წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ქრისტიანული თემის ყოფითი მოთხოვნილებები უზრუნველყოფილი იყო, რადგან ვისაც სახლები, ან დაბები გააჩნდა, ყიდდა მათ, სასყიდელს „დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“, ეს უკანასკნელნი კი უნაწილებდნენ „კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა“ (საქმე IV, 33-35).
სხვადასხვა ტომის ადამიანებს შორის, თანდათან უთანხმოებანი წარმოიქმნა, ბერძენი ებრაელები ჩიოდნენ, რომ მათ ქვრივებს შესაწევარი მცირე რაოდენობით ეძლეოდათ. ამან მოციქულთა ყურამდეც მიაღწია. მათ არ ისურვეს ქადაგების დატევების ფასად ეტვირთათ ზრუნვა ქრისტიანული თემის სამეურნეო საქმეებზე, ამიტომ მოწაფეთაგან შვიდი კაცი გამოარჩიეს „საჴმარსა ამას ზედა“ დასადგენად და დიაკვნებად დაასხეს ხელი. წმიდა სტეფანე, „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“ - მთავარდიაკვნად აკურთხეს.
იერუსალიმში „სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა“ და მოწაფეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით. გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი - ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სინედრიონისა და მღვდელმთავრის წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“.
წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის - იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა. მოშორებით, ბორცვზე ღვთისმშობელი იდგა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და ღმერთს ავედრებდა მოწამეს, სტეფანე კი მხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“; „და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა“ (საქმე, 6-7).
წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა.
მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული ნეტარის ცხედარი ცნობილმა სჯულისმოძღვარმა გამალიელმა და მისმა ძემ, აბიბოსმა ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.
415 წელს საღვთო ჩვენების შემდეგ აღმოყვანებულ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.