ღირსი პავლე ლატრელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მან მამა ადრე დაკარგა და ფრიგიაში, წმიდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. შემდეგ კი მილეტის მახლობლად, ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურებისკენ მოსწრაფე მამა გამოქვაბულში დაეყუდა და განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და ლოცვა-კურთხევასა და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 955 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.