წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348)

12 (25) დეკემბერი

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა“.

მღვდელმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.

წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისათანა“. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალენ“. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი - მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტ. 1,15).

სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.

სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.

წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრების ვრცელი ვერსია