წმიდა გრიგოლი - ომირიტელი ეპისკოპოსი, მედიოლანში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების, აღაპისა და თეოდოტიას ოჯახში. სიყრმიდანვე მასზე სულიწმიდის მადლი იყო დავანებული და კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი გააჩნდა. ღვთის განგებულება ნეტარს სამღვდელმთავრო მსახურებისთვის ამზადებდა. იგი ჯერ კიდევ დიაკვნად მსახურობდა, როცა მშობლიურ ქალაქში ერთი განდეგილის პირით წინასწარ განეცხადა მისი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ ამ უკანასკნელის სიტყვები მთებში მოღვაწე სხვა ღვთივსულიერმა ბერმაც დაამოწმა. მან წმიდა გრიგოლს აუწყა, რომ რომში წმიდა ბონიფანტესა და აგლაიდას საფლავის მოლოცვის შემდეგ ალექსანდრიაში უნდა წასულიყო, იქ ეპისკოპოსის ხარისხი მიეიღო და ეთიოპიის ქალაქ ნეგრანში ქრისტეს სარწმუნოება განემტკიცებინა. ნათქვამის ჭეშმარიტებაში წმიდანს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, ბერმა გაუცხადა, რომ იცოდა თუ როგორ გამოეცხადებოდნენ წმიდა გრიგოლს საღვთო ხილვაში მოციქულთა თავნი, პეტრე და პავლე და მღვდელმთავრის ომოფორით შემოსეს.
ზეციურ კურთხევას დამორჩილებულმა გრიგოლი რომში ჩავიდა. აქ, წმიდა ბონიფანტესა და აგლაიდას საფლავზე, მას კიდევ ერთხელ გამოეცხადა წმიდა პეტრე მოციქული და დაავალა, შესწეოდა ქრისტიანებს, რომლებიც უფლის სახელისთვის იტანჯებოდნენ ქალაქ ნეგრანში. ღამით, სიზმრისეულ ჩვენებაში, პავლე მოციქული წარდგა ნეტარის წინაშე და ზეთით სავსე ფიალა გაუწოდა, რაც მასზე სამღვდელმთავრო მადლის გარდამოსვლის წინაუწყება იყო.
ამ დროს ეთიოპიის მეფის, ელეზვოის (ხს. 24 ოქტომბერს) ლაშქარმა ებრაელი ტირანის, დუნაანის უღლისგან გაათავისუფლა ომირიტის ქალაქი ნეგრანი. ამის შემდეგ აქ ქრისტიანობა აღდგა, მაგრამ ებრაელ დამპყრობთა მიერ მთელი საეკლესიო იერარქია განადგურებული იყო. ამიტომ ელეზვოიმ ალექსანდრიის პატრიარქთან ელჩები გაგზავნა და ნეგრანისთვის ეპისკოპოსი და სამღვდელოება გამოითხოვა. ღვთის ნების შესაცნობად ლოცვად დამდგარ პატრიარქს მარკოზ მოციქული გამოეცხადა და უბრძანა, მოეძებნა დიაკონი გრიგოლი, ჯერ მღვდლად ეკურთხებინა, შემდეგ - ეპისკოპოსად და ელეზვოისთან გაეგზავნა. პატრიარქი ასეც მოიქცა. ქიროტონიის დროს განსაკუთრებული მადლი გარდამოვიდა წმიდა გრიგოლზე: მას სახე არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა, სამოსლიდან კი კეთილსურნელოვანი საკმევლის სურნელი დაიფრქვა.
ომირიტში ჩასულმა გრიგოლმა ქრისტიანული სალოცავების აღდგენას და წარმართებსა და ებრაელებს შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას მიჰყო ხელი. მღვდელმთავარმა აკურთხა ახალი მეფე - აბრაამი, რომელმაც თავის ყველა ქვეშევრდომს მონათლვა უბრძანა. მაშინ დიდგვაროვანმა ებრაელებმა მას მოსთხოვეს, სარწმუნოებრივ საკითხებზე კამათი გაემართა მათსა და ქრისტიანებს შორის, თან შეჰპირდნენ, რომ თუ სიტყვიერ პაექრობაში მაცხოვრის მოსავები გაიმარჯვებდნენ, იუდეველებიც მოინათლებოდნენ. ორმოცი დღის შემდეგ დაიწყო დისპუტი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მეუფე გრიგოლმა ძველი აღთქმის ტექსტებზე დაყრდნობით ებრაელთა უხუცესის, რაბინ ერბანის ყველა არგუმენტი უარყო. რაბინმა ჩვენებით იხილა, თუ როგორ სცა თაყვანი მოსე წინასწარმეტყველმა უფალ იესო ქრისტეს. ღვთის მადლით, კამათში ქრისტიანები იმარჯვებდნენ, მაგრამ ერბანს არასგზით არ სურდა, თავი დამარცხებულად ეცნო და, სასოწარკვეთილმა, უკანასკნელ ღონეს მიმართა - თავხედურად გამოსცრა: „თუ გსურს, რომ გულით ვირწმუნო ქრისტე და ვაღიარო, რომ შენი ღმერთი - ჭეშმარიტი ღმერთია, - დამანახე იგი, ეპისკოპოსო!“ მღვდელმთავარმა მიუგო: „ძალიან ბევრს ითხოვ - ადამიანს კი არა, თავად ღმერთს ეკამათები. მაგრამ, კაცთა შორის სარწმუნოების განსამტკიცებლად უფალს შეუძლია სასწაული მოახდინოს!“ მართლმორწმუნეები შიშითა და კადნიერებით ელოდნენ, თუ რა მოხდებოდა შემდგომ. მტკიცე სარწმუნოებითა და ურყევი სასოებით აღსავსე წმიდა გრიგოლმა ხმამაღლა დაიწყო ლოცვა: მოიგონა ძე ღმერთის განკაცება, მიწიერი ცხოვრების დროს მის მიერ აღსრულებული სასწაულები, აღდგომა, ამაღლება და ცხოველმყოფელი ჯვრის ძალას მოუხმო შემწედ.
როცა მეუფემ ლოცვა დაასრულა, უეცრად მიწა შეირყა, აღმოსავლეთით ზეცა გაიხსნა და უფალი იესო ქრისტე გამოჩნდა ნათლის ღრუბელში, თან ხმა გაისმა: „ეპისკოპოს გრიგოლის ლოცვებით განგკურნავთ მამათა თქვენთაგან ჯვარცმული!“
არაამქვეყნიურმა ნათელმა დამასკოსკენ მიმავალი სავლეს მსგავსად, თვალისჩინი წარსტაცა ებრაელებს. დაბრმავებულებმა წმიდა ეპისკოპოსს სთხოვეს შეწევნა, რის შემდეგაც წმიდა ნათლისღება მიიღეს და ყველანი განიკურნნენ. რაბინ ერბანს ნათლობისას ლეონი დაერქვა.
ამ დიდი სასწაულის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი კიდევ ოცდაათ წელზე მეტ ხანს განაგებდა თავის სამწყსოს. იგი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.