ღირსი მიქაელ აღმსარებელი იერუსალიმში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში და სიჭაბუკეშივე ბერული ღვაწლისთვის გადადო თავი. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანის დედამ და დებმა მონასტერს მიაშურეს. ღირსი მიქაელი მღვდლად აკურთხეს. ნეტარმა მამამ სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მქადაგებელმა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა თომამ იგი დაიახლოვა და სვინგელოზად (საეკლესიო მმართველობის საქმეთა გამგედ) დაადგინა. მაშინ ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820) მეფობდა. პატრიარქმა მასთან ღირსი მიქაელი გააგზავნა წმიდა ძმებთან: თეოდორესთან (ხს. 27 დეკემბერს) და თეოფანესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად, რათა უსჯულო ხელისუფალს შეეწყვიტა მართლმადიდებელთა დევნა. იმპერატორმა წმიდა მიქაელი აწამა და გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული ღირსი მამა იმპერატორმა თეოფილემ (829-842) ხატთა თაყვანისცემისათვის კვლავ საწამებლად გადასცა. წმიდა მიქაელის თანამოსაგრეებმა - წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს „გამომეტყველნი“ ეწოდათ. ხელმეორედ გასამართლებული წმიდა მიქაელი თავის მოწაფესთან, იობთან ერთად პავეიადის მონასტერში გაგზავნეს. თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა თეოდორამ (842-855) ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბრუნა და წმიდა მიქაელს შესთავაზა, პატრიარქის ტახტი დაეკავებინა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მაშინ ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს.
ნეტარი მიქაელ აღმსარებელი სიკვდილის დღემდე სვინგელოზად მსახურობდა. 845 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.