმა ახალი განსაცდელი დაატეხა წმიდანს: კოღოების გუნდი, რომელიც გამუდმებით თავს ეხვეოდა წმინდანს, მოსვენებისა და ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. ამგვარმა უბედობამ სამ წელს გასტანა, მაგრამ თომა გამუდმებით მადლობდა უფალს და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. შემდეგ კოღოები გაქრნენ, მაგრამ გაჩნდნენ დიდი ბუზები, რომლებიც გამუდმებით კბენდნენ ღირს მამას. კიდევ სამი წლის შემდეგ ბუზებს გველების სიმრავლე შეენაცვლა.
ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დროს, როცა მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, საიდანღაც უზარმაზარი გველი გამოძვრა და ტაძრის კარებთან დაიგორგლა. წირვა რომ დამთავრდა, თომა სრული სამღვდელო შესამოსლით მიუახლოვდა ზღურბლს, სადაც ქვეწარმავალი იწვა და მიმართა: „გველო, თუ შენი გამოჩენა ჩემი უფლის შემწეობით შენს აღსასრულს მოასწავებს, მომყევი“. ამ სიტყვებზე გველი წმიდანის სამოსლის კიდეს კბილებით მოეჭიდა და ტაძრისგან მოშორებულ, ღრმა ორმოსკენ გაჰყვა წმინდანს. ნეტარის ლოცვით ქვემძრომი ორმოში ჩავარდა და გაუჩინარდა. მაშინ სხვა გველებიც, ამდენი წლის განმავლობაში მოსვენებას რომ არ აძლევდნენ ღვთის რჩეულს, გაწყდნენ.
ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი თომა საცთურთაგან განთავისუფლდა და უფლისაგან კურნებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. შეჭირვებული ადამიანები შორეული ადგილებიდან მიდიოდნენ მასთან შემწეობის სათხოვნელად. ერთხელ თომას სავანეში იმპერატორი ლეონ VI ბრძენი (886-912) ჩავიდა რჩევა-დარიგების მოსასმენად. წმიდა მამა სავანეში რომ არ დახვდა, თვითმპყრობელმა დესპანი გაგზავნა მასთან წერილით. ის-ის იყო ელჩი მამის სენაკს მიუახლოვდა, რომ ამ უკანასკნელმა მას უკვე საპასუხო ეპისტოლე მიაგება.
წმიდა თომამ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სული უფალს შეჰვედრა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.