წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ უსჯულო ხელისუფლის ბრძანებით უფლის რჩეულებს თავი მოკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.